უმუშევრობა და ვალები სავალუტო ფონდმაც “აღმოაჩინა”

უმუშევრობა და ვალები სავალუტო ფონდმაც “აღმოაჩინა”



იმას, რასაც ექსპერტები და ჟურნალსიტები 2 წელია დღენიადაგ გაიძახიან, ახლა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაადასტურა. სსფ-ს წარმომადგენლის ედუარდ გარდენერის ინფორმაციით, საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაზრდილი საგარეო ვალია, რომელის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში უკვე 40%-ს უტოლდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რეგიონში არსებული ოქტომბრის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა. გარდნერის განცხადებით, საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 40 პროცენტს აღწევს. მისივე თქმით, საქართველოს მდგომარეობას ამსუბუქებს ის ფაქტი, რომ ქვეყანას, ძირითადად, ვალები აღებული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. იგი მიიჩნევს, ვალის მაჩვენებელი დღეისთვის არ არის კრიზისული, თუმცა აუცილებელია ყურადღების გამახვილება.

სავალუტო ფონდის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ბიზნესგარემოს თვალსაზრისით საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უკეთესი პოზიცია უკავია. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გარდნერი ქვეყანაში არსებულ უმუშევრობას ასახელებს. “ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ეს ვერ აისახება უმუშევრობის დონეზე”, - აღნიშნა გარდნერმა. მისი აზრით, საქართველოს საზოგადოების განათლების დონე მაღალია, თუმცა მათ არა აქვთ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში ინფლაციის საკითხი ამ ეტაპზე ნაკლებად აქტუალურია. შედარებით მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ზაფხულში და სამომხმარებლო კალათაზე ძირითადი გავლენა მოახდინა სურსათზე მაღალმა ფასებმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში 2012 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 5 პროცენტზე დაფიქსირდება.

2011 წელს ვალების მოცულობამ (საშინაო და საგარეო) მშპ-სთან მიმართებაში პიკურ მაჩვენებელს 46,9%-ს მიაღწია. მშპ-სთან მიმართებაში საგარეო ვალი უკვე 38,5%-ია. თუ ამ მაჩვენებელს 2007 წლის მაჩვენებელთან შევადარებთ, კატასტროფული ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, 2007 წელს საგარეო ვალის მოცულობა 16,8% იყო. საშინაო ვალი კი მშპ-სთან 1,3%-ის დონეზე ფიქსირდებოდა.
ევროპა და მასთან მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნები შიშით ადევნებენ თვალყურს ევროზონაში მიმდინარე კრიზისს. გამონაკლისი არც საქართველოა. გარდნერს მიაჩნია, რომ გლობალურ ეკონომიკას საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა სამი არხის მეშვეობით შეუძლია: სავაჭრო არხებით; უცხოური ინვესტიციებით (თუ სხვა ბაზრები ჩათვლიან, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება სარისკოა) და ფულადი გადარიცხვებით. გარდნერის განცხადებით, საქართველოში ძირითადად ფულის გადმორიცხვა ხდება რუსეთიდან და საბერძნეთიდან. რუსეთში ვითარება ამ მხრივ შედარებით სტაბილურია, თუმცა საბერძნეთში არსებულ ნეგატიურ და დაძაბულ მდგომარეობას საქართველოში არსებულ ვითარებაზეც შეუძლია გავლენა იქონიოს.
  
ფონდის პროგონოზით, წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%-ზე დაფიქსირდება. ეკონომიკური ზრდა გაისადაც გაგრძელდება, თუმცა ეს მაჩვენებელი ერთი პროცენტით ნაკლები იქნება და 5%-ით განისაზღვრება. რაც შეეხება ინფლაციას, იგი წლეულ 5%-იან ზღვარს არ გადააჭარბებს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობისთვას აძლევს, სსფ-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა გაუმჯობესდეს კონკურენტუნარიანობა, შენარჩუნდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა და განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები.