შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი მოქალაქე დააკავა

შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი მოქალაქე დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში მყოფი სამი მოქალაქე: ანატოლი კრახმალი, მიროლიმ ფაიზიევი და ერიკ ფარაჯევი დააკავა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში მოსკოვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული ანატოლი კრახმალი დააკავეს. აღნიშნულ პიროვნებას ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 33-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს მკვლელობის ორგანიზებას.

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას დააკავეს ტაშკენტის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მიროლიმ ფაიზიევი. მას ბრალად ედება უზბეკეთის სსკ-ს 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც დიდი რაოდენობით გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თბილისი-თელ-ავივის მიმართულებით კვეთის დროს დააკავეს ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი ისრაელის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული ერიკ ფარაჯევი. აღნიშნულ პიროვნებას ბრალად ედება აზერბაიჯანის სსკ-ს 192.2.2 და 213.2.2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს.

სამივე დაკავებული მოთავსებულია საქართველოს დროებითი დაკავების იზოლატორებში და მათ მიმართ მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.