საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს - საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა განუცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს აინტერესებდათ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.
"ხაზგასმით იქნა აღნიშნული და პოზიტიურად შეფასებული ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ", - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით ადამიანის უფლების დარღვევის კონტექსტში. ზალკალიანი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა, კერძოდ საუბარი თავისუფალი გადაადგილების უფლებაზე.
ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს ევროსაბჭოსთან მიმართებაში აქვს. რაც შეეხება შეხვედრას, ევროსაბჭოს მხრიდან მას ესწრებოდნენ საქართველოზე თანამომხსენებელი დანიიდან მაიკლ ასტრუპიენსენი, საქართველოზე თანამომხსენებელი ლატვიიდან ბორის სილევიჩი, მონიტორინგის კომიტეტის მდივანი ბას კლეინი და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კატერინა ბოლონეზე.