ყველას, ვინც აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის დაწყების თაობაზე ტალიავინისეულ და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში გამოხატულ შეფასებას იზიარებს, სააკაშვილის მომხრეები პუტინის პოზიციის გამხმომვანებლ მოღალატეებად მოიხსენიებენ. ივანიშვილის პრეს–კონფერენციაზეც ერთ–ერთი „ჩამჭრელი“ შეკითხვაც ამ თემას უკავშირდებოდა. ჩასაფრებულ ჟურნალისტებს აშკარად იმედი გაუცრუვდათ: ივანიშვილს ამ თემაზე ახალი და მით უმეტეს, სენსაციური არაფერი უთქვამს. მან ის გაიმეორა, რაც აგვისტოს ომის დაწყების შესახებ ისედაც საყოველთაოდ, მთელი მსოფლიოსათვის არის ცნობილი. მოგვიანებით, ივანიშვილის პრეს–სამდივნომ ამ თემასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარიც გამოაქვეყნა:
„ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით ღიად დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში, რაც, მათივე თქმით, სიცრუეს წარმოადგენს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ბიძინა ივანიშვილის მიერ 1 ნოემბრის პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, არსებობს ტალიავინის კომისიის დასკვნა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მოაწერა ხელი. ორივე დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ ომის დაწყების თარიღად 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის მიმართულებით ქართული სამხედრო შენაერთების მიერ გაუფრთხილებელი ცეცხლის გახსნა სახელდება, რასაც შედეგად რუსეთის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მოჰყვა. კერძოდ, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუციის მე-5 პუნქტის თანახმად, „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებლად საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“.
ბიძინა ივანიშვილმა აქვე მიუთითა, რომ აგვისტოს ომს წინ უსწრებდა ოსური მხარის მიერ ქართული სოფლების დაბომბვა. „ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ ქართული სოფლები, გამოეყვანათ საშიში ზონიდან მოსახლეობა, მოეწვიათ საერთაშორისო ორგანიზაციები და დაეფიქსირებინათ, რაც ხდებოდა, დაიწყო ცხინვალის დაბომბვა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აქ მოყვანილ რეზოლუციაში ომის დაწყების უდავო ფაქტის, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში არავითარ ეჭვს არ იწვევს, მკაფიო კონსტანტირებაა. ტალიავინის კომისიის მოხსენებაშიც იგივეა ნათქვამი და საქართველოს მხრიდან 7 აგვისტოს ძალის გამოყენება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ობიექტურადაც არის შეფასებული.
7 აგვისტოს 23.35 წთ–ზე სააკაშვილის სატელეფონო ბრძანების შედეგად იერიშის დაწყება ქ. ცხინვალზე ტალიავინის კომისიის დასკვნის თანახმად ასე ფასდება: „არსებობს დამაჯერებელი ფაქტები, რომლებიც აჩვენებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს საქართველოს მიერ განხორციელებული ოპერაცია არ წარმოადგენდა მხოლოდ თავდაცვთ აქციას. ამის პირველი ინდიკატორია ის, რომ ქართველ სამშვიდობო ძალათა მეთაურმა ბრიგადის გენერალმა ყურაშვილმა უშუალოდ შეტევის დაწყების შემდგომ განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“. შემდგომ მან უარყო თავისი ეს განცხადება, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა ღიად გააპროტესტა იგი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქი – ცხინვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამხედრო მოქმედება არ იყო მხოლოდ წინმსწრებ ინციდენტებზე საპასუხო რეაქცია, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა.“
შეტევითი სამხედრო ოპერაციის, როგორც პოლიტიკური მიზნების მქონე აქციად შეფასების შემდგომ ტალიავინის კომისიის დასკვნა ცალსახაა: „ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალზე განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო შეტევა, რომლის ბრძანებაც გასცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, არ იყო პროპორციული, გამომდინარე, საქართველოს მიერ ძალის გამოყენება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდაცვა“.
