"ივანიშვილს მოქალაქეობას გაზაფხულამდე დაუბრუნებენ"


"დასავლეთში, ვისთვისაც არაა ივანიშვილი მისაღები, მისთვის მისაღებია ირაკლი ალასანია და რესპუბლიკელები. ეს ყველაფერი ივანიშვილმა ძალიან კარგად გათვალა და მისმა ნაბიჯმა მის გარშემო არსებული სიტუაცია, პარქტიკულად დააბალანსა. ახლა ეს ადამიანები შეეცდებიან, რომ ყველაფერი ქვეყნის ხელისუფლებაში გადმოიტანონ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგი და "კავკასიის ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი.

დაუბრუნებს თუ არა პრეზიდენტი მას მოქალაქეობას და თუ არ დაუბრუნა, როგორ განვითარდება მის გარშემო მოვლენები? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ზაალ კასრელიშვილს ესაუბრა.

ზაალ კასრელიშვილი: ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ჰქონდა მომზადებული ყველა ის საკითხი, რაც პოლიტიკაში მოსვლის განცხადების პარალელურად გააკეთა, ვგულისხმობ სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გაჯანსაღებასთან დაკავშირებით თემებს. თანაც, მომგებიანი აღმოჩნდა ის პირველი ნაბიჯიც, როცა მან პარტნიორებად ალასანია და რესპუბლიკელები დაასახელა.ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითი გადაწყვეტილება არ არის, როგორც ჩანს, ძალიან კარგი მრჩევლებიც ჰყავს. ჩანაფიქრი კი ასეთია - პირველი პირი იქნება ალასანია, აღმასრულებელ ხელისუფლებას კი თავად ივანიშვილი ჩაიბარებს.

რაც შეეხება კადრებს, რომელთაც ივანიშვილი მის გარშემო იკრებს, ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის ზოგიერთი მისაღებია, ზოგი - არა, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. ჩანს, რომ მას მომავალში ძალიან სერიოზულ გეგმები აქვს. გარდა ამისა, მას გააჩნია სერიოზული ფინანსური რესურსი, რომელსაც ამ პროცესებისთვის გამოიყენებს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - როდესაც ჩვენი ხელისუფლება და მედიასაშუალებები ახმაურებენ, რომ ივანიშვილს ბიზნესი რუსეთში აქვს, მათ ობიექტურობიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დაამატონ ისიც, რომ ივანიშვილს საკუთრება და ბიზნესი აქვს ევროპაშიც და ამერიკაშიც.

"რეზონანსი": თუმცა ის არ არის საქართველოს მოქალაქე...

ზ.კ: ეს არის დროებითი მოვლენა და ხელისუფლებამ ეს იმის გამო გააკეთა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რა პოზიცია აქვთ დასავლელ პარტნიორებს ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მთავრობამ მას მოქალაქეობა იმ დრომდე გაუჩერა, სანამ თვითონ არ გაერკვევა, თუ რა დგას რეალურად ივანიშვილის წამოწყების უკან. ვფიქრობ, რომ მას მოქალაქეობას გაზაფხულამდე დაუბრუნებენ. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, გამორიცხული არ არის, რომ ხელისუფლება ამის წინააღმდეგი წავიდეს და ეს ყველაფერი საერთოდ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს.

"რ": და ამის რეალური საშიშროება არსებობს?

ზ.კ: ასეთი საშიშროება ნამდვილად არსებობს. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ მეორედ სამოქალაქო დაპირისპირება არ დავუშვათ. თუმცა მმართველ პარტიას არაფერი დაპირისპირებამდე მისაყვანი არ აქვს, თუ მოისმენენ შეგონებას, რომ თავისი რიგები გაწმინდონ ოდიოზური ფიგურებისგან, გამოაჩინონ ახალი სახეები და ის დაპირებები, რაც წლების მანძილზე ხალხს მისცეს, რეალობად აქციონ. მათ ამის დროც აქვთ და საშუალებაც.

"რ": თუ არ დაუბრუნეს ივანიშვილს მოქალაქეობა, ის, რა თქმა უნდა, პარტიის შექმნას ვერ შეძლებს და მით უფრო, მთავრობაში მოსვლას...

ზ.კ: თუ არ დაუბრუნეს მოქალაქეობა, მოსახლეობის ის ნაწილიც კი, რომელიც საერთოდ არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, ისინიც კი მივლენ და ხმას მისცემენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ივანიშვილი გუნდის წევრებად დაასახელებს. თუმცა აქ არის კიდევ ერთი საშიშროება, არ ჩაიშალოს არჩევნები. ჩვენ ვურჩევდით ხელისუფლებას, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ უმრავლესობაში ვეღარ მოვა და ყველაფერი თავად დალაგდება.

ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ გამოიჩინოს გონიერება, მათ რიგებში ბევრი ახალგაზრდაა და შეუძლიათ, უმრავლესობით მოსვლა მომავალ არჩევნებში სცადონ. ახლა ეს არ გამოუვათ, რადგან საზოგადოებაში მათ მიმართ საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს. არ უნდა მიიყვანონ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რისი საფრთხეც რეალურად არსებობს.

"რ": როგორ ფიქრობთ, დასავლეთში ივანიშვილის პიროვნებასთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება არსებობს?

ზ.კ: დასავლეთში, ვისთვისაც არაა ივანიშვილი მისაღები, მისთვის მისაღებია ირაკლი ალასანია და რესპუბლიკელები. ეს ყველაფერი ივანიშვილმა ძალიან კარგად გათვალა და მისმა ნაბიჯმა მის გარშემო არსებული სიტუაცია, პარქტიკულად დააბალანსა. ახლა ეს ადამიანები შეეცდებიან, რომ ყველაფერი ქვეყნის ხელისუფლებაში გადმოიტანონ, მათ ამის ყველა რესურსი აქვთ. როგორ მოახერხებენ ამას, ეს უკვე მომავლის საქმეა.