სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2012 წლის 22 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა. საუბარია "სისხლის სამართლის კოდექსის" 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
საქმე მთავარ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს 2012 წლის დეკემბერში გადაეცა. იმის დასადგენად, რომ "ცენტრ პოინტი ჯგუფის" სახელით განხორციელებული სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობისას, მასში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა მენაშენეთა კუთვნილი თანხების არამიზნობრივად გამოყენებას და მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს, კომპანია "დექსუსი"-დან ამოღებულ იქნა "ცენტრ პოინტ ჯგუფში" შემავალი ბინათმშენებლობის ამხანაგობების, შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია.
"2013 წლის 25 იანვარს ამოღებულ დოკუმენტებზე დაინიშნა რევიზია. ამჟამად დასრულებულია ერთ-ერთი კომპანიის, ს.ს. "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო"-ს შემოწმება. მითითებულმა "სააგენტო"-მ, ბინათმშენებლობის ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის დაკვეთით, განახორციელა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ფინანსირება გოთუას ქუჩაზე (სააკაძის მოედანთან, ქ.თბილისის მერიის მიმდებარედ). რევიზიის მიმდინარეობის პროცესში შემმოწმებლების მიერ გამოვლენილ იქნა დაახლოებით 20-მდე ფაქტი, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთა მხრიდან მენაშენეთა კუთვნილი თანხების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს რევიზიის პროცესში გამოვლენილი ფაქტების შესწავლა, რის შემდეგაც გაგრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. დაიკითხებიან ის პირები რომლებსაც არამიზნობრივად გატანილი აქვთ დიდი ოდენობით თანხები. ამ ეტაპისათვის მოწმის სახით დაკითხულია 24 პირი, მათ შორის დაზარალებული მენაშენეები და ს.ს. "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს" ხელმძღვანელი პირები. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, რევიზიის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება. პარალელურად, სარევიზიო ჯგუფის მხრიდან გრძელდება "ცენტრ პოინტ ჯგუფში" შემავალი სხვა კომპანიების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმება" , - აცხადებს მთავარი პროკურატურა.