მიხეილ სააკაშვილი: „მე ვენდე პუტინს და არ შევმცდარვარ... პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს.“

მიხეილ სააკაშვილი: „მე ვენდე პუტინს და არ შევმცდარვარ... პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს.“

ამბობენ, რომ ქართულ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს... ამისათვის არსებობს წამალი - შეხსენება. გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, რომელიც მან რუსულ გაზეთს 2004 წლის აპრილში მისცა და, რომელშიც აღფრთოვანებით საუბრობს „კორუფციასთან მებრძოლ პუტინზე“, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სასიცოცხლო აუცილებლობაზე, „საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დადებით როლზე“... დანანებით ამბობს, რომ „ქართველების მთელმა თაობამ დაკარგა რუსული ენა“... „ჩემმა ბავშვობამ ვისოცკის ნიშნის ქვეშ ჩაიარა“ - ამბობს სააკაშვილი, რომელიც, ახლახანს აცხადებდა, რომ სტუდენტობის წლებში ღრმა იატაკქვეშეთში უსმენდა კრის დე ბურგს... თუმცა, ჯობს წაიკითხოთ და თავად დატკბეთ. „მან ყველაფერი შეასრულა, რასაც დამპირდა. ვენდე და არ შევმცდარვარ“ – 2004 წელს თქვა პუტინის შესახებ სააკაშვილმა და ეს სიტყვები შეუძლია დღესაც გაიმეოროს.

მიხეილ სააკაშვილი: „შევარდნაძე ყოველთვის ატყუებდა პუტინს

[12 აპრილი, 2004 წელი. „იზვესტია“]

სააკაშვილს სჯერა საკუთარი სიტყვების. სჯერა, რომ სამშობლოს განახლება სწორედ მისი ვალია და ამიტომ, საკუთარი ქურდების წყალობით გაღარიბებულ და გამათხოვრებულ საქართველოს გულწრფელად და გულისამაჩუყებლად წამს მისი. სააკაშვილი გრძნობს ამას და ჩქარობს... „მე მივხვდი, რომ შევარდნაძე ყოველთვის ატყუებდა პუტინს და ამიტომ არის პუტინი ასეთი ეჭვიანი! ხომ გესმით? - ამბობს იგი - პუტინს არ შეეძლო შევარდნაძესთან საერთო ენის გამონახვა, რადგან შევარდნაძე არავისთან მიმართებაში არასოდეს არაფერს არ ასრულებდა! მე რომანტიკოსი ვარ, მაგრამ, მერწმუნეთ, რაღაც მინახავს და ვიცი - მას პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს, სწორედ ასეა. მე ვენდე მას და არ შევმცდარვარ. მან ყველაფერი შეასრულა, რასაც დამპირდა... პუტინს კარგად ესმის, რომ საქართველოსთან მიმართებაში საქმის ძველებურად წარმართვა აღარ შეიძლება, ანუ საკითხის ასე დასმა - აირჩიეთ ან რუსეთი და ანაც დასავლეთი - საერთოდ არ შეიძლება“.

რუსთაველის პროსპექტზე საუკუნოვან ჭადრებს ტოტები ძალიან აქვთ გაკაფული. ეული ფოტოგრაფი თან ამთქნარებს და თან გვიხსნის: ეს ახალი საქართველოს სიმბოლოა. შევარდნაძის ეპოქის საქართველო ნაყოფს ვეღარ გამოისხამს - კორუფცია უნდა ამოვკვეთოთ“. თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ამის შესახებ „იზვესტიას“ კორესპონდენტს, ოლეგ ოსეტინსკის საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოუყვა.

სუფთა ხელებიქართულად

რევოლუცია - იტალიური ოპერაციის „სუფთა ხელების“ ქართული ფორმატია. უკვე სამი თვეა, პირდაღებული ქართველები ტელევიზიით დღედაღამ უცქერიან დოკუმენტურ ქართულ თრილერს: დაპატიმრებები, შავებში გამოწყობილი სპეცრაზმელები, ტყვიამფრქვევის ჯერები, ხელყუმბარების აფეთქებები, ქურდები პირდაპირ საძინებელი ოთახებიდან გამოყავთ, მათი ცოლები მოთქვამენ, ყველაფერი იმსხვრევა, ნატურალური ომის აურაა და ყველაფერი ამის ფონზე ახალგაზრდა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი რისხვით ანთებული სახე. მაინც, ვინ არის ეს განუმეორებელი ქარიზმის მქონე უძლიერესი და დაუღლელი გიგანტი?

