ნატომ თავის რიგებში საბჭოთა ბლოკის ბევრი ქვეყანა მიიღო, მაგრამ საქართველო, რუსეთთან 2008 წლის ომის გამო, დღემდე მხოლოდ პარტნიორად რჩება.
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ამ ქვეყნის მთავრობას, რომელიც დასავლეთისკენ იხრება, ალიანსში გაწევრიანება და რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლა უნდა.
მაგრამ რამდენად რეალურია საქართველოს შანსები ოდესმე ნატოში გაწევრიანებისა?
2008 წლის იმ ომის შემდეგ, რომელიც სეპარატისტული ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა, ნატო ფრთხილობს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან ამან შეიძლება ის მომავლაში რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრიოს.
დღესაც რუსეთის ჯარს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ამბობს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ სიტუაციას ის „პოლიტიკურ ჩიხს” უწოდებს.
„სიტუაციის გაუმჯობესებამდე, ვითარება შეიძლება გაუარესდეს, ცხადია. მაგრამ საბოლოოდ უკეთ ვიქნებით და იმედი გაქვს, რომ იმ მომენტამდე, როგორც ქვეყანა გადავრჩებით”, – უთხრა მან BBC-ის.
ომის შემდეგ რუსეთს და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა. სააკაშვილს და რუსეთის პრემიერ-მინისტრს კარგი ურთიერთობები არა აქვთ – ყველასთვისაა ცნობილი, როგორ განაცხადა პუტინმა, რომ სააკაშვილის ”ინტიმური ადგილებით” დაკიდებას ისურვებდა.
ის ფაქტი, რომ პუტინი რუსეთში ძალაუფლებას არ თმობს და მომავალ წელს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას აპირებს, საქართველოს კარგს არაფერს უქადის.
სადავო საზღვრები
ქართველი პოლიტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ახლო მომავალში საქართველოს გაწევრიანებას ნატოში ნაკლებად სავარაუდოდ სწორედ ის ხდის, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
„თუ საქართველო უარს არ იტყვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რაც არ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებას სადავო ტერიტორიების არსებობის პირობებში გეგმავს”.
„პრობლემაა ისიც, რომ ამ რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული. არა მგონია, რომ რუსეთი 10-15 წელიწადში აქედან წავა. ამ პრობლემების გადაწყვეტის პროცესიც კი არ დაწყებულა ჯერ”.
მაგრამ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საქართველოს საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტროლის ნება.
„მე ვფიქრობ, რომ უკიდურესად საშიში იქნება, თუ ნებისმიერ ქვეყანას, ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს განვითარების შეფერხების უფლება მიეცემა იმ აგრესიული პოლიტიკის მეშვეობით, რომელსაც რუსეთი მისდევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ნატოს გაფართოებაზე დე ფაქტო ვეტოს დადების უფლება“.
თუმცა მიმდინარე თვეს საქართველოსა და რუსეთს შორის ერთი შეთანხმება მაინც შედგა.
მოსკოვის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მსო-ს წევრი-ქვეყნის, საქართველოს შესაძლო ვეტო ემუქრებოდა. თბილისს უნდოდა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საერთაშორისო მეთვალყურეები შესულიყვნენ.
ამჟამად შვეიცარლების მიერ შეთავაზებული კომპრომისული შეთანხმება შედგა. ამ შეთანხმების თანახმად, მესამე მხარის დამკვირვებლებს მიეცათ ტერიტორიების საზღვრების მონიტორინგის უფლება, მაგრამ თავად ტერიტორიებზე ისინი რეალურად ვერ შევლენ.
შეთანხმებას მიესალმა აშშ, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსო-ში.
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეშფოთება
ამავე დროს დასავლეთი საქართველოს შიდა პოლიტიკურ არენასაც აკვირდება. უფლებადაცვითი ჯგუფები სააკაშვილის მმართველ პარტიას პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებაში სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ სასამართლო და მედია არ არიან საკმარისად დამოუკიდებელნი.
სააკაშვილი უარყოფს, რომ მისმა ადმინისტრაციამ ძალაუფლების მონოპოლიზება მოახდინა. ის იმაზე მიუთითებს, როგორ გარდაიქმნა ქვეყანა: წვრილმანი კორუფცია აღმოიფხვრა და დანაშაულის დონე შემცირდა.
„ეს გამაოგნებელი მიღწევებია ქვეყნისთვის, რომელიც რუკაზე დარჩენისათვისაც კი იბრძვის. სულ რაღაც 7-8 წლის წინ ეს იყო შეუმდგარი ქვეყანა, რომელსაც მთლიანად კრიმინალები მართავდნენ,” – ამბობს ის.
მაგრამ ნატოში გაწევრიანება მუდმივ დემოკრატიულ რეფორმებზეა დამოკიდებული და ამიტომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან.
2013 წელს კი საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროს: სააკაშვილი, მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
2003 წელს ის „ვარდების დრამატული” რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ მთავრობის ქარიზმატულ და ძლევამოსილ სახედ იქცა. დღეს ძნელია ქვეყნის წარმოდგენა მისი მმართველობის გარეშე.
Foreignpress.ge
744
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85