რამდენადაც „კომერსანტს“ არ მიეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციაზე ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხებზე შეკითხვა დაესვა, „კომერსანტის“ მკითხველისთვის საინტერესო კითხვები ბიზნესმენს საიტის - commersant.ge-ს საშუალებით მივაწოდეთ.
როგორ ხედავთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიას უახლოესი წლების განმავლობაში?
- ეკონომიკის მომავალი უნდა გავიაზროთ ქვეყნის სტრატეგიული ამოცანების კონტექსტში. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ვითარება მსოფლიოში. 2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო საფინანსო კრიზისმა რადიკალურად შეცვალა ვითარება G20-ში შემავალ ქვეყნებში - რეგიონული ეკონომიკები რყევის ფაზაში შევიდნენ, დღემდე ვერ ხერხდება დიდი ეკონომიკების ქვეყნებში რეცესიის შედეგების აღმოფხვრა და მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომების გატარება. ბუნებრივია, ამას თან ერთვის საქართველოს ეკონომიკის ფაქტობრივად კრიზისული მდგომარეობა, რაც მთავრობის უნიათო საქმიანობის შედეგია.
ჩვენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიას მოვიაზრებთ ქვეყნის განვითარების მთლიანი სტრატეგიული კონცეფციის ფარგლებში. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გადავდგი, ის იყო, რომ მივმართე მეცნიერებს, ექსპერტებს, შეემუშავებინათ ქვეყნისა და მისი ეკონომიკის განვითარების სტრატეგია და ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მათ უკვე დაიწყეს მუშაობა. საქართველოს შეუძლია და უნდა ჰქონდეს დინამიკური, მდგრადი ეკონომიკა დაფუძნებული ინოვაციებსა და უახლეს ტექნოლოგიებზე.
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამჟამინდელი ეკონომიკური კურსიდან, რას დატოვებდით და რას შეცვლიდით?
- ეკონომიკური კურსიდან რაღაცას დავტოვებდი, იგი რომ არსებობდეს. რა დავტოვოთ იქიდან, რაც არ არსებობს. ის, რაც დღეს არის, ეკლექტიკური ნაზავია ცალკეული ბუნდოვანი შეხედულებების და იმპულსური იმპროვიზაციების დონეს არ სცდება. საუბარი ტურიზმის ბუმზე, ნიანგებისა და ბაყაყების მოშენებაზე მხოლოდ უნიჭო იუმორისტული შოუსთვის თუ გამოდგება.
პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვით, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება სამუშაო ადგილების შექმნას დაეთმობოდა. თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, რა გეგმა გაქვთ ამ მიმართულებით?
- მთავრობა, ხელისუფლება, სამუშაო ადგილებს არ ქმნის. სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი, ხოლო მთავრობა ქმნის პირობებს ბიზნესის განვითარებისთვის. საქართველოში დღეს იგნორირებულია ეს მარტივი ჭეშმარიტება. მე, ბუნებრივია, არ შევუდგები ბუტაფორულ, საჩვენებლად რამდენიმე კვირისთვის გახსნილ საწარმოებში უმუშევრების ჩამოტარებას და ვითომ დასაქმებას. ჩვენ დავიწყებთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიღწევით, სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებით, რათა საქმიანი აქტივობა ხორციელდებოდეს კანონის უზენაესობის პირობებში, დაცული იყოს კონტრაქტის ხელშეუხებლობა და რაც მთავარია, მივაღწევთ იმას, რომ ქვეყნის პირველ პირებს ექნებათ ურყევი პოლიტიკური ნება, არ ჩაერთონ ბიზნესში, მიაღწიონ ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების აბსოლუტურ ჩაურევლობას ბიზნესის საქმიანობაში. ასეთი ვითარება წარმოშობს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, რაც თავისთავად აისახება მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში.
დასაქმება იქნება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი. კონკრეტული პროგრამა გაითვალისწინებს უმუშევართა და, საერთოდ, მოქალაქეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადების მთელ სისტემას, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ კონცეფციის შესატყვისი იქნება, რომელსაც ექსპერტები და სპეციალისტები ამზადებენ.
როგორ შეაფასებდით დღეს არსებულ ბიზნეს გარემოს და რა კონკრეტულს შესთავაზებთ ბიზნესს ამ გარემოს გასაუმჯობესებლად?
- ბიზნესგარემო დღეს საქართველოში არასახარბიელოა. რეიტინგები, რომელიც სხვადასხვა სააგენტოს, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ქვეყნდება, ემყარება არაზუსტ და ხშირად გაყალბებულ მონაცემებს. სტატისტიკური უწყების ინფორმაცია ნდობას არ იმსახურებს. ამიტომ, საუბარი ბიზნესის დაწყების სიიოლეზე, სხვადასხვა რეიტინგში მაღალ ადგილზე, ყოველგვარ რეალურ საფუძველს არის მოკლებული. დღეს საინვესტიციო გარემო საქართველოში მიმზიდველი არ არის სოლიდური ინვესტორებისთვის. ამის გამოსასწორებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო და, პირველ რიგში, ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენელთა ჩაურევლობა სამეწარმეო საქმიანობაში. თუ ამას დავუმატებთ სამართლიან სასამართლოს, მოქნილ საარბიტრაჟო სისტემას და დავების გადაწყვეტის ეფექტურ მექანიზმს, საქმეს მნიშვნელოვნად წავწევთ წინ.
თუ ამას დაემატება მეწარმისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საგადასახადო კანონმდებლობა, წრედი შეიკვრება და ბიზნესიც ჯანსაღ გარემოში შესაბამის შედეგს მოგვცემს - აღარ იქნება ფარული მონოპოლიები, ოლიგოპოლიები, კარტელური ფასები, ხოლო მომგებიანი ბიზნესები აღარ იქნება გადანაწილებული ხელისუფლებასთან შეზრდილ მაფიოზურ კლანებს შორის. ჯანსაღი კონკურენტული გარემო განსაკუთრებით კეთილმყოფელ როლს შეასრულებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, რაც ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში წინსვლის და სოციალური სტაბილურობის გადამწყვეტი ფაქტორია. დღეს ასე არ არის და ეს ყველამ იცის. დღეს საქართველოში ინვესტორი ვერ შემოვა და ვერც ვერავინ შემოიყვანს ინვესტორს, თუ ხელისუფლების რომელიმე ბობოლა წარმომადგენელი არ მფარველობს მას.
ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ასე აღარ იქნება. საზოგადოება ამასაც დაინახავს და იმ მნიშვნელოვან მომენტსაც დააფიქსირებს, რომ ჩვენ არა მარტო სწორი ხედვა გვაქვს ეკონომიკისა და ბიზნესგარემოს განსავითარებლად, არამედ შეგვწევს ამ ხედვის რეალიზაციის უნარიც.