იგი სამ ენაზე ლაპარაკობს, დაქორწინებულია ჰოლანდიელ ქალბატონზე (მას უკვე მთელი საქართველო აღმერთებს), იყო შემთხვევები, როდესაც მხოლოდ კეფირით იკვებებოდა, მაგრამ მოახერხა, რომ ამერიკაში ბრწყინვალე განათლება მიეღო. იგი მხოლოდ 35 წლისაა, ცხოვრობს პატარა, ნაქირავებ ბინაში, ოპერაციებში სპეცრაზმელების მხარდამხარ მონაწილეობს და მისი ხელფასი სპეცრაზმელების ხელფასს არ აღემატება. ვინ არის ეს „ახალი ქართველი“, რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო? საიდუმლო, რა თქმა უნდა, მის უშიშარ გულახდილობაში, ენამახვილობაში და სიფიცხეშია. ჩვენი პრაგმატული მასხარებისგან განსხვავებით, რომლებსაც თავის მიერ წარმოთქმული ერთი სიტყვისაც კი არ ჯერათ, იგი არ თამაშობს, სააკაშვილს სჯერა საკუთარი სიტყვების. სჯერა, რომ სამშობლოს განახლება სწორედ მისი ვალია და ამიტომ, საკუთარი ქურდების წყალობით გაღარიბებულ და გამათხოვრებულ საქართველოს გულწრფელად და გულისამაჩუყებლად წამს მისი. სააკაშვილი გრძნობს ამას და ჩქარობს...

-ნო პრეზიდენტო, ერთხელ როგორღაც თქვით, რომ კორუფციასთან ბრძოლის საქმეში პუტინის მოსწავლე ხართ. ზოგი თვლის, რომ ამ ბრძოლაში პუტინსაც გაუსწარით. ამბობენ, რომ თქვენ კორუფციას არა ბრძოლა, არამედ ომი გამოუცხადეთ. ასეა?

- სამწუხაროდ, გადამჭრელი ზომების გარეშე საქართველოს ვერ განვაახლებთ. იცით, ქართველები არ არიან ისეთი მომთმენნი, როგორც - რუსები. ითმინეს ათი წელი და „ვარდების რევოლუცია“ მოახდინეს. მხოლოდ მოსმენით ისინი დაიღალნენ, მათ სურთ, რომ დაინახონ.

და თქვენ აჩვენებთ მათ?

- დიახ, და თანაც - პირდაპირ ეთერში. იცით, უკვე რამდენი ყალთაბანდი დავაკავეთ და უკვე რამდენი ფული დააბრუნეს? აი, ამ დღეებში ორმა ყოფილმა მინისტრმა სახელმწიფოს 10 მილიონი დოლარი გადაუხადა და დანარჩნებიც იმდენს შემოიტანენ, რამდენიც აქვთ მოპარული.

სკეპტიკოსები ამბობენ, შემოიტანენ და საქმეც დაიხურებაო...

- ასე ხდებოდა ადრე! ახლა კი, დაბრუნებული ფული ვერავისთვის ვერ გახდება ინდულგენცია. ქურდბაცაცა ჩინოვნიკების წინააღმდეგ აღძრული არც ერთი საქმე არ დაიხურება, ყველანი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან! და კიდევ - თუ სასამართლო ამ პირების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სასჯელის მოხდის შემდეგ, მათ სამუდამოდ აეკრძალებათ საპასუხისმგებლო პოსტების დაკავება! ლუსტრაცია! ხალხი ამას მოითხოვს.

რაზე დაიხარჯება ამოღებული ფული?

- სახელფასო და საპენსიო დავალიანებებს დავფარავთ.

და როგორ უყურებს ამას დასავლეთი?

- კარგი შეკითხვაა! ჩვენი ყალთაბანდები დასავლეთში ქირაობენ ჟურნალისტებს და იქაური პრესა უკვე გაივსო მათ დასაცავად გამოქვეყნებული პუბლიკაციებით. ჰოდა, აი, მეც ვეკითხები დასავლელ პოლიტიკოსებს: „თქვენ ხომ მოითხოვდით კორუფციასთან ბრძოლას? დავიწყეთ და ვებრძვით, თქვენ კი ეს უკვე აღარ მოგწონთ! ახლა გაიძახიან, ასე დაუნდობლად რატომ ებრძვითო. მაგრამ ეს ბრძოლა ხომ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. თამაშისა და დაყოლიების დრო დამთავრდა!

