საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს .
როგორც პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ქირურგებმა მიხეილ სააკაშვილის მხრის მოტეხილობა მეტალის ფირფიტების ჩადგმით დააფიქსირეს, ჭრილობაზე კი ექიმებს 40 ნაკერის დადება მოუწიათ.
"საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, განმარტებას ვაკეთებთ საქართველოს პრეზიდენტის ტრავმასთან დაკავშირებით. თურქეთში მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაშავდა. მკურნალობა მას სტამბულის ამერიკულ ჰოსპიტალში ჩაუტარდა.
პრეზიდენტს მარჯვენა მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც კვირას ღამით დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. საერთო ნარკოზის ქვეშ რამდენიმესაათიანი ოპერაცია მას თურქმა პროფესორმა, მეჰმეთ დემირჰანმა გაუკეთა.
ქირურგებმა მოტეხილობა მეტალის ფირფიტების ჩადგმით დააფიქსირეს, ჭრილობაზე კი ექიმებს 40 ნაკერის დადება მოუწიათ. ჰოსპიტალის მედპერსონალის განცხადებით, ტრავმის სრულ რეაბილიტაციას თვეზე მეტი დრო დასჭირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის ამერიკულ ჰოსპიტალში ინტენსიური მკურნალობის პირობებში ორი დღე გაატარა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.