ირმა ინაშვილი: პრემიერის მიმართ ჯანსაღი კრიტიკა იქნება, მაგრამ ქვეყნის გულშემატკივართა პოზიციიდან და არა ჩასაფრებულის მხრიდან

ირმა ინაშვილი: პრემიერის მიმართ ჯანსაღი კრიტიკა იქნება, მაგრამ ქვეყნის გულშემატკივართა პოზიციიდან და არა ჩასაფრებულის მხრიდან

მედიაკავშირ "ობიექტივის" დამფუძნებელი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სრულიად ახალი პროცესი იწყება და პოლიტიკური კონკურენცია ჯანსაღი ხდება.
როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მისმა თანამებრძოლებმა და მეგობრებმა შექმნეს, რომელთან ერთადაც 9 წელი გაატარა.

მისი თქმით, ეს 9 წელი მათ პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახარჯეს, შემდეგ კი, მისმა თანამებრძოლებმა პოლიტიკური კომპონენტი შექმნეს.

"ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქვია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". დღეს სწორედ ამ პოლიტიკურ ძალაზე საუბრობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე მიხარია, რომ მან გაიხსენა ჩვენი შეხვედრა, როდესაც ჩვენ მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირებაზე ვისაუბრეთ. ამ ინტერვიუში საჯაროდ დაასახელა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და მისი ლიდერი დავით თარხან-მოურავი", - განაცხადა ინაშვილმა და დასძინა, რომ ივანიშვილმა დააფიქსირა მისი სულისკვეთება და პოზიცია, რომ ასეთი ძალა შეიქმნას და გაძლიერდეს.

მისი თქმით, საინტერესო ისაა, რომ ქვეყანაში იწყება სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური კონკურენცია ხდება ძალიან ღია და ჯანსაღი.

ინაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკური სივრციდან გამოდის და მხოლოდ ამ ერთი ძალის პოლიტიკური ლიდერი აღარ არის.

"ის ხდება ქართული პოლიტიკური სივრცის ლიდერი მთლიანად, რაც თავისთვად ხსნის ამ პოლიტიკურ პროცესს და არის მისასალმებელი. ქვეყანაში იწყება სააკაშვილის რეჟიმის ხელიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა გამოგლეჯის პროცესი, მერების, გამგებლების, საკრებულოს წევრების დონეზე. სწორედ ეს იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა გააქტიურებაში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერს აქვს ინფორმაცია, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" შექმნა უმრავლესობა ქუთაისის საკრებულოში. უახლოეს დღეებში კი, ქუთაისის საკრებულო დააყენებს მერის იმპიჩმენტის საკითხს.

ირმა ინაშვილის განმარტებით, პრემიერის მიმართ ჯანსაღი კრიტიკა, ოპონირება იქნება, მაგრამ ქვეყნის გულშემატკივართა პოზიციიდან და არა ჩასაფრებულის მხრიდან.

"მე ვრჩები ჟურნალისტიკაში. ჩემს ძალებზე არ მაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა და ძალიან ადექვატურად ვაფასებ ჩემს რესურსებს. ის, რომ ბატონმა ბიძინამ დღეს მე მომიხსენია ამ მესამე პოლიტიკური ცენტრის პროფილში ბუნებრივია, იმიტომ, რომ მე "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებთან ერთად გავატარე ეს 9 წელი და ჩვენს გუნდს ძალიან კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ახალია ის, რომ იხსნება პოლიტიკური პროცესი სხვა პარტიებისთვის და ისინი ქართულ პოლიტიკაში სრულიად დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს აწარმოებენ.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას ირმა ინაშვილსა და პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს გააქტიურებისკენ მოუწოდა.