ტალიავინის კომისიას ფაქტების დამდგენი მისიის მანდატი გააჩდა. ცხადია, მის ამოცანებში არ შედიოდა იმ პოლიტიკური მიზნების გარკვევა და შეფასება, რასაც, როგორც დასკვნაშია მითითებული, აშკარად გულისხმობდა ცხინვალზე სამხედრო შეტევა. ამ კომისიისათვის საკმარისი იყო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სააკაშვილის მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობის გარკვევა. მიუხედავად იმისა, თუ რა იყო სამხედრო აქციის პოლიტიკური მიზანი – „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“, თუ სხვა რამ, ტალიავინის კომისია პირდაპირ აცხადებს, რომ ცხინვალზე შეტევის სამხედრო ოპერაცია თავდაცვით აქციად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. კომისიის დასკვნაში ისიც ცალსახად არის ახსნილი, რომ გაეროს წესდებით სამხედრო ძალის ლეგიტიმური გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნით არის დაშვებული. გამომდინარე, საკითხი, თუ ვინ გამოიყენა ამ ომის დასაწყებად არალეგიტიმურად სამხედრო ძალა, ცალსახად არის გარკვეული – ომი სააკაშვილმა დაიწყო 7 აგვისტოს, 23.სთ–სა და 35–წთ–ზე.
აქვე ისიც ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ტალიავინის დასკვნის მიხედვით პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ქართულ მხარეს ეკისრება.
მოხსენებაში ნათლად არის გარკვეული, რომ მართალია, საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო, მაგრამ ეს მოხდა სეპარატისტების წინასწარი, გამიზნული პროვოკაციული მოქმედებების შედეგად, რასაც რუსეთი აქტიურად უჭერდა მხარს. რაც მთავარია, რუსეთმა შემდგომ სრულიად უკანონოდ დაარღვია სამშვიდობო მანდატი და თავისივე პროვოცირებული ომი გამოიყენა ქართული ტერიტორიების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისათვის.
ტალიავინის კომისიამ პასუხი გასცა საერთაშორისო საზოგადოებისათვის საინტერესო შეკითხვებს ამ ომთან დაკავშირებით. ჩვენთვის, კი ქართველებისათვის, უმთავრესი საკითხები კვლავაც ბურუსითაა მოცული. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ საზოგადოებაში ამ ომის თაობაზე რადიკალურად საპირისპირო პოლიტიკური შეხედულებები ნამდვილად არ გვაკლია, აგვისტოს მოვლენების სამართლებრივი შეფასება, რაც პოლიტიკურ კამათსაც წერტილს დაუსვამდა, დღემდე არ მომხდარა.
ამ ომთან დაკავშირებით ყველა არსებითი სამართლებრივი ხასიათის შეკითხვა პასუხგაუცემელია. არც ერთი საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელი საზოგადოება და სახელმწიფო ასეთ შეკითხვებს უპასუხოდ არ დატოვებდა. ხელისუფლება აგერ უკვე მეთხუთე წელია თვალში ნაცარს გვაყრის და ყველანაირად ცდილობს ეს უხერხული შეკითხვები მიჩქმალოს. თუკი ხმამაღლა ვინმე გაბედავს და სიმართლეს მაინც შეახსენებს, მათი რეაქცია ისტერიულად თავშეუკავებელი და მწვავეა. რატომ? იქნებ სწორედაც იმიტომ, რომ, როგორც იტყვიან – ქურდს ქუდი ეწვის?
ომის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასებისათვის ორ მთავარ შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი:
1) რა იყო ცხინვალზე განხორციელებული სამხედრო შეტევის პოლიტიკური მიზანი? რამდენად ლეგიტიმური იყო ეს მიზანი? მიღწევადი იყო თუ არა იგი?
2) რამდენად კონსტიტუციურად და მოქმედი სამართლის ფარგლებში მოხდა სამხედრო ძალის გამოყენება?
პირველი შეკითხვა უმეტესწილად ამ ომის პოლიტიკურ, ხოლო მეორე – სამართლებრივ შეფასებას უკავშირდება.
