საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთის მხრიდან იშხანზე სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვის შესახებ მიმართვაზე პასუხი ჯერ არ მიუღია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
"თურქეთის მხრიდან ჯერ პასუხი არ გვაქვს. ალბათ, მალე იქნება და გადავცემთ კულტურის სამინისტროს, რის შემდეგადაც, იშხანზე სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტები ,ჩაერთვებიან", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ქართველი ექსპერტების ჩართვისა და მიმართვის შედეგად იშხანზე სარესტავრაციო პროექტის ავტორმა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ამფორამ" სარესტავრაციო სამუშაოები შეაჩერა. ქართველი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ იშხანზე სარესტავრაციო სამუშაოები 8 აპრილს საღამოდან შეწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იშხანის ტაძარში დასავლეთის მკლავთან მოხსნილი და გამოტანილია ძალიან დიდი რაოდენობის მიწა, რის შედეგადაც ნაწილზე გამოჩნდა ტაძრის იატაკი, ნაწილზე კი იატაკის ფილები არ ჩანს. გაურკვეველია დაზიანდა თუ არა ისინი სამუშაოების შესრულების დროს. ასევე ტაძრის ეზოში გატანილია დიდი რაოდენობით ქვები, რომელზეც იქ ჩასულმა მომლოცველებმა ფრესკის ფრაგმენტები გაარჩიეს.