პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის მიერ ოფშორული კომპანიებით სარგებლობას ადასტურებს და ამას ჩვეულებრივ პრაქტიკად მიიჩნევს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"თქვენ, ალბათ, ვერცერთ ბიზნესმენს ვერ დამისახელებთ, რომელიც არ სარგებლობს ოფშორული ზონით და ოფშორული კომპანიებით. ჩემს შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ 1990-იან წლებში და იმის შემდგომ სულ იყო საშიშროება კომუნიზმის დაბრუნების და განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენდით ბიზნესმენები. გარდა სიფრთხილისა, საგადასახადო ოპტიმიზაციისთვისაც ამას იყენებს ბიზნეს-ელიტა და ეს ნორმალური ფაქტია, მე არა ვარ გამონაკლისი, თუმცა სადაც ვარ გამონაკლისი, შემიძლია შეგახსენოთ, რომ მე ვიყავი პირველი რუსეთში (ეს მოხდა 10-15 წლის წინ), ვინც გავასუფთავე ყოველგვარი გაუგებარი კომპანიებისგან ბანკი. მე შევქმენი პრეცედენტი და გამოვაცხადე, რომ მე ვარ მფლობელი მთლიანად "როსისკი კრედიტის". ამე ამის ვალდებულება არ გამაჩნდა, მაგრამ სურვილი მქონდა. ჩემი ცხოვრების წესია, რომ იცოხვრო სიმართლით. ოფშორს რაც შეეხება, ერთი არა, შეიძლება 100-200-300 იყოს, რომელიც მე და ჩემს კომპანიებს გამოგვიყენებია და ეს არის ნორმალური. იმ კონკრეტულ კომპანიას რაც შეეხება, მე სახელიც არ მახსოვს და ერთ-ერთი იქნებოდა იმ 100-დან შეიძლება, როგორც ირკვევა და ავტორიც წერს, 2009 წელზე იყო საუბარი. მაგას მართავს მთელი ჯგუფი, ეს არ არის მნიშვნელოვანი კომპანია. კარგია რომ გამოქვეყნდა, კარგია ისიც, რომ მეც შემახსენეს, რომ პოლიტიკაში მოვედი და ისე თავისუფლად არ უნდა მოვეპყრა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე ჯგუფს მაქსიმალურად ვთხოვე, რომ არ ყოფილიყო ცდომილება, როდესაც დეკლარაციას ავსებდნენ. დეკლარაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ის, რომ ბიზნესმენი იყენებს ოფშორულ კომპანიას, ისეთივე ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როგორიც ის, რომ დღის განმავლობაში წყალი რომ უნდა მიირთვა", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ თუკი რამე ცდომილებაა მის ქონებრივ დეკლარაციაში, ამას გამოასწორებს.