გორის რაიონის სოფელ შინდისში ხმაურია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შინდისიდან იუწყება, ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის კუთვნილი მიწის ფართობის არაბ ინვესტორებზე გასხვისებას აპროტესტებს.
შინდისელები აცხადებენ, რომ ვითარება საკმაოდ რთულია და "სისხლის დაღვრაც რომ დასჭირდეთ, არაბებს მიწის დამუშავების შესაძლებლობას არ მისცემენ". მათი თქმით, დაახლოებით ხუთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი არაბულ კომპანიას შინდისის მკვიდრმა ზაქრო მაზმიშვილმა მიჰყიდა. მაზმიშვილი წლების წინ, გორის სასოფლო-სამეურნეო სამმართველოს უფროსი იყო. თანასოფლელების ინფორმაციით, მან ათობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი არაკეთილსინდისიერად ჩაიგდო ხელში და ახლა აღნიშნულ მიწებს უცხოელებზე ჰყიდის.
ზაქრო მაზმიშვილი თანასოფლელების ბრალდებებს აპროტესტებს.
სოფლის ცენტრში შეკრებილმა შინდისელებმა სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების გვარებიც დაასახელეს. მათი თქმით, სოფლის ნაყოფიერი მიწების ძირითად ნაწილს "ნაციონალების" ფავორიტი მაღალჩინოსნები ფლობენ.
შინდისელების ინფორმაციით, უცხოელი ინვესტორები სოფელში არსებული კიდევ 150 ჰექტარი მიწის ფართობის შეძენას გეგმავენ, რაც შინდისელების განცხადებით, სწორედ ის მიწებია, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს უკანონოდ აქვთ ხელში ჩაგდებული.
შეკრებილ მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველი პირები შეხვდენენ. მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე შინდისელების მოთხოვნებს იზიარებს, თუმცა ადგილობრივებს დაპირისპირების სამართლებრივი გზით მოგვარებას ურჩევს. კობერიძე ვითარებას საკმაოდ რთულად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ პროტესტმა კიდევ უფრო რთული სახე მიიღოს.
ერთი კვირის წინ, ანალოგიური ხმაური სოფელ დიცში მიწის ფართობის ინდოელებზე მიყიდვას მოჰყვა.