2008 წლის აგვისტოს ავანტიურა რომ არა, რუსეთი საქართველოსთან მეგობრობის კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი RTVI-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, რუსეთს ყოველთვის სურდა მეზობელ ქართველებთან მეგობრობა, თანამშრომლობა და პრობლემების გადაჭრაში დახმარება, თუმცა ურთიერთობას მუდმივად ძაბავდა მიხეილ სააკაშვილი.
"ვფიქრობ, მან შეიტანა დამანგრეველი წვლილი ბევრი ქართველი ახალგაზრდის სულსა და გონებაში. იგი მუდმივად ატარებდა ყოველდღიური ცხოვრებიდან რუსული ენის, რუსული კულტურისა და ისტორიულ კავშირებთან დაკავშირებული მეხსიერების წაშლის კურსს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა. ამისთვის ერთი მაგალითიც კმარა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კონფლიქტების ისტორიას დაწვრილებით არ მოვყვები, მაგრამ ის, რომ ოსებმა პირველი საელჩო სანკტ-პეტერბურგში გახსნეს, ხოლო აფხაზები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატამდე შევიდნენ, ფაქტია. ყველამ ვიცით, როგორ დაიპყრეს ისინი საბჭოთა პერიოდში, როდესაც აფხაზეთი და საქართველო გახდნენ თანასწორუფლებიანი მოკავშირე რესპუბლიკები, ხოლო შემდეგ სტალინმა აფხაზეთი საქართველოს გადასცა. თავად გეორგიევსკის ტრაქტატი კი გახდა ქართველების მიმართვის შედეგი, რომლებიც რუსეთის მფარველობას ითხოვდნენ. მიხეილ სააკაშვილმა თავის ერთ-ერთ ემოციურ გამოსვლაში ამ მოვლენას ჩვენი ურთირეთობის ისტორიაში რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაცია უწოდა", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ამგვარი ფაქტების ჩაბეჭდვა ახალგაზრდების გონებაში, რომელსაც კარგი ურთიერთობების პერიოდი არ ახსოვს, საკუთარი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.
"ამიტომ ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილი "მოჭრილი ნაჭერია". როგორც კი გაიგებს, რომ ივანიშვილი ან მისი მინისტრები რუსეთთან გარკვეულ პოზიტიურ ურთიერთობაზე საუბრობენ, მაშინვე აკეთებს კომენტარებს სხვა მიმართულებით. არამგონია, რომ მსოფლიოში მას კიდევ ვინმე უსმენს. რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, ისინი ხელისუფლებაში ჩვენ არ მოგვიყვანია. არც კი გვიცდია იმის კომენტირება, რა ხდებოდა საქართველოშ შიდა პოლიტიკურ სცენაზე. არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა და ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ. დარწმუნებული ვართ, რომ მთავრობას ჩვენს ურთიერთობებში არსებული საკითხები პრაგმატულად გადაჭრა სურს – სოფლის მეურნეობის პროდუქციითა და სასმელით ვაჭრობის განახლება", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე ინფორმაციით, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არასოდეს შემწყდარა. როგორც ლავროვვი აღნიშნავს, მთავარია, რომ ქვეყნებს ერთმანეთისკენ ძველებურად ძლიერი მისწრაფება აქვთ.
"მე ძალიან ბევრ ქართველთან ვმეგობრობ, მათი ჩათვლით, ვინც მოსკოვში ცხოვრობს. რასაკვირველია, ისინი მოვლენებს განსხვავებულად აღიქვამენ. არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომეოლიც იტყვის – მოდით, დავივიწყოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თუმცა, ისიც უნდა გავიგოთ, რომ არც რუსეთში გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის – ჩვენ ამაში შევცდით. როგორ შევცდით, როდესაც ყველაფერი ვითარების დაძაბვით დაიწყო. 2008 წლის 7 აგვისტოს იყო კონტაქტი მიხეილ სააკაშვილთან და მან გასცა განკარგულება, არ დაეწყოთ თავდასხმითი მოქმედებები. ჯერ კიდევ იქამდე ცხინვალში იდგა შერეული ბატალიონი. ბატალიონში მსახურობდნენ რუსები, ქართველები, ოსები. რამდენიმე საათის შემდეგ, რაც სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები არ იქნება, ქართველი სამშვიდობოები ამ ბატალიონიდან წავიდნენ და რამდენიმე საათში ქართული არმიის დანაყოფებთან ერთად ცეცხლი გაუხსნეს თავიანთ მეგობრებს. ეს იყო მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა და მიხეილ სააკაშვილის მოსვლამდე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი მიზანი იყო სისხლისღვრის შეჩერება... დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზეც კი არავინ ფიქრობდა. მე ყველა იმ განხილვის მოწმე ვარ, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობდა. შემდეგ კი თბილისიდან გაისმა რევანშისტული სიგნალები. სააკაშვილმა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე უარი თქვა. მისმა რევანშისტულმა განცხადებებმა კი მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ უსაფრთხოებისა და ხალხის გადარჩენის უზრუნველსაყოფად, დამოუკიდებლობის აღიარების გარდა, სხვა გზა არ არსებობდა. როდესაც ამერიკელები და ევროპელები გვთავაზობენ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას 2008 წლის აგვისტომდე არსებული საზღვრების პატივისცემის შესახებ, ჩვენ ვპასუხობთ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ეს არის რუსეთის პრეზიდენტისა და ხელისუფლების გადაწყვეტილება", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.