ჩვენ როგორც არ უნდა ვმალოთ, კარგად ვიცით, რომ ეკლესიაში არსებობს პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ ვეფერებოდეთ ჩვენს ეკლესიას, კარგად ვიცით, რომ იქაც არსებობს პრობლემები და ზოგიერთ შემთვევაში, საზოგადოების წარმომადგენელი ამაზე აკეთებს რეაქციას. ეს ნორმალურია და ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მისი დამოკიდებულება ეკლესიასთან მიმართებაში არის ის, რომ ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი.
"ჩემი დამოკიდებულება ეკლესიასთან დაკავშირებით არის ისეთი, როგორიც სახელმწიფოსი, რომ ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი. მე არ ვმალავ, რომ ქრისტიანობას აქვს ძალიან დიდი როლი, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ. სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთი, რომ ეკლესია უნდა იყოს გამიჯნული და დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან. ის აუცილებელი თანხა, რაც საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დასახმარებლად, უნდა იყოს გადარიცხული ერთხელ და არავითარ შემთხვევაში სახელმწიფომ არ უნდა ეცადოს რაიმე სახით მოახდინოს კონტროლი ეკლესიაზე", - აღნიშნა პრემიერმა.