ბუბა კუდავა - იშხანში ქართველი სპეციალისტების ჩასვლამდე ყოველგვარი სამუშაოები უნდა შეჩერდეს

ბუბა კუდავა - იშხანში ქართველი სპეციალისტების ჩასვლამდე ყოველგვარი სამუშაოები უნდა შეჩერდეს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბუბა კუდავას განცხადებით, იშხანში ქართველი სპეციალისტების ჩასვლამდე ყოველგვარი სამუშაოები უნდა შეჩერდეს. იშხანში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ბუბა კუდავამ ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის წარმომადგენელთან, არქიტექტურის ისტორიკოს დავით ხოშტარიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

ბუბა კუდავამ დეტალურად ისაუბრა იშხანში ყოფნის პერიოდში, 8 აპრილის შემდეგ, ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ იქ მიმდინარე სამუშაოებს რესტავრაციას ვერ დაარქმევს.
მისივე თქმით, 10 აპრილის შემდეგ, იშხანში ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ და იქ მიმდინარე პროცესებს ერთობლივად აკვირდებოდნენ.

ბუბა კუდავამ აღნიშნა, რომ დასავლეთის მკლავის ინტერიერში ხარაჩოების დადგმის პროცესი მიმდინარეობს და ამ დრომდე იქ თურქი სპეციალისტებიც არ იმყოფებიან.

კუდავა მიიჩნევს, რომ ადგილზე, ქართველ სპეციალისტთა ჩასვლამდე, საქართველოდან მუდმივ მონიტორინგს გარკვეული ჯგუფი უნდა აწარმოებდეს. ხდებოდეს სამუშაოების ფოტო და ვიდეო ფიქსაცია. წინააღმდეგ შემთხვევევაში, სამეცნიერო თვალსაზრისით საინტერესო მასალა განადგურდება.

პრესკონფერენციაზე, დავით ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ისინი დაუკავშირდნენ სარესტავრაციო პროექტის შემქმნელ თურქულ კომპანიას "ანფორას", რომელმაც განაცხადა, რომ იშხანზე სამუშაოები მომავალი კვირის ორშაბათამდე შეჩერდება. საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი იშხანში 17 აპრილს ჩავა.
დავით ხოშტარიას თქმით, ძნელი წარმოსადგენია რას მოიმოქმედებენ სპეციალისტების მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი მუშები. ასევე, რა სტატუსი და უფლებები ექნება საქართველოდან ჩასულ სპეციალისტა ჯგუფს.