არ გეშინიათ, რომ მათ ადგილს ისინი დაიკავებენ, რომლებსაც თანხის გადახდის საფასურად ათავისუფლებთ?

- ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, გვყავდეს უფულო მაფიოზი გარეთ, ვიდრე დიდი ფულის პატრონი მაფიოზი ციხეში. ციხეში ხომ მას კომფორტი, მობილური ტელეფონი აქვს, იქიდან მართავს თავის მაფიოზურ ჯგუფს, ხოლო გარეთ და უფულოდ იგი ნულია.

თუმცა, აქ არის ერთი ნიუანსი. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში მილიონზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა, მათგან 640 ათასმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ხვდებით? საქართველოში სიღარიბეა, ხოლო მოსკოვში - უამრავი ფეშენებელური ქართული რესტორანი და ძალიან მდიდარი ხალხი...

- ამაზე მადლობა უთხარით შევარდნაძეს, ქურდები და კორუმპირებულები რომ გაამრავლა, სახელმწიფო რომ გაფცქვნეს. მცირე ჩხვლეტის სახით, არ შემიძლია არ შევნიშნო: რუსეთის ღიად მოძულე შევარდნაძე ხელისუფლებაში სწორედ რუსმა ძალოვანებმა მოივანეს და ათი წლის განმავლობაში კაპიკებში აძლევდნენ ნავთობს, ბუნებრივ აირს და სხვა რესურსებს. ქურდებს ყველგან მივწვდებით, ვერსად წაგვივლენ. ახლახანს მივიღეთ კანონი „დაუსაბუთბელი ქონების შესახებ“ და საქართველოს პროკურატურაში საქმეები სახლებზე, საბანკო ანგარიშებზე და ფეშენებელურ ავტომობილებზე უკვე აღძრულია. ჩინოვნიკებს, რომლებიც ვერ დაასაბუთებენ ქონების წარმოშობას, არა მარტო ფულის გადახდას აიძულებენ, არამედ მათ ჩამოერთმევათ ავტომობილები და სახლები, რომლებსაც ბავშვთა სახლებს და სხვა სოციალურ ინსტიტუტებს გადავცემთ. აი, ასეთი კანონი მივიღეთ! იგი საშუალებას მოგვცემს, რომ ქურდები თავიანთი უძრავი და მოძრავი ქონების გარეშე დავტოვოთ.

მაგარია! ახლა, -ნო პრეზიდენტო, თუ ნებას მომცემთ, მასშტაბი ცოტათი გავზარდოთ. აი, თქვენ, რუსეთის მსგავსად, ომი გამოუცხადეთ კორუფციას და სეპარატიზმს. აქაც - ომი? აფხაზეთთან, აჭარასთან?

- არც მთლად მასეა. აფხაზეთთან გავმართავთ მოლაპარაკებებს და მივაღწევთ კონსენსუსს. რაც შეეხება აჭარას, სადაც საპრეზიდენტო არჩვნებში მოსახლეობის 90%-მა მომცა ხმა და, სადაც პრაქტიკულად მოვიგეთ საპარლამენტო არჩევნები... აჭარაში ყველაფერი გაძარცვულია, მთელი სანაპირო მიწები ჩინოვნიკებს აქვთ შესყიდული... ხალხი გმინავს, ყველა იმ ფეოდალური აზროვნების წინააღმდეგია, რომელიც ასლან აბაშიძემ დაამკვიდრა. ხომ გესმით - აჭარის ციხეებში სხედან პოლიტპატიმრები, მაგრამ ამის გამო უნდა დაჯარიმდეს საქართველო. პასუხი აგონ პირადად შევარდნაძემ და აბაშიძემ და არა საქართველომ. და კიდევ, ბუნებრივია, რომ ჩვენ ვერ შევურიგდებით იმას, რომ მილიონობით დოლარი ამ ადამიანის ჯიბეებში ილექება - 120 მილიონი დოლარი მხოლოდ ბათუმის პორტში ქრება.

და რამდენად შორს აპირებთ სეპარატიზმ-ფეოდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შესვლას?

