საქართველოში აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში თომას მელია, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი და USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე პეიჯ ალექსანდერი თბილისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობენ. 

ვიზიტის განმავლობაში აშშ-ის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასახული ამოცანები გადაჭრას", - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

აშშ-ის დელეგაციის წევრები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, რომელიც 18 აპრილის ჩათვლით გრძელდება, თომას მელია, ერიკ რუბინი და პეიჯ ალექსანდერი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრებიან, სადაც მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თომას მელია სომხეთში ჩასვლასაც გეგმავს, სადაც გაიმართება შეხვედრები მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.