არაბული გამოცემა Albawaba აქვეყნებს სტატიას ესპანეთში გასამართლებულ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტ ზაქარია (შაქრო) კალაშოვზე, სათაურით "საქართველომ არ უნდა თქვას უარი კალაშოვის ექსტრადაციაზე".
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სულ უფრო გარუკვევლია, მოხდება თუ არა რუსული კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტის, კალაშოვის ესპანეთიდან საქართველოში ექსტრადირება, რათა სამშობლოში მისჯილი 18-წლიანი სასჯელი მოიხადოს. ამჟამად კალაშოვი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს, სწორედ იქ იხდის სასჯელს. თუმცა, ზაფხულში შესაძლოა, ის თავისუფლებაზე ვიხილოთ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის გამო.
რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე კალაშოვი, იგივე "შაქრო მალადოი", სასჯელს "სოლნცევსკაიას", "იზმაილოვსკაიასა" და "ბრატსკის" დაჯგუფებებთან კავშირისა და ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდის, - წერს არაბული გამოცემა, - 2000 წელს ესპანეთში გადავიდა, სადაც დანაშაულებრივი ქსელი "თერთმეტის კლანი" შექმნა და ესპანეთში მოქმედი რუსულ-ქართული მაფიის ლიდერი გახდა. 2005 წელს ესპანური პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაცია "კრაზანას" შემდეგ, რომლის დროსაც რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს, კალაშოვმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაქცევა მოახერხა. თუმცა, საამიროებში ის დააკავეს და 2006 წელს ისევ ესპანეთს გადასცეს. ამის პარალელურად, ის საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, არაბული გამოცემა ესპანურ გაზეთებზე დაყრდნობით აღნიშნავს - მიუხედავად იმისა, რომ კალაშოვი ციხეშია, ის "ქუთაისის კრიმინალურ სამყაროსთან ახლო ურთიერთობაში რჩება, რომელიც საქართველოში ყველაზე საშიშად მიიჩნევა".
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2010 წელს ესპანეთის სასამართლო დათანხმდა, 2013 წელს ადგილობრივ ციხეში პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, კალაშოვი საქართველოს გადასცეს. თუმცა, - როგორც არაბული გამოცემის სტატიაშია ნათქვამი, - ბოლო დროს გაჩნდა კითხვები, მოიხდის თუ არა სასჯელს რუსულ-ქართული კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი სამშობლოში. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძლიერი პრო-რუსული შეხედულებებით გამოირჩევა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამის გამო კალაშოვი რუსეთსა და აშშ-ის შორის გავლენისთვის დაპირისპირების საგნად იქცა. რუსეთს არ გამოუხატავს სურვილი დასაჯოს კალაშოვი, რომელსაც რუსულ პოლიტიკურ წრეებთან აქვს ურთიერთობა. ამასთან ერთად, არსებობს აშკარა სამხილები, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც წესით მაფიის წინააღმდეგ უნდა იბრძოდეს, ახლო, მეგობრული ყრთიერთობები აქვს კალაშოვის გარემოცვასთან.
რუსეთის პოლიციისგან განსხვავებით კი, - ნათქვამია სტატიაში, - აშშ-ის კალაშოვის პატიმრობის სურვილი აქვს, რადგან მას ბრძალი მიუძღვის ამერიკელი ალექსანდრე კრეინის გატაცებასა და მოკვლაში.
ერთი სიტყვით, - წერს არაბული გამოცემა, - გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე, ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება ადამიანების გატაცებაში, მკვლელობაში, ფულის გათეთრებაში, კონტრაბანდასა და გამოძალვაში, შესაძლოა, თავისუფლებაზე ვიხილოთ სამწუხაროდ ბევრი ქართველისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი სამშობლო ის სახელმწიფოა, სადაც კანონს პატივს სცემენ.