- ჩვენ არ ვართ განწყობილი, რომ ეს პრობლემის ძალოვანი გზით მოგვარდეს. ვითმენ... უბრალოდ, ვემუდარები აბაშიძეს: საზღვარი და საბაჟოს კონტროლი, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, ფედერალურ ხელისუფლებას გადაეცი... ვცდილობ, მოთმინებით აღვიჭურვო, თუმცა ყველანაირ მოთმინებას აქვს ბოლო. ხომ გახსოვთ, რა თქვა ჟან-ჟაკ რუსომ: „მხოლოდ ძლიერი სახელმწიფო უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებას“

.. რაღაც ხარისხით ეთანხმებით იმას, რომ სოციალური სამართლიანობისთვის და ქვეყნის  გადასარჩენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვაც შეიძლება.

- არავითარ შემთხვევაში! მე თვითონ ადამიანის უფლებების სპეციალისტი ვარ და ყოველივე ამას თვალ-ყურს ვადევნებ. საბედნიეროდ, ჩვენთან ასე არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძველი საპოლიციო აპარატი გვაქვს. აღნიშნული აპარატი სრულად დაემორჩილა ჩვენს მოთხოვნას, რომ ადამიანის უფლებები ყველანაირად იყოს დაცული. ბუნებრივია, ჩვენ მის რეფორმირებას ვაპირებთ. იქნება წინააღმდეგობა და მოგვიწევს მისი გადალახვა.

მოდით, კიდევ გავზარდოთ ფორმატი, -ნო პრეზიდენტო.

- რომელი მიმართულებით?

რუსეთის მიმართულებით. შეიძლება? რამდენადაც ვიცი, ამ ორი თვის წინ ძალიან რთული შეხვედრა გქონდათ პუტინთან და ზუსტად ორი კვირის შემდეგ განაცხადეთ, რომ პუტინი სიტყვის კაცია. მოკლედ, თქვენ გჯერათ პუტინის?

- ძალიან რთული შეხვედრა იყო - ოთხი საათი გაგრძლდა. თავიდან ვიფიქრე, რომ არაფერი გამოვიდოდა - ვერ ვიპოვიდი მასთან საერთო ენას. თუმცა, ვაიძულე საკუთარი თავი, გადაწყობილიყავი და უმალ მივხვდი, რაშიც იყო საქმე!

რაში?

- მე მივხვდი, რომ შევარდნაძე ყოველთვის ატყუებდა პუტინს და ამიტომ არის პუტინი ასეთი ეჭვიანი! ხომ გესმით? პუტინს არ შეეძლო შევარდნაძესთან საერთო ენის გამონახვა, რადგან შევარდნაძე არავისთან მიმართებაში არასოდეს არაფერს არ ასრულებდა! როგორც კი პუტინს შეფასებებში დავეთანხმე, ურთიერთობა მაშინვე დათბა. და მე დავინახე, რომ პუტინი სიტუაციას ხედავს გაცილებით ფართოდ, ვიდრე მისი გარემოცვა. და მე ვენდე.

აი ისიც - პუტინის მომხიბვლელობა, მსახიობის ოსტატობა!

- არა. მე რომანტიკოსი ვარ, მაგრამ, მერწმუნეთ, რაღაც მინახავს და ვიცი - პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს. სწორედ ასეა. მე ვენდე მას და არ შევმცდარვარ. მან ყველაფერი შეასრულა, რასაც დამპირდა... ამიტომ, ახლა რუსეთში თავს გაციულებით კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვაგან. პუტინი, თავისი აზროვნების სტილით, გაცილებით თანამედროვე და პრაგმატულია, ვიდრე დასავლელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა. მას კარგად ესმის, რომ საქართველოსთან მიმართებაში საქმის ძველებურად წარმართვა აღარ შეიძლება, ანუ საკითხის ასე დასმა - აირჩიეთ ან რუსეთი და ანაც დასავლეთი - საერთოდ არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ საკითხის ასე დასმის შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყანა გიპასუხებთ რას?..

რა თქმა უნდა - დასავლეთი. ვგულისხმობ - ამერიკას.

- სამწუხაროდ, ასეა. მაგრამ, ვიმეორებ, მე მჯერა პუტინის. მან აღმითქვა, რომ მალე გაამარტივებს სავიზო რეჟიმს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ნორმალურად განვითარდება.