არც ერთ ამ შეკითხვაზე ხელისუფლებას ნათელი პასუხი არ გაუცია. ეს ნიშნავს, რომ სიმართლე ამ ომის შესახებ დაფარულია. ამისათვის ომის დასრულებისთანავე იზრუნეს. სამხედრო–პოლიტიკური კრახი თავიანთი „პიარ–ჯადოქრობით“ წარმატებად გაასაღეს და პროპაგანდისტულმა მანქანამ ომის უმძიმესი შედეგები არარსებული, გამოგონილი მიღწევებით გადაფარა.
საკითხის მისაჩქმალად და ზემოთ დასმულ შეკითხვებზე თავის ასარიდებლად ხელისუფლებამ ფსევდოოპოზიციაც კარგად გამოიყენა. თავისი მოქმედების „გასაპრავებლად“ ხელისუფლებამ ომის დასრულებისთანავე პ. დავითაიას ხელმძღვანელობით შექმნა ე.წ. აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისია. ამ კომისიის კონიუნქტურული დასკვნა, რომელიც ზემოთ დასმულ შეკითხვებზე ფაქტიურად არაფერს ამბობს, საქმის ნამდვილ ვითარებაში გასარკვევად არ გამოდგება. პ. დავითაიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ტალიავინის დასკვნებამდე ხელისუფლების მოქმედებებისათვის გამართლება გამოეძებნა.
დავითაიას დასკვნა, ანუ ხელისუფლების ოფიციალური ვერსია, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ კონფლიქტი რუსების მიერ სეპარატისტების მხარდაჭერით წლების განმავლობაში ღვივდებოდა, ხოლო აგვისტოს დასაწყისში ამას დაემატა რუსების პირდაპირი სამხედრო ჩართვა. აქედან წარმოდგება მტკიცებულება, რომ ომი აგვისტოს 7–ში კი არ დაწყებულა, არამედ უფრო ადრე, ხოლო 7–ში მან უბრალოდ მწვავე ხასიათი მიიღო.
ის, რომ რუსეთი სეპარატისტებს აქეზებდა და მხარს უჭერდა, მათ შორის სამხედრო ძალითაც, საზოგადოებისათვის ომამდე დიდი ხნით ადრეც კარგად იყო ცნობილი. ეს გარემოება არსებობდა წლების განმავლობაში, მაგრამ ცხინვალზე შეტევის დაწყების საბედისწერო გადაწყვეტილება, რაც ცალსახად აგვისტოს ომის დაწყებად უნდა შეფასდეს, 7 აგვისტომდე მიღებული არ ყოფილა. რატომ? რითი განსხვავდებოდა 7 აგვისტოს შექმნილი მდგომარეობა, მაგალითად, იმავე წლის გაზაფხულზე კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისაგან? რა იყო ამ სამხედრო ოპერაციის რეალური მიზანი? ამ კითხვებზე პ. დავითაიას კომისიას დასაბუთებული პასუხი არ გაუცია.
სიმართლე მაინც არ დაიმალება. ეს სიმართლე თვით ამ კომისიაზე სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების გამოსვლათა სტენოგრამებშიც აშკარად იკითხება. 7 აგვისტოს ღამით სამხედრო აქციის დაწყებას სააკაშვილი პირდაპირ აღიარებს: „მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში.“ შემდეგ სააკაშვილი უშედეგოდ ცდილობს სამხედრო ძალის გამოყენება არა რაიმე პოლიტიკურ მიზანს, არამედ მხოლოდ თავდაცვით აუცილებლობას დაუკავშიროს. ასეთი მცდელობა იმთავითვე განწირულია, რადგან შეუძლებელია ცხინვალზე შეტევითი ოპერაციის თავდაცვად წარმოდგენა. სრულიად ნათელია, რომ 7–ში არმიის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციის შეტევითი ხასიათი აქვს: სხვა რომ არაფერი, ამას ადასტურებს ომის პირველსა და მეორე დღეს ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაცემული სამხედრო „წარმატებების“ ქრონიკა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გამოდიოდა უტიაშვილი ლამის, საათში ერთხელ და რიხით გვამცნობდა მორიგი დასახლებული პუნქტის აღებას. აღარაფერს ვიტყვი ასევე პირდაპირ ეთერში რეგულარულად გაშვებული სააკაშვილისა და ლომაიას მხედრული ტრაბახის თაობაზე.
