განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური დღეს რუსთავის #21 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა მათ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული სიახლე გააცნო და მშობლებისა და პედაგოგების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
სოციალური პროგრამის ფარგლებში წელს უფასო სახელმძღვანელოები რუსთავის #21 საჯარო სკოლის მხოლოდ 137 მოსწავლეს დაურიგდა, არსებული ინფორმაციით, კი აღნიშნულ სკოლაში 500–ზე მეტი მოსწავლეა ხელმოკლე ოჯახიდან.
შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა შეიტყვეს, რომ 17 მოსწავლეს დღემდე სკოლა ეხმარება და ყოველდღიურად თითვეულ მათგანს ყველა საგნის სახელმძღვანელოსა და სასკოლო მასალის ქსეროასლებს უმზადებს.
"მე შეძრწუნებული ვიყავი და არ ვიცოდი, რომ რუსთავის სკოლებში სასკოლო სახელმძღვანელობის ქსეროასლებით სწავლობენ. რუსთავში 13 ათასი მოსწავლეა და 3 ათასს აქვს ასეთი ქსეროასლები. ამ ქსეროასლებისათვის მშობელს ცალკე ქაღალდის შოვნა ჭირდება. ამ სკოლის შემთხვევაში, მათ უფასოდ უკეთებენ ქსეროასლებს. აი ეს არის რეალობა საქართველოში, რომლის შესახებაც მე ვსაუბრობდი, რომ საარსებო მინიმუმსა და საშუალო შემოსავალს შორის განსხვავება არის სულ 8 ლარი და ბუნებრივია, წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ წიგნები დაურიგოთ უფასოდ მოსწავლეებს? ელემენტარულად, აქ არის უბრალოდ არჩევანი,"– განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, რუსთავის პედაგოგებმა და მშობლებმა მხარდაჭერა გამოუცხადებს ინიციატივას სასკოლო სახელმძრვანელოების უფასოდ დარიგებასთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, მხოლოდ 10 მილიონი ლარია საჭირო იმისათვის, რომ სასკოლო წიგნები დაიბეჭდოს და უფასოდ დაურიგდეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს. წიგნებს სკოლას გადასცემენ, მოსწავლე ისარგებლებს და ისევ სკოლას დაუბრუნებს. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სახელმძღვანელოს გააფუჭებს, ზარალის ანაზღაურება მშობელს დაეკისრება.