სამხედროები? დაუჭერთ თუ არა მხარს კოლინ პაუელის იდეას - „უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცმა უნდა დატოვოს საქართველო“.

- ეს მაშინ იყო, როცა რუსეთის სამხედრო ბაზები აბაშიძის კლანს ეხმარებოდნენ, მაგრამ პუტინთან ჩემი საუბრის შემდეგ ეს დახმარება მაშინვე შეწყდა! და ახლა მტკიცედ ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველოში დარჩენილი რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას დაუჭერენ მხარს, ან უკიდურეს შემთხვევაში, დაიცავენ ნეიტრალიტეტს. პუტინმა მხარი დაუჭირა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ კონცეფციას, რითაც აიძულა აჭარის ლიდერი,  ეწარმოებინა საქართველოსთან უფრო კონსტრუქციული დიალოგი.

ანუ, საქართველოსა და აჭარას შორის ცხელი ომი არ დაიწყება, იქნება ცივი და კონტროლირებადი. აშშ და რუსეთი შუამავალ-გარანტებად მოგვევლინებიან?

- ეს იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი. სამხრეთ კავკასიაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებაში არც აშშ-ა დაინტერესებული. მათ, ისევე როგორც რუსეთმა, აღგვითქვეს, რომ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებებში ჩარევისგან თავს შეიკავებენ.

ცოტა შორს თუ გავიხედავთ - შესაძლებელია თუ არა მოძრაობა ორმხრივი მოლაპარაკებებიდან სამმხრივ მოლაპარაკებამდე? თქვენ ხომ კავკასიაში ხართ, ახლო აღმოსავლეთის მეზობლად...

- ყველაფერი შესაძლებელია. ახლა ჩვენთვის ამერიკის, რუსეთის და საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაახლოებაა მთავარი. ბირთვული იარაღის გავრცელებას რუსეთი ამერიკასთან ერთად უნდა ებრძოლოს. ჩვენთვის ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ რუსეთისგან სიურპრიზებს აღარ ველოდებით. პუტინთან ყოველ კვირაში მაქვს სატელეფონო საუბრები...

რათა, თავის მხრივ, რუსეთიც არ ელოდოს თქვენგან სიურპრიზებს?

- დიახ. ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯის შესახებ რუსეთს წინასწარვე ეცოდინება.

დაუჯერებელია! ანუ, ძლიერ დათბობასთან გვაქვს საქმე?

- დიახ. არადა, სულ ახლახანს ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო! ყოველდღე მესმოდა, რომ მე ვარ პრორუსული აგენტი, რომელიც კრემლის მითითებებით მოქმედებს. მადლობა ღმერთს, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების სევდიანი ფურცელი უკვე გადავშალეთ. იმედი მაქვს - სამუდამოდ.

და, 9 აპრილი? მოიშუშებთ თუ არა ამ ჭრილობას? აპატიებენ ქართველები?

- 9 აპრილის დავიწყება არცთუ იოლია, მაგრამ გასაგები რისხვის აფეთქების შემდეგ, ადამიანები მიხვდნენ - თავისუფლების მოედანზე მათ უტევდა არა რუსეთის არმია, არამედ საბჭოთა იმპერიის სისხლიანი და დაუნდობელი ჯარები. ეს ჯარები, ასეთივე ცივსისხლიანი სისასტიკით კლავდა რუსებს ნოვოჩერკასკში, ლიტველებს - ვილნიუსში, ჩეხებს - პრაღაში და უნგრელებს - ბუდაპეშტში. ახლა, ჩვენ უკვე კარგად ვანსხვავებთ რუსულს და საბჭოთას. და, გითხრათ გულახდილათ, გაოგნებული ვარ, თუ როგორ სწრაფად მოხდა დათბობა ადამიანების გულებში.

მოვწყდეთ პოლიტიკას. უკვე სამი თვეა პრეზიდენტი ხართ. შვებულებაზე ჯერ არ ფიქრობთ?

- აჰ! სინამდვილეში, პრეზიდენტობა პატიმრობას წააგავს. ნაბიჯს ვერ გადადგამ - დაცვას მარშრუტი 6 საათით ადრე აქვს შესწავლილი.

ამბობენ, რომ ხანდახან ახერხებთ და დაცვას წარმატებით გაურბიხართ.

