"ყველაზე გაუმჭვირვალე ბიუჯეტი, რაც კი ბოლო პერიოდში წარმოადგინა მთავრობამ,“ - ასეთნაირად შეაფასეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი და მასში ხელისუფლებისგან არჩევნებისთვის სამზადისი დაინახეს. „თავისუფალი დემოკრატების“ თქმით, სააკაშვილის მთავრობამ პრაქტიკულად მოიხსნა პასუხისმგებლობა საკუთარ მოქალაქეებზე. არატრანსპარანტული ბიუჯეტის პროექტი კი კიდევ უფრო გააღრმავებს სოციალურ კრიზისს ქვეყანაში. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შემოსულობების ნაწილში 2011 წლის ბიუჯეტთან შედარებით 602 მილიონი ლარით მცირდება.
ბიზნესისა და კომპანიების ზრდა რომ ლიმიტირებული იქნება, ირაკლი ალასანიას პარტიაში ესეც უკვე წინასწარ განჭვრიტეს. კერძოდ, საგადასახადო შემოსავლები ორჯერ ნაკლებად იზრდება, რაც კერძო სექტორში მოსახლეობის დასაქმებაზე უარყოფითად აისახება.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ონოფრიშვილის თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საზოგადოებისა და მოსახლეობის მხრიდან მონიტორინგი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ბიუჯეტს კიდევ მეტ გაუმჭვირვალობას სძენს ტრადიციული ე.წ. „სხვა ხარჯები“, რაც თითქმის ერთ მილიარდ ლარს აღწევს და რისთვის დაიხარჯება, კაცმა არ იცის.
დავით ონოფრიშვილი სრულ უპასუხისმგებლობად მიიჩნევს ხელისუფლების „დანაპირებს“ მომავალ წლებში საგარეო ვალების გაზრდის შესახებ. გარდა ამისა, მინიმალურად იზრდება ჯანდაცვის ხარჯები, სულ 30 მილიონით 2011 წლის ბიუჯეტის გეგმისგან განსხვავებით. ასევე, მინიმალურად, 10 მილიონით, იზრდება ჯანმრთელობის დაზღვევა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების სოციალური დახმარებები. ეს მაშინ, როცა საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვმა მილიონ რვაასი ათასს გადააჭარბა.
მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ Presage.tv დავით ონოფრიშვილს ესაუბრა.
- არსებული ხელისუფლება არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რის შედეგადაც მთლიანად ეკონომიკა ვერ იზრდება ისე, როგორც საჭიროა. შესაბამისად, გაიზარდა უმუშევრობა, სიღარიბე, საგარეო ვალები და რეალურად, მოსახლეობის კეთილდღეობა ნაკლებად არის გაზრდილი. ბიუჯეტის პრიორიტეტულობა დიდად არ ჩანს. განათლების სისტემა მომატებულია ვთქვათ, 30-40 მილიონი ლარით, ჯანდაცვა სულ 30 მილიონი ლარითაა მომატებული. ამ დროს კი, ბიუჯეტი მთლიანობაში რადენიმე ასეული მილიონითაა შარშანდელთან შედარებით მომატებული. მილიარდამდეა ხარჯი, რომელიც ე.წ. „სხვა ხარჯებში“ შეიძლება ჩავთვალოთ, საიდანაც უამრავი ხარჯი საერთოდ არ ვიცით, რაზე დაიხარჯება. უბრალოდ, ჩაწერილია ბიუჯეტში, რომ ეს იქნება გარკვეული ფონდი, ვთქვათ, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი -150 მილიონი, მაგრამ სად მიდის მერე ეს ფული გაუგებარია.
ერთ-ერთ კლასიფიკატორში ნაჩვენებია, რომ ტურიზმზე მიდის 106 მილიონი. თვითონ ტურიზმის დეპატამენტისთვის გათვალისწინებულია 4 მილიონი, ტურიზმის რაღაც პროექტებში კი, რაც არავინ იცის, მიდის 106 მილიონი. ვერცერთი პარლამენტარი ვერ გაიგებს, თუ რა იგულისხმება სხვადასხვა ხარჯებში. გამჭვირვალობაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ასეთი ხარჯებია. სამწუხაროდ, ეს ბიუჯეტი ყველაზე არატრანსპარანტულია. როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოება მასზე რეალურ გავლენას იქონიებს. ეს ბიუჯეტი რეალობასთან ადეკვატური არ არის. ეს არ გახლავთ იმ საქართველოს ბიუჯეტი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის ვირტუალური, მოგონილი ბიუჯეტი, რომელსაც მთავრობა, როგორც უნდა, ისე ანაწილებს.
მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის ნიკა გილაურის ათპუნქტიან გეგმას როგორ შეაფასებთ?
– ათპუნქტიანი გეგმა წინაეკონომიკური პროგრამის გაგრძელებაა. „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“, – ასე ერქვა „ნაციონალების პროგრამას“. მაგრამ რამე მოისმინეთ ამ პროგრამასთან დაკავშირებით? ან მთავრობის სხდომა ჩატარდა, რათა განეხილათ, ბოლო ოთხი წლის მანძილზე როგორ მიმდინარეობს ეს გეგმა? რაში მიაღწიეს წარმატებებს? როგირც წესი, მათი ახალი პროგრამა ცხადდება და შემდგომში, ამის შესახებ ანგარიშს არც თავის თავს აბარებენ, არც ხალხს. ასეთნაირადაა შექმნილი 50-დღიანი, 50-თვიანი ვირტუალური პროგრამები, რომლებიც დღემდე არავის უნახავს. ვინ არის პასუხისმგებელი ამ პროგრამებზე? ათპუნქტიანი გეგმა ეს არის მოდიფიცირებული პროგრამა წინა პროგრამების, სადაც უბრალოდ სურვილები იყო ჩამოწერილი.
ეს ყველაფერი თოვლის ბაბუის სახელზე ბავშვების მიერ ჩამოწერილი სურვილების ანალოგიურია. თანაც, 2015 წელზეა საუბარი. სინამდვილეში, ვერავინ გაიგო, რა თარიღია 2015 წელი? ყველამ ვიცით, რომ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებია, მერე საპრეზიდენტო არჩევნები გველის. ამიტომ 2015 წელზე საუბარს, სჯობს, ის გვითხრან, რას აპირებენ 2012-ისთვის, არჩევნებამდე, და პასუხი აგონ იმ პროგრამაზე, რასაც მოსახლეობას შეჰპირდნენ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში.
კონკრეტულად, ბიუჯეტის პროექტის არატრანსპარენტულობა რაში ჩანს?
– მაგალითად, განათლების გრაფაში წერია: ხარჯები 531 მილიონი, შრომის ანაზღაურება – 20 მილიონი, არაფინანსური აქტივების ზრდა – 48 მილიონი. ანუ, ამ 531 მილიონიდან ზოგადად მოცემულია 68 მილიონის მიმართულება. სად არის დანარჩენი 450 მილიონი? როგორ ნაწილდება? რაში მიდის? ხომ უნდა ჩანდეს? გასაგებია, რომ ეს არის მასწავლებლების ხელფასები, საოფისე ხარჯები, მაგრამ ეს გაწერილი უნდა იყოს. ეს ხომ სახელმწოფო ბიუჯეტია?!
ხელისუფლება ქამრების შემოჭერის პოლიტიკით ხშირად ამაყობს. ამის პარალელურად, თქვენ აცხადებთ, რომ იზრდება ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯები.
– რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 2010-დან 2011-ში ეს თანხა გაიზარდა ას მილიონამდე, ახლა კიდევ დამატებით 50 მილიონი ემატება. ეს თანხები სამინისტროებში, უწყებებში ბიუროკრატიულ აპარატისთვისაა განსაზღვრული, რომლებსაც ისედაც მაღალი ხელფასები აქვთ, ვიდრე დაქირავებულებს. რომელ ქამრების შემოჭერაზეა ლაპარაკი? სადაც უნდა შემოიჭირონ, სწორედ იქ იზრდება ხარჯები.
თქვენი შეფასებით, საბავშვო ბაღების დაფინანსება მცირდება.