ცხადია, რომ შეტევით ოპერაციას აუცილებლად უნდა ჰქონოდა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მიზანი. სწორედ პოლიტიკურ მიზანზე მინიშნებას წარმოადგენდა ყურაშვილის ღია განცხადებაც, რომლის კომენტირებისას სააკაშვილი ამბობს: „მამუკა ყურაშვილის განცხადება (კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით) იყო სრული სიბრიყვე, ამ კაცს არ ჰქონია არანაირი მანდატი ამგვარი განცხადების გასაკეთებლად. როცა ატყდა ეს ყველაფერი, მას ეს საკუთარი თავის გამოჩენის სურვილმა ათქმევინა. ეს იქნა ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული. ეს იყო უხეში შეცდომა. კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა – ეს არის ჩეჩნური ტერმინი, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ.“
თურმე, ნუ იტყვით და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა „ჩეჩნური ტერმინი“ (?!) ყოფილა. ამ განმარტებიდან ცხადი ხდება, რომ სააკაშვილს ძალის გამოყენებით წესრიგის აღდგენის სხვა, უფრო „კეთილშობილური“ ტერმინით ახსნა სურს და ასეთი გადაუჭრელი დიალექტიკური ამოცანის გადაწყვეტას ვერ ახერხებს; ანდა, შესაძლოა იმის თქმა უნდა, რომ მას ასეთი „ბრიყვული“ მიზანი არ შეიძლება ჰქონოდა. საკითხავია: რა ტერმინით ახსნის იგი საკუთარი ბრძანების მიზანს? თუ წესრიგის აღდგენა არა, მაშ რა ამოძრავებდა სააკაშვილს? ცალსახაა, რომ პოლიტიკური მიზნის გარეშე ცხინვალის ასაღებად სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებას ლოგიკური ახსნა არ გააჩნია. შეიძლება ეს ასეც არის და გადაწყვეტილება არა ლოგიკით, არამედ იმპულსური რეაქციითა ნაკარნახევი. ხოლო თუ ეს აფექტური მოქმედება არ იყო და არც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენს გულისხმობდა, მაშ რა უნდა ყოფილიყო პოლიტიკური მიზანი? იქნებ დასავლეთის იმედად რუსეთის პროვოცირება ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩასართავად? იქნებ ის უმძიმესი შედეგი, რაც ამ ომს მოჰყვა? – მსხვერპლი, ნგრევა, ძირძველი ქართული სოფლების მიწასთან გასწორება, მოსახლეობის რბევა და დევნა, ლტოლვილები, ქართული ტერიტორიების დე-იურე აღიარება რუსეთის ფედერციის მიერ და ფაქტობრივად მათი ანექსია?
პ. დავითაიას აზრადაც არ მოსვლია ამ შეკითხვების დასმა და მათზე პასუხის მოთხოვნა. მადლობა ღმერთს, პ. დავითაია საქართველოს არ წარმოადგენს – იგი დასთანხმდა და „გამპრავებელის“ იაფფასიანი და უბადრუკი როლი ითამაშა, რაც, ცხადია, მისი პრობლემაა. ამ შეკითხვებზე კი პასუხები სწორედ საქართველოს, სამართლის და არა „გამპრავებლების“ წინაშე უნდა გასცეს სააკაშვილმა.
