ევროპარლამენტარი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს

ევროპარლამენტარი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს

ევროპარლამენტის წევრი იაცეკ ვოლსკი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს. საქართველოს პრეზიდენტის ოფციალური ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით , ვოლსკიმ კრიტიკული განცხადებები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპის კოლეჯის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი ვებგვერდი იუწყება, კოლეჯის სტუდენტებთან მიმართვისას ვოლსკიმ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობასა და მიღწეულ წარმატებებზე, ასევე მწვავედ გააკრიტიკა მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, თუ ქვეყანაში მიღწეული წარმატებისა და გატარებული კურსის შენარჩუნება არ მოხდება, არ არის გამორიცხული, საქართველო ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გარეშე დარჩეს.

"წლების განმავლობაში საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და პროევროპული ქვეყანა, უკვე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გზაზეა და აქვს ამბიცია, გაწევრიანდეს ნატო-ში. საქართველო გამოირჩეოდა დემოკრატიული რეფორმებითა და ეკონომიკური ინდიკატორებით, იყო მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის. მოქმედი პოლიტიკური ვითარება პროცესის განგრძობადობის თვალსაზრისით წუხილს იწვევს", - აცხადებს ვოლსკი.

მისივე შეფასებით, ბრიუსელი დღევანდელ ვითარებას დიდი ყურადღებითა და კრიტიკით უყურებს.

"როგორც მოსალოდნელია, ასოცირების ხელშეკრულებას ვილნიუსის სამიტზე უნდა მოეწეროს ხელი, მაგრამ ეს შესაძლოა, არ მოხდეს, თუ უარყოფითი ტენდენციები გაგრძელდება. ევროკავშირი ვერ დადებს ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსთან, თუ მისი პარტნიორი მოქმედი მთავრობის ხელმძღვანელობით გააგრძელებს ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპების რღვევა", - განაცხადა იაცეკ ვოლსკიმ.

ევროპარლამენტარი იაცეკ ვოლსკი ევროპის კოლეჯის რექტორი და კოლეჯის დამფუძნებელთა საბჭოს პრეზიდენტია.