"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით დაანონსებული სიურპრიზი შესაძლოა, ამ დღეს მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება აღმოჩნდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, 19 აპრილის აქციაზე მერაბიშვილი მხარდამჭერებს წარუდგება არა მხოლოდ როგორც "ნაცმოძრაობის" გენერალური მდივანი და აქციის ორგანიზატორი, არამედ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი და არაოფიციალურად საარჩევნო კამპანიასაც გახსნის.
მერაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების პერსპექტივაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი. თუმცა, რამდენად შეიძლება ეს 19 აპრილის აქციაზე მოხდეს, დარჩიაშვილის თქმით, მისთვის უცნობია.
"ჩვენი მხრიდან პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი რომ შეიძლება იყოს, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერაფერს გეტყვით. ამისთვის ჯერ კიდევ არის დრო და პროცესებიც დინამიკურად ვითარდება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით დარჩიაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მისი თანაგუნდელი ნუგზარ წიკლაური კი აცხადებს, რომ "ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში ამჟამად მიღებული არ არის".