საქართველოს სახალხო დამცველი ფინანსთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ომბუდსმენი რეკომენდაციაა, ფინანსთა მინისტრმა შეისწავლოს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში, რომლებიც წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირთა (საწარმოთა) საკუთრებას, მიწისა და ქონების გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებული საკითხები, მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
"საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა სს "ჯანმრთელობის" დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, 2009 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მთავრობის "წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის შესახებ" N607 განკარგულების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სს "ჯანმრთელობის" საკუთრებაში არსებული შენობები (ბორჯომი, მესხეთის ქ. N133 სანატორიუმი "ბორჯომი"; ზუგდიდი, სოფ. ჭკადუაში "ბანაკი"; თერჯოლა, ილია ჭავჭავაძის ქ. N18 "საპოვნელა"; თერჯოლა, სოფ. ზედა სიმონეთი "სიმონეთი" და წყალტუბო, რუსთაველის ქ. N41 "საქართველო") 1993 წლიდან წარმოადგენენ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებს და სწორედ მოცემული გარემოების გამო, მესაკუთრე სს "ჯანმრთელობა" აღნიშნულ შენობა-ნაგებობებს ვერ იყენებს საკუთარი ბიზნეს-ინტერესების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, სს "ჯანმრთელობას" ყოველწლიურად ერიცხება მიწისა და ქონების გადასახადები და მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მის მიმართ ვრცელდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. გარდა ამისა, მოქალაქე ემზარ გაგნიძე მოცემულ განცხადებაში აფიქსირებს, რომ სს "ჯანმრთელობას" სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გაგრძელების მიზნით, მას უწევს დაკისრებული საგადასახადო დავალიანებების დაფარვა, საკუთარი ქონების რეალიზაციის ხარჯზე, რათა შეინარჩუნოს საწარმოს ფუნქციონირება და მასში დასაქმებული მოქალაქეთათვის სამუშაო ადგილები.
მოგეხსენებათ, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, დევნილთა უფლებების დაცვის მთავარ გარანტორს წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმატიული აქტით დეკლარირებული დევნილთა უფლების - იცხოვროს დროებით საცხოვრებელ ადგილზე - რეალიზება სწორედ რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სახელმწიფო ვალდებულებები არ გულისხმობს სხვა მოქალაქეთათვის/იურიდიულ პირთათვის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული - საკუთრების საყოველთაოდ აღიარებული უფლების შეზღუდვას.
"მნიშვნელოვანია, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული სახელმწიფოს ვალდებულების - ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეალიზაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში, რომლებიც წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირთა (საწარმოთა) საკუთრებას, მიწისა და ქონების გადასახადის დარიცხვასთან და აღნიშნული დარიცხვიდან გამომდინარე წარმოშობილ დავალიანებაზე უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან შემუშავებული უნდა იქნას მსგავსი ხასიათის პრობლემის არა ერთჯერადი მოგვარების გზა, არამედ ერთიანი, სისტემური მიდგომა, რათა არ შეილახოს მეწარმეთა საკუთრების უფლება, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს სს "ჯანმრთელობის" კანონიერი ინტერესების ხელყოფას", - ნათქვამია განცხადებაში.