საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო სიმბოლოებისადმი "სიცივეს" ამჩნევს.
"მე ვხედავ პრემიერის დამოკიდებულებაში სახელმწიფოს ძირითადი სიმბოლოებისადმი გარკვეულ სიცივეს. მისთვის სახელმწიფოებრივი სიმბოლოები ნაკლებად ღირებულია, ვიდრე სახელმწიფო მოღვაწისთვის უნდა იყოს. ეს საკმაოდ გულდასაწყვეტია, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, ხალხი და სახელმწიფო კი რჩება. ასე რომ, ყველაფერს ეშველება თავის დროზე", - განუცხადა დარჩიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" ბიძინა ივანიშვილის მიერ აღლუმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
პარლამენტის წევრის განმარტებით, აღლუმი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მანიშნებელია.
"აღლუმი, ისევე როგორც დროშის ფრიალი, როგორც პრეზიდენტის სასახლე, საერო სახელმწიფოებრიობის მანიშნებელი და ხაზგამსმელია. ჩვენს ქვეყანას ეს ატრიბუტები ძალიან სჭირდება, რადგან ძალიან მწირი გამოცდილება გვაქვს საკუთარი სახელმწიფოებრიობის. ქვეყანა, სამშობლო ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა რამეცაა არსებითი. საკუთარი კონსტიტუციით თუ ხარობ, საკუთარი აღლუმითაც უნდა ხარობდე", - აღნიშნა დეპუტატმა.
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ 26 მაისს აღლუმის ჩატარებისგან შესაძლოა თავი შეიკავოს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველო არაა ის ქვეყანა, რომელმაც ძალა უნდა აჩვენოს.