უსახლკაროები მერიას თავშესაფარს სთხოვენ, მერია კი ისეთი ტემპით აპირებს პრობლემის გადაჭრას, რომ ამისთვის ორსაუკუნენახევარი დასჭირდება. 2010 წლიდან მოყოლებული მხოლოდ 10 უსახლკარო ოჯახი დააბინავეს.
“უსახლკაროთა უფლებების დაცვის ასოციაცია “უსახლკაროები სახლ-კარისათვის” და “თავისუფალ ასოციაციათა კავშირი” თბილისის მერიისაგან თბილისელი უსახკაროთათვის კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის მიცემას ითხოვენ. მათ თბილისის მერიასთან აქცია-ბრიფინგიც გამართეს.
“თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” თავმჯდომარის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, თბილისში მუნიციპალურ აღრიცხვაზე 5000-მდე უსახლკაროა, რომლებიც მრავალი წელია მერიას მათთვის კანონით განსაზღვრული თავშესაფრის მიღების სთხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.
“შარშან დეკემბერში ვარკეთილში, უსახლკაროების დაბინავებისათვის შვეიცარიის სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით ჩაბარდა 10-ბინიანი სახლი, სადაც შესახლებულდა ცხრა თბილისელი უსახლკარო და ერთი დევნილი. შვეიცარიელების მხარდაჭერით აშენებული სახლის გარდა, ქალაქის მერიას არანაირი საბიუჯეტო სახსრები არ გამოუყვია ამ უაღრესად მძიმე პრობლემების ქვეშ მყოფი ადამიანების თავშესაფრით დასაკმაყოფილებლად. რაც ყველაზე მთავარია, ამას არც მომავალ საბიუჯეტო წელს აპირებს”, - განაცხადა შალამბერიძემ.
საქართველოს კანონის “სოციალური დახმარების შესახებ” მე-18 მუხლის შესაბამისად, “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციებში და უფლება-მოვალეობებში შედის უსახლკარო პირების უზრუნველყოფა თავშესაფრით.
როგორც ორგანიზაცია “უსახლკაროები სახლ-კარისათვის” თავმჯდომარე რომა კარაპეტიანმა განაცხადა, მერია საკუთარი კომპეტენციის შესრულებისა და უსახლკაროების პრობლემებზე ზრუნვის სანაცვლოდ, კონცერტებისა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიების გამართვით არის დაკავებული. კარაპეტიანი მოითხოვს, ქალაქის მერიამ კარდინალურად შეცვალოს დამოკიდებულება უსახლკარო ადამიანების მიმართ და დაიწყოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება, რაც უსახლკაროთა პრობლემის მოგვარებას გულისხმობს.
თბილისის მერია უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს თავშესაფრით მკაცრი შემოწმების შემდეგ დააკმაყოფილებს. როგორც თბილისის მერიის კულტურისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა, თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი უსახლკაროების თავშესაფრებით დაკმაყოფილებაა.
ქაცარავას თქმით, ბენეფიციარების შერჩევის დროს შეცდომები მაინც იყო დაშვებული და თავშესაფარში ისეთი ოჯახებიც მოხვდნენ, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი ჰქონდათ და ფინანსური სარგებლის მისაღებად აქირავებდნენ. “გარკვეული შეცდომები დავუშვით და ეს აღარ განმეორდება. მკაცრი კონტროლით შეირჩევა უსახლკარო ოჯახები და ამის შემდეგ მოხდება მათი დაკმაყოფილება. ჩვენ მალე დავიწყებთ ახალი თავშესაფრის მშენებლობას”, - განაცხადა მერიის წარმოამდგენელმა.
ქაცარავა მიიჩნევს, რომ მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის გამართვა უადგილოა უსახლკაროების მხრიდან, ვინაიდან საპროტესტო აქციებით თავშესაფრებითა და ბინებით დაკმაყოფილება არც ერთ ქვეყანაში არ ხდება და ეს ვერ მოხდება თბილისშიც.
“სოციალური ბინა რომ ძალიან ხელმისაწვდომი გახდეს, მოსახლოების დიდი ნაწილი მაშინვე გახდება უბინაო. ამიტომ თემა ძალიან რთულია”, - განაცხადა ქაცარავამ, რომელმაც ასეთი “ღრმააზროვანი გამონათქვამის” შემდეგ დასძინა, რომ ნოემბრის ბოლოს თბილისის მერია შვეიცარიელ დონორებთან მემორანდუმს აფორმებს, რომლის თანახმადაც ნოემბერში დიდ დიღომში ორი ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყება და გაზაფხულზე 28 უსახლკარო ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება.
ესე იგი თუკი პრობლემის აღმოსაფხვრელად მერიამ ასეთი ტემპი შეარჩია სულ, დაახლოებით, 260 წელი დასჭირდება. თუ 2 წელიწადში მარტოოდენ 38 უსახლკარო ოჯახი დაბინავდება (თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 10 ოჯახია შესახლებული, ხოლო 28 ოჯახს მომავალ გაზაფხულამდე ან დაკმაყოფილებენ და ან არა), 5000 უსახლკარო ოჯახისთვის თავშესაფრის გამოძებნას ორსაუკუნენახევარიც არ ეყოფა. ამაზე შეიძლება ითქვას, რომ დრო უგულავასთვის მუშაობს...
1133
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85