უცხოელი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე გარემოს დაცვის სამინისტრომ და მთავრობამ ვერ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება "ხუდონჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გარემოს საქართველოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ განაცხადა. იგი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჰუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ უცხოელმა ექსპერტებმა საკითხი პროფესიულად შეაფასეს და მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ არსებობს გეოლოგიური რისკები, რაც ინვესტორის ანგარიშში აღწერილი არ იყო.
ჩხობაძის განცხადებით, ასევე პრობლემატურია მდინარე ენგურის საკითხიც, რადგან გროვდება ზედმეტი ნალექი, რომელიც მდინარეში ჩადის და საფრთხეს უქმნის ენგურს.
"გარემოს ზემოქმედების შეფასება არ იძლევა საშუალებას, რომ მასზე დადებითი დასკვნა გაიცეს. ინვესტორს სჭირდება სერიოზული მუშაობა და ახალი კვლევების ჩატარება. ჯერ უნდა შემუშავდეს ენერგეტიკული პოლიტიკა და სახელმწიფომ უნდა განსაზაღვროს რა და როგორ უნდა, პარალელურად, ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა იმუშაოს. უცხოელი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე გარემოს დაცვის სამინისტრომ და მთავრობამ ვერ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით", - განმარტა ნინო ჩხობაძემ.