- ახალგაზრდა ვარ. გამოვსწორდები.

არ გეშინიათ, რომ თავს დაგესხმებიან? უკვე მუქარაც იყო...

- ხომ მიცნობთ... ვიცოდი, რაზეც მივდიოდი. რაღა დროს შიშია...

არც ბიუროკრატად გადაქცევის საფრთხე გაშინებთ?

- აი, ამის კი ძალიან მეშინია! საქართველო პატარა ქვეყანაა და საქართველოს მთავრობას შეუძლია და ვალდებულიც არის, რომ ხალხთან მუდმივ კონტაქტში იყოს. ამიტომ მე ახლა, აი ასე, უბრალოდ, მთავრობის წევრებისგან მოვითხოვ, რომ ხშირად შეხვდნენ ადამიანებს მეტროში, ტროლეიბუსში, ეზოებში... სულ ვიმეორებ, რომ ჩემსა და ხალხს შორის ჩინოვნიკები ვერ ჩადგებიან! როგორ უნდა მივაღწიო ამას? რთულია! რაც მთავარია, ყველამ ვიცით ერთი რამ - ხალხს ვერასოდეს ვერაფერს ვერ დაუმალავ.

ვინ არის თქვენი საყვარელი რუსი პოეტი?

- ყველაზე მეტად ესენინი მიყვარს. ვაღმერთებ მანდელშტამს, ცვეტაევას. ერთხელ, რომელიღაც მიგდებულ ჰოლანდიურ ქალაქში კედელზე ცვეტაევას ლექსი შევნიშნე. რუსივით გამიხარდა!.. და - ვისოცკი. მთელმა ჩემმა ბავშვობამ ვისოცკის ნიშნით ჩაიარა. საშინლად მტკივა, რომ ურთიერთუნდობლობის წლებში საქართველოში რუსული ენა მთელმა თაობამ დაკარგა. მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ.

რაში მდგომარეობს ქართული ხასიათის საიდუმლო?

- ჰმ... პასტერნაკმა შესანიშნავად თქვა, რომ ქართულ ხასიათში ერთდროულად შეიძლება იყოს შერწყმული უდიდესი სიმდაბლე და უდიდესი სულიერი სილამაზე.

არსებობს რუსოს სახელგანთქმული ფორმულა - „სახელმწიფოს ღირსება მისი მოქალაქეების ღირსებაზეა დამოკიდებული. დღეს ვინ ქმნის საქართველოსა და მისი მოქალაქეების სულიერი ამაღლების პროცესს?

- მას ქმნიან ახალი ქართველები - რეფორმატორები, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს და, რომლებიც თავისუფალნი არიან როგორც ნაციონალისტური გადახრებისგან, ასევე - საბჭოური მენტალიტეტის დოგმებისგან. ისინი, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებზე ზრუნავენ და ამას პრაგმატულად, საქმიანად აკეთებენ.

და, რომანტიზმს რა ვუყოთ? თქვენ ხომ ტიპიური ცეცხლოვანი რომანტიკოსი ბრძანდებით?
- მე რომანტიკოსი ვარ, მაგრამ შეუძლებელია, სახელმწიფო იყოს რომანტიული. ცივილიზებული ცხოვრებისთვის ძველი, რომანტიული ფორმატი დღეს არ გამოდგება. სახელმწიფო უნდა იყოს ევროპულად, ან ამერიკულად ცივილიზებული და პრაგმატული.

ცოტ-ცოტა - ქართულადაც?

- ყოველთვის. უკუნითი უკუნისამდე. და, ცოტ-ცოტა არა...

P.S. რუსთაველის გამზირზე შიშველი ხეები ითოშებიან. ცივია წლევანდელი გაზაფხული საქართველოშიბევრი იშმუშნება, შიშით და გაჭირვებით ეჩვევიან ახალ ცხოვრებას. გუშინ ტელევიზორში ყველამ საკუთარი თვალით ნახა, როგორ დააკავეს  სამარშრუტო ტაქსების მთავარი რეკეტიორი. მაგრამ როდესაც გამომძიებლები მძღოლებს ეკითხებოდნენ - „რამდენს უხდიდით ამ ბანდიტს?“ - ისინი შეშინებულები მალავდნენ თავს მხრებში: „არაფერი ვიცი“.

აი, ასე.