საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იშხანის ფრესკები ნაგავში იყრება და არქეოლოგიური ფენები ნადგურდება.
როგორც ჟურნალისტებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრმა ლუარსაბ ტოგონიძემ განუცხადა, აღნიშნულის თვითმხილველები თავად გახდნენ.
"ჩვენ შევესწარით, როგორ ხდებოდა ტაძარში არსებული არქეოლოგიური ფენის გარეთ გამოტანა და დაყრა. შევესწარით რომ ქვებს, რომლებზეც ფრესკები ჯერ კიდევ შერჩენილია სატვირთოზე ტვირთავდნენ ყრიდდნენ ხევში თუ ნაგავსაყრელზე. იკარგება უძვირფასესი მასალა. ასეთი უმეთვალყურეო სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ძეგლის ნგრევა მოხდეს", - განაცხადა ლუარსაბ ტოგონიძემ.
თავად ცენტრის დირექტორ ბუბა კუდავას თქმით კი, ადგილობრივი ძეგლთა დაცვის წარმომადგენლებისგან სამუშაოების შეჩერების თაობაზე დაპირება მიიღეს.
"შეიძლებლება ითქვას, რომ ტაძრის მნიშვნელოვან მონაკვეთში დაზიანებულია ან განადგურებულია არქეოლოგიური ფენები. დაკარგულია სხვადასხვა მნიშვნელობის გარკვეული ფაქტები. იქ მოვიდა ადგილობრივი ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი, რომელმაც გაიზარა ჩვენი შენიშვნები და თხოვნა, დაადასტურა, რომ დაზიანებებით მიმდინარეობს სამუშაოები და დაგვიპრდა, რომ ის სპეციალისტების გამოჩენამდე შეჩერდება", - აღნიშნა კუდავამ.
ხელნაწერთა ცენტრმა ტაძარში დაწყებული უნებართვო სამუშაოების ამსახველი ახალი ვიდეო და ფოტომასალაც გაავრცელა. მათივე ცნობით, უნიკალურ ძეგლზე სპეციალისტების გარეშე მიმდინარე გაწმენდის დროს დაზიანდა საუკუნოვანი ფრესკები და იატაკიც.
იშხანში სარემონტო სამუშაოებს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მუშები აწარმოებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) განუცხადა. მისივე თქმით, იშხნის დასავლეთის მკლავთან ძალიან დიდი ოდენობის მიწა არის მოხსნილი და გარეთ გამოტანილი. ასევე საკურთხეველთან არის რამდენიმე ადგილზე მიწა ამოთხრილი. ტაძრის ეზოში გატანილია დიდი ოდენობით ქვები, რომლებზეც ფრესკების ფრაგმენტები ჩანს, რასაც მეუფე საგანგაშოდ აფასებს.
აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო ქართულმა მხარემ თურქეთს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების თხოვნით უკვე მიმართა. საქართველოს კულტურის სამინისტროს თხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქულ მხარეს გუშინ გადასცა.