ჩვენ დღესაც არ ვიცით როგორია სააკაშვილის პასუხი. თუკი რუსეთის სასარგებლოდ სააკაშვილის შეგნებულ ღალატს წინასწარ გამოვრიცხავთ და დავუშვებთ, რომ ომის უმძიმესი შედეგები მას გაცნობიერებული არ ჰქონდა, ორში ერთ–ერთი რამ უნდა ვივარაუდოთ:
1) სააკაშვილს დიდხანს თავი არ უმტვრევია და სეპარატისტების პროვოკაციათა პასუხად იმპულსურად მიიღო გადაწყვეტილება შეტევითი ოპერაციის დაწყების თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად ომის დაწყების პოლიტიკური მიზანი სააკაშვილს გააზრებულიც არ ჰქონდა, რაც ბუნებრივია, არა მხოლოდ შეცდომად, არამედ მძიმე დანაშაულადაც უნდა შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს შეიძლება არც ესმოდა თავის მოქმედების პოლიტიკური მიზანი, ამ მიზნის ლეგიტიმურობა არმიამ სწორედ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის კანონიერებაში დაინახა, რასაც ყურაშვილის განცხადება თვალნათლივ ადასტურებს.
2) სააკაშვილს ნამდვილად სურდა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ცხინვალის რეგიონში და ამიტომაც გასცა შეტევითი ოპერაციის დაწყების ბრძანება. ეს ნიშნავს, რომ მას გაცნობიერებული არ ჰქონდა, ანდა შეგნებულად არ გაითვალისწინა, რომ იმ ვითარებაში კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თავისთავად კეთილშობილური (და არა „ჩეჩნური“) მიზანი ეწინააღმდეგებოდა როგორც საერთაშორისო სამართალს (საქართველო შებოჭილი იყო სოჭის 1992 წლის და მისგან გამომდინარე სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით და არ შეეძლო თუნდაც წესრიგის აღსადგენად ცალმხრივად ძალის გამოყენება), ასევე საქართველოს კონსტიტუციასაც (კონსტიტუციის მიხედვით არმიის გამოყენებას წესრიგის აღსადგენად სჭირდება საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შემოღება). გამოდის, რომ იგი შეგნებულად ან შეუგნებლად წავიდა სამართლის წინააღმდეგ. იგი ალბათ, წინასწარ ტკბებოდა ქიმერული წარმატებით და ამიტომაც ხელმძღვანელობდა არა სამართლით, არამედ რომაული სენტენციით: „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ!“. მაგრამ მას დაავიწყდა და დღესაც არ ახსოვს ამ სენტენციის მეორე ნაწილი: „ვაი –დამარცხებულთ!“.
სინამდვილეში რა იყო სააკაშვილის მიზანი და მოტივაცია, ალბათ სასამართლოზე გახდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზანი ამოძრავებდა მას, უმძიმესი შედეგი არ იცვლება – შეტევითი სამხედრო ოპერაციის შედეგად არც კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილა და არც ტერიტორიული მთლიანობა, არც მოქალაქეთა სიცოცხლე, უსაფრთხოება და საკუთრება ყოფილა დაცული, ყველაფერი სწორედაც პირიქით მოხდა. ამიტომ სააკაშვილის მოქმედებას სხვა პოლიტიკური შეფასება ობიექტურად ვერ ექნება. ნათელია, რომ ეს იყო სამხედრო–პოლიტიკური ავანტურა.
+++
ნებისმიერი პრეზიდენტი, თუკი მას შუბლის ძარღვი გაწყვეტილი არა აქვს, აგრეთვე მისი ე.წ. გუნდიც, ამ ავანტურისათვის უმძიმესი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთს გააცნობიერებდა და საერთოდ წავიდოდა პოლიტიკიდან. მაგრამ მოხდა პირიქით – მთელი მსოფლიოსათვის თვალსაჩინო სამხედრო–პოლიტიკური კატასტროფაც კი ამ რეჟიმმა თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენა. ის, რომ მათ ძალაუფლება შეინარჩუნეს (როგორც ამბობენ – „არ ჩამოიშალნენ“), ამ ომში მიღწეულ უდიდეს წარმატებად მიაჩნიათ. არადა, ელემენტარული წესიერება რომ ჰქონდეთ და სიმართლის გახსენებაზე ისე „დერზკად“, როგორც მაგალითად „კაკოიე“ ბობოხიძე მოიქცა, არ იქცეოდნენ, იოლად მიხვდებოდნენ, რომ ამ ომში რაიმე წარმატებაზე საუბარი ქართველი ხალხის აბუჩად აგდება და უზნეო ცინიზმია.
