იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი თანახმაა, გადადგეს. მაგრამ ამას გააკეთებს მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ეკონომიკური რეფორმების გეგმას, რასაც ევროკავშირი მოითხოვს. ბერლუსკონიმ ასეთი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა სამშაბათს გამართული კენჭისყრის შედეგად.
იტალიის პარლამენტში, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეშივე გაიმართება კენჭისყრა ეკონომიკური რეფორმების შესახებ. რეფორმები ითვალისწინებს მომჭირნეობის მკაცრ ზომებს, რათა შემცირდეს იტალიის დავალიანება, რომელიც დიდ შეშფოთებას იწვევს ევროკავშირში.
პრემიერ-მინისტრმა ბერლუსკონიმ სამშაბათს, საღამოს სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მთავარ ამოცანად მიიჩნევს, პარლამენტმა მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ რეფორმებს.
„ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, პრიორიტეტი მიენიჭოს ამ ზომების დამტკიცებას, ამიტომ დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ ვეწვიე პრეზიდენტს და განვუმარტე ჩემი იდეა, რომ ოპოზიციას ვთხოვოთ, შესაძლებელი გახადოს ამ, მასტაბილიზებელი ზომების სწრაფად დამტკიცება; ფინანსურ საკითხზე ამ კანონის მიღების შემდეგ, რაც ითვალისწინებს შესწორებებს ყველა იმ მიმართულებით, რაც ევროკავშირმა გვთხოვა, მე გადავდგები, რათა სახელმწიფოს ხელმძღვანელს მივცე კონსულტაციების დაწყების შესაძლებლობა“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ბერლუსკონის მიერ ნახსენებ კონსულტაციებთან დაკავშირებით, იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან მომდევნო ნაბიჯებზე ასეთ კონსულტაციებს დაიწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს მომჭირნეობის ახალ ზომებს.
იტალიის პარლამენტში, როგორც ცნობილია, სამშაბათსაც გაიმართა კენჭისყრა და მის შედეგად ბერლუსკონიმ უმრავლესობა დაკარგა. ამით კიდევ უფრო გაიზარდა პრობლემების რიცხვი, რომელთა წინაშეც 75 წლის პრემიერ-მინისტრი დგას. მისი რეპუტაცია შელახულია, მთავრობის გაძღოლის უნარი კი ეჭვს იწვევს კორუფციაში ბრალდებების, სექს-სკანდალების, პოლიტიკური განხეთქილებების, ქვეყნის დიდი დავალიანების შედეგად...
აქამდე ბერლუსკონი, რომელიც თითქმის 20 წელია, დომინირებს იტალიის პოლიტიკაში, უარს ამბობდა გადადგომაზე. ვითარება შეიცვალა სამშაბათს, როგორც უკვე ითქვა, პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგად უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ. საღამოს ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები მიაჩნია ერთადერთ რეალისტურ გამოსავლად. ამ საკითხზე გადაწყვეტილება იტალიის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ევროკავშირს არ ეყოფა რესურსები საიმისოდ, რომ იტალიას ფინანსური დახმარებით დააძლევინოს კრიზისი, არადა, რომის დავალიანება უახლოვდება იმ მაჩვენებლებს, რომლებმაც საბერძნეთს, ირლანდიასა და პორტუგალიას აიძულა დახმარების თხოვნა. ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, მორიგ სარეკორდო მაჩვენებელს - შვიდ პროცენტს მიაღწია საპროცენტო განაკვეთმა სესხისთვის, რომელსაც იტალია საფინანსო ბაზრებზე ითხოვს. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ იტალია ვეღარ შეძლებს ვალების გასტუმრებას. ეს კი დაშლით ემუქრება საბერძნეთის საფინანსო კრიზისის გამო ისედაც რთული ამოცანების წინაშე მდგომ ევროზონას.
ბერლუსკონის განცხადებამდე, რომელიც გადადგომისათვის მის მზადყოფნას ეხებოდა, ევროკომისარმა ოლი რენმა განაცხადა, რომ კანში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ევროკავშირი რომში აგზავნის სამეთვალყურეო მისიას.
„მჯერა, რომ იტალიაში აღდგება პოლიტიკური სტაბილურობა. ნამდვილად არ იქნება ხელის შემშლელი ფართო კონსენსუსი საზოგადოებაში - ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც დგას ისეთი ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური გამოწვევების წინაშე, როგორც იტალია“, - განაცხადა ოლი რენმა - ევროკომისარმა ეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებში.
კონსენსუსი, რომელიც მან ახსენა, სავარაუდოდ, რთული მისაღწევი იქნება. ის კი ნათელია, რომ სილვიო ბერლუსკონი აპირებს, გადადგეს იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, რის შემდეგაც უკვე აღარ მიიღებს მონაწილეობას შესაძლო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში.