საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძირეულ ეკონომიკურ ცვლილებებს უახლოეს თვეებში არ ელოდება. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა , ეკონომიკის აღზევება საქართველოს მთავრობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება.
"შეიძლება, კანონი შეცვალო ძალიან სწრაფად, მაგრამ ბიზნესი და ეკონომიკა ძალიან ინერტულია და რამდენიმე თვეში ეკონომიკაში პრინციპული ცვლილებები შეუძლებელია. ბევრი გავაკეთეთ, რომ საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მუდმივად ხვდება უცხოელ ბიზნესმენებს და ერთ-ერთი თურქული კომპანია საქართველოში დამატებით 300 მილიონი დოლარის ინვესტირებასაც აპირებს.
"ისინი ეძებენ პროექტს, სად განახორციერლონ ეს ინვესტიცია. მე არაერთხელ ვთქვი, რომ მეორე წელს უნდა ვიგრძნოთ ახალი მთავრობის ქმედებების შედეგი, მესამე წელი უნდა იყოს კარგი. ამას ხელს შეუწყობს პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, თანაინვესტირების ფონდი, ხელისუფლების ჩაურევლობა და საკანონმდებლო ბაზა", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდში ცნობილი ბიზნესმენების კაპიტალი ჩაიდება.
"ბიზნესს უნდა სტაბილური პოლიტიკურ-ეკოონომიკური გარემო და ამას გავაკეთებთ. ჩვენ გვაქვს დაბალი კომპლექსური გადასახადი – 16%. ჩემი თხოვნით სააკაშვილმა რამდენიმე სწორი ეკონომიკური ნაბიჯი გადადგა, თუმცა მისივე მთავრობის ქმედებით ამან შემდეგ ფასი დაკარგა. ჩვენ მნიშვნელოვანი მდებარეობაც გვაქვს, ბაზარი ცარიელია. ეს ყველაფერი კი იმის საფუძველია, რომ საქართველოში ეკონომიკური აღზევება დაიწყოს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.