საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, 26 მაისის ღონისძიებები ჯერ კიდევ დაგეგმარების პროცესშია. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში, ეკა ბერიძის გადაცემა "მთავარ კითხვაში" სტუმრობისას განაცხადა. წამყვანის შეკითხვაზე თუ ვინ ჩაიბარებს 26 მაისს აღლუმს და რა როლი ექნება ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ საბოლოო გეგმა ჯერ შეჯერებული არ არის და ღონისძიების სამხედრო კომპონენტის თაობაზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული.
"26 მაისი ჯერ კიდევ დაგეგმარების პროცესშია. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება კიდევ ერთხელ განხილვა მთავრობაში, როგორ უნდა აღვნიშნოთ ეს ჩვენთვის ძალიან საზეიმო დღე. გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ დღესასწაულის სამხედრო კომპონენტი როგორი იქნება. ამიტომ არ ვიცი, რატომ უნდა დავასწროთ მოვლენებს, ჯერ საბოლოოდ გეგმა შევაჯეროთ, რომელსაც შემდეგ გავივლით პრემიერ-მინისტრთან და, რა თქმა უნდა, თუკი აღლუმი შედგა იმ ფორმით, როდესაც უნდა ჩაიბაროს უმაღლესმა მთავარსარდალმა, ერთი უმაღლესი მთავარსარდალია დღეს საქართველოში და არ ვიცი, რატომ გვჭირდება ამის შეხსენება. ეტყობა, თვითონ ეჭვი ეპარებათ ამაში. რაღაცნაირად, შეკითხვებს თვითონ სვამენ და თვითონვე პასუხობენ. არავითარი ასაღელვებელი აქ არ არის. უბრალოდ, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მასიური დღესასწაული რეგიონებშიც, დედაქალაქშიც. ეს იდეა აქვს პრემიერს და სამხედრო კომპონენტი ამ ყველაფერში აუცილებლად იქნება, მაგრამ რა ფორმით, რა დოზით, ეს არის შესაჯერებელი. როგორც კი შეთანხმდება, მერე გამოვაცხადებთ", - განმარტა ალასანიამ.
წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა 26 მაისის ღონისძიების ისეთი ფორმა მოინახოს, რომ პრეზიდენტს როლი არ ჰქონდეს, ალასანიამ უარყოფითად უპასუხა. მისივე განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დიდ პატივს სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. მინისტრის შეფასებით, იყო კოჰაბიტაციის რთული პერიოდი, როდესაც "იჭიმებოდა დანიშვნები და შერჩევა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის" თუმცა, ალასანიას შეფასებით, შეთანხმება მოხერხდა და "მომავალშიც ასე გაგრძელდება".