საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის გამოძიება არც წინა ხელისუფლების, არც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და არც საქართველოს იმიჯს არ დააზიანებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან და ხელმძღვანელებთან შეხვედრისას იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლიც თანახმად, მინისტრმა აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკითხვა არ გამორიცხა.
"მე თეას განცხადება არ მინახავს, თუმცა ვფიქრობ, რომ ომის თემა ბურუსითაა მოცული. მე მგონია, რომ ობიექტური ფაქტებითა და სიმართლით უნდა ვიცხოვროთ. რეალობაზე უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. პირადად მე ბევრი შეკითხვა მაქვს და ვთვლი, რომ იმ სიტუაციაში ჩვენი პრეზიდენტი და მაშინდელი ხელისუფლება არაადექვატურად მოიქცა. აბსოლუტურად ადექვატური იქნებოდა ხელისუფლების და პრეზიდენტის მხრიდან საერთშორისო მონიტორინგის და დამკვირვებლების მოწვევა და შესაძლებელი გახდებოდა ეს პროცესი აქ დასრულებულიყო. ძალიან მარტივად შეიძლებოდა დასრულებულიყო. მეც ძალიან დაძაბული ვიყავი იმ დროს. თქვენ იცით, რომ არავითარი სასწაული არ მომხდარა. ერთ-ერთ სახლში ნაღმმტყორცნი შევარდა, მაგრამ ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სოფლიდან საკმარისი იქნებოდა მაქსიმუმ 100 მაცხოვრებლის გაყვანა და საერთშორისო დამკვირვებლების შემოყვანა. ამის ნაცვლად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გაკეთდა ასეთი სვლები. გამოძიება არ დააზიანებს არც საქართველოს იმიჯს, არც წინა ხელისუფლების და არც პრეზიდენტის იმიჯს. სიმართლე უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ტალიავინის საგამოძიებო ჯგუფის დასკვნაში წერია, რომ ევროპას აღნიშნულ ომზე სწორი ინფორმაცია აქვს, თუმცა საქართველოში სულ სხვა ვრცელდება. ნებისმიერი გამოძიება არავის იმიჯს არ დააზიანებს", - განაცხადა ივანიშვილმა.