იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომთან მიმართებაში "ყველაზე ნაკლებად გამოიძია" მიმართულება, სადაც მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლებოდა დამდგარიყო. ამის შესახებ წულუკიანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
"იკვეთება, რომ გამოსაძიებელია ხუთი-ექვსი მიმართულება. მათ აირჩიეს რამდენიმე და ამ მხრივ, საქმე წინ არის. არ ვიცით, ყველა რატომ თანაბრად არ გამოიძიეს, ალბათ, ვერ მოასწრეს ან არ ჰქონდათ პოლიტიკური ნება", - აცხადებს წულუკიანი.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის გამოუძიებელი ის მიმართულება, სადაც მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლებოდა დამდგარიყო, მინისტრი განმარტავს, რომ "ეს მიმართულება ყველაზე ნაკლებად არის გამოძიებული".
ამასთან, იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ თუ საქართველოში არ აღმოჩნდნენ საკმარისად პროფესიონალები ან არ გამოავლინეს პოლიტიკური ნება, ხელისუფლება იძულებული გახდეს, აგვისტოს ომის საქმე საერთაშორისო დონეზე განიხილონ.
"აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. საქართველო არის ომის მონაწილე მხარე და როდესაც მხარე გავხდით, ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები. ჰააგის სასამართლოში, პროკურორთან შესულია დიდი ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩივიან იმის თაობაზე, რომ ამ ომში სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს, სავარაუდოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან სხვა დანაშაული, რაც ომისდროინდელ დანაშაულად კვალიფიცირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ეს საქმე არ გავხადოთ საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თვითონვე მოვუაროთ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც გვაქვს. ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, აგვისტოს ომი გამოვიძიოთ თვითონვე, მაგრამ თუ ეს ვერ შევძელით, არ აღმოვჩნდით საკმარისად პროფესიონალები, ან პოლიტიკური ნება არ გვექნა საამისოდ, იძულებული ვიქნებით, დავემორჩილოთ ჰააგის პროცესს და ეს საქმე განიხილონ საერთაშორისო დონეზე", - აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი.
რაც შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას, წულუკიანის თქმით, თუ საქმის გარემოებები ამას მოითხოვს "ისიც" დაიკითხება.
"შესაძლოა, იმ დროისთვის, უკვე პრეზიდენტი აღარც იყოს. ასევე, დაიკითხება ბევრი მაღალჩინოსანიც, რომელი ქვეყნის და ეთნიკური წარმოშობისაც არ უნდა იყვნენ ისინი, რომელთა სახელი, სამწუხაროდ, უხერხულად შეიძლება ფიგურირებდეს აგვისტოს ომში", - განმარტავს თეა წულუკიანი.