– საბავშვო ბაღები არ გახლავთ ცენტრალური ბიუჯეტის საკითხი, ის ადგილობრივ ბიუჯეტს ეხება. მერიამ კი გააუქმა საბავშვო ბაღების დაფინანსება და ყველა ბაღი ფასიანი გახადა. მხოლოდ გარკვეულ მცირე კატეგორიას შეუძლია, ბაღში უფასოდ მიიყვანოს ბავშვები. ამხელა 7 მილიარდიან ბიუჯეტში და მერიის მილიარდიან ბიუჯეტში ნამდვილად არის ის 50-60 მილიონი, რათა ჩვენმა ბავშვებმა უფასოდ იარონ ბაღებში. თუ მაინცდამაინც გადასახადების დაწესება სურთ, მაშინ სიმბოლური მაინც იყოს, 5-10 ლარის ოდენობით. მაგრამ საქმე ისაა, რომ ხალხი მათთვის მთავარი არ არის, არამედ მთავარია ვირტუალური შედეგები, რა ფერი იქნება რომელიღაც სასტუმრო, სად რა აშენდება. უმეტეს შემთხვევაში, ისიც არასწორად კეთდება.
ყველაზე არატრანსპარანტულად რომელი უწყების ბიუჯეტი მიიჩნიეთ?
– ყველა ერთნაირად არატრანსპარანტულია. საქმეც მაგაშია, რომ განსხვავება არ არის.
თავდაცვისა და შსს-სთვის თანხები როგორ გადანაწილდა?
– თავდაცვა და შსს როგორც ადრე იყო ნახევრად დახურული და არატრანსპარანტული, ახლაც ასეთია.
სოფლის მეურნეობასთან მიმართებით რა ვითარებაა?
– ეს სფერო რომ არ აინტერესებთ, ამაში ბოლო შვიდი წლის ბიუჯეტი და მათი შედეგებიც დაგარწმუნებთ. სოფლის მეურნეობაში განახევრებულია სათესი ფართობები, მოსავალიც განახევრებულია და საქართველოს ბაზრები წალეკილია უცხოური პროდუქციით, რომელიც საქართველოშიც იზრდება. 80 %-ით დამოკიდებულნი ვართ იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ახლა, როცა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და, საერთოდ, ოპოზიციამ სერიოზული კრიტიკა დავიწყეთ, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ჩვენი პროგრამა, სტრატეგია შევქმენით და მუდმივ ქარ-ცეცხლში გავატარეთ ხელისუფლება და ახლა ცდილობენ, იქნებ, უცბად, რაიმე გამოსწორდეს. თანაც რეალურად ჩანს ეს მდგომარეობა, რომ გააპარტახეს სოფლის მეურნეობა. სწორედ ნაუცბათევად გადაწყვიტეს ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის განხორციელება. როგორც ჩანს, ყველაზე სწრაფად ეს სიმინდი იზრდება. ამათ კი ეს პროგრამაც ჩააგდეს და წესიერად ვერ ჩაატარეს დასავლეთ საქართველოში. ზოგადად, სოფლის მეურნეობას ერთ წელიწადში უკვე ვეღარ ააყვავებ. თავად როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმ დონეზე მაინც რომ მივიდნენ, კიდევ ორი-სამი წელი სჭირდება.
ამ ბიუჯეტით პენსიების ზრდა არ არის მოსალოდნელი?
– პენსიების ზრდა ჩანს.
როდისთვის აპირებენ?
– საერთოდ, სჯობს თვითონ თქვან. რატომ მალავენ, თუ აპირებენ პენსიის გაზრდას? ჩემი გათვლებით, წლის პირველ ნახევარში პენსიის ზრდა არ იქნება. ალბათ, ეს იქნება საარჩევნოდ, როგორც ყოველთვის. დღესდღეობით საქართველოში ყველა პენსიონერი გრძნობს, რომ პენსია მხოლოდ მაშინ გაეზრდებათ, როცა არჩევნები მოახლოვდება. ქვეყანაში არჩევნები რომ არ იყოს, ჩვენს პენსიონრებს, ალბათ, პენსიები არც ექნებოდათ. არჩევნებისთვის კი ალბათ 10, 20 ლარით გაეზრდებათ პენსია.
არჩევნებისთვის რომ ემზადებიან, ამ ბიუჯეტიდანაც აშკარაა. დაახლოებით რამდენს საჭიროებს მათ მიერ ჩატარებული არჩევნები?
– ეს დასათვლელია. მაგას გავარჩევთ კიდეც და მომავალში გეტყვით.