კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მერაბ ბოჭოიძის განცხადებით, ქართველი სპეციალისტები ტაო-კლარჯეთში ჩასასვლელად ნებისმიერ დროს მზად არიან, თუმცა მათი ადგილზე ჩასვლა კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს.
ამის შესახებ ბოჭოიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც იშხნის მონასტერში მიმდინარე გაწმედითი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ ყოველ საათობრივ რეჟიმში ვმუშაობთ და ველოდებით ინფორმაციას თურქული მხარისგან. ამ პროცესში ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროცააა ჩართული. ჩვენი სპეციალისტები გუშინაც მზად იყვნენ და დღესაც მზად არიან, ადგილზე ჩავიდნენ, მაგრამ ჯერჯერობით, დეტალებს უნდა მოწესრიგება. იქ უნდა ჩამოვიდნენ ჩვენი კოლეგა ორგანიზაციები ანუ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მხოლოდ ჩასვლა არაფერს შეცვლის. ეს შედეგიანი უნდა იყოს", - განაცხადა ბოჭოიძემ.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სამუშაოების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით თხოვნა გაგზავნილია, თუმცა ბოჭოიძე აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო და ზემდგომი ორგანოები არ ჩაერთო ამ პროცესში, სამუშაოების შეჩერება რთული იქნება.
ამ ყველფრის მიზეზად სააგენტოს ხელმძღვანელი იმას მიიჩნევს, რომ თურქულ მხარესთან დღემდე არ არის გაფორმებული ოფიციალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაციის საქმეში ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
ამასთან, ბოჭოიძე აცხადებს, რომ ეს რთული თემაა და ქართულმა მხარემ გაწონასწორებული პოზიცია უნდა დაიკავოს, რათა ეს თემა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.