მე არ ვთვლი თავს პოლიტიკოსად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის არც მომავალში აპირებს დიდ პოლიტიკურ ბრძოლას და ომს.
"გასული 20 წლის განმავლობაში პარტიებს განვითარება არ ეწერა. იდეოლოგია ჰქონდათ, იგივე "რესპუბლიკელებს", "ფორუმს", მაგრამ საკმაოდ სუსტები იყვნენ, ამაში ლომის წილი მოქმედ პრეზიდენტს მიუძღვის. შეიძლება საპირისპიროს ვცდილობ მე და გეთანხმებით, რომ ჩემი მხრიდან ის, რომ მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს და ახალ პარტიებს განვითარდნენ, კითხვებს და უხერხულობას იწვევს, როგორ შეიძლება ეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე არ ვთვლი თავს პოლიტიკოსად და არც მომავალში ვაპირებ დიდ პოლიტიკურ ბრძოლას და ომს. მე თავს ვთვლი ქვეყნის შვილად, მინდა რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე საზოგადოებაში და საზგადოებასთან ერთად დავეხმარო ჩვენს ქვეყანას განვითარებაში. მე არ ვთვლი, რომ მოვედი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი და პოლიტიკური პარტიის შემქმნელი, არც მომავალში მაქვს მსგავსი პრეტენზია. რაღაც ეტაპი, რაც აუცილებელი იქნება, მე კიდევ მოვემსახურები ჩემს ქვეყანას, შემდეგ უფრო საინტერესო ადგილზე ვნახავ ჩემს როლს და იქედან ვიმუშავენ. ესაა ჩემი პასუხი ჩემს მიმართ არსებულ კითხვებზე", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერმა დასძინა ისიც, რომ კოალიციის შიგნით არანაირი ანტაგონიზმი არ არსებობს.
"არანაირი ანტაგონიზმი არ არსებობს, უბრალოდ დახვეწილი არ იყო თითოეული პარტიის იდეოლოგია ქმედებაში, ფურცელზე ყველას ეწერა. შესაძლებელია, ამიტომაც გახდა მარტივი ყველა პარტიის ერთად შედუღაბება", - აღნიშნა პრემიერმა.