პოლიტიკური პაუსხისმგებლობის გარდა, სააკაშვილის და მისი გუნდის მოქმედებას სამართლებრივი ასპექტიც გააჩნია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო უპირველესად სწორედ სამართლის აღსრულებაა. მართლაც, თუ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება – ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე.
როგორ შეიძლება სამართლის კუთხით სააკაშვილის მიერ 7 აგვისტოს ჩადენილი ავანტურის შეფასება? რამდენად კანონიერი იყო სააკაშვილის მიერ შეტევითი ოპერაციისათვის სამხედრო ძალის გამოყენება? კონსტიტუცია და მოქმედი სამართალი ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს სცემს.
საქართველოს კონსტიტუციის მე–100 მუხლის 1–ელი პუნქტის თანახმად: „სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად.“
ამასთან, კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდენტის მიერ სამხედრო ძალების გამოყენება მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი – საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. კონსტიტუცია (73–ე მუხლის 1–ელი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები) ასევე განსაზღვრავს, რომ როგორც საომარი, ასევე საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დასამტკიცებლად პარლამენტს 48 საათის განმავლობაში უნდა წარუდგინოს.
7 აგვისტოს ღამის 23.35 წთ–ზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც პ. დავითაიას კომისიის სტენოგრამები ამას ადასტურებენ, ტელეფონით გადაცემული ბრძანების სახით იქნა მიღებული.
ამ სატელეფონო ბრძანების შემდეგ 9 აგვისტომდე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შესახებ არ გამოცემულა. 9 აგვისტოს გამოცემული იქნა პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“, რომელიც იმავე დღეს, 9 აგვისტოსვე დაამტკიცა პარლამენტმა.
7 აგვისტოს ღამის თორმეტი საათიდან 9 აგვისტომდე, როცა პრეზიდენტის მიერ გამოცხადდა საომარი მდგომარეობა, სამხედრო ძალა გამოიყენებოდა ყოველგვარი სამართლებრივი რეჟიმის შემოღებისა და დასაბუთების გარეშე, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამხედრო ძალა მან გამოიყენა მხოლოდ ვერბალური, სატელეფონო ბრძანების ძალით, რასაც დაუყოვნებლივ არ მოჰყვა არმიის გამოყენების დასაბუთება – პრეზიდენტის ნორმატიული შინაარსის აქტი: ბრძანებულება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რაც არც 7–ში და არც 8–ში გამოცემული არ ყოფილა.
9 აგვისტოს, უკვე „პოსტ ფაქტუმ“ გამოცემული ბრძანებულება ვერ გაამართლებს 7–ში არმიის არაკონსტიტუციურ გამოყენებას. აქ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაცაა საყურადღებო: 9–ში, 7–სგან განსხვავებით არმიის გამოყენების სრულიად მკაფიო საფუძველი წარმოიშვა – სახეზე იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან სრულმასშტაბიანი, მტრული სამხედრო მოქმედება, რაც 7–ში, ე.ი. არმიის თავდაპირველად გამოყენების მომენტში ვერ დასაბუთდებოდა და არც დასაბუთებულა.
აქ, საქმის ვითარებაში გასარკვევად, ტალიავინის კომისიის დასკვნასაც უნდა მოვუხმოთ, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ: „მისია ვერ დარწმუნდა საქართველოს იმ შეხედულებების ჭეშმარიტებაში, რომ თითქოს რუსი ჯარისკაცები როკის გვირაბის გავლით უკვე შემოიჭრენ საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალზე საჰაერო და სახმელეთო შეტევამდე, რაც 7 აგვისტოს 23:35–ზე დაიწყო. რუსეთის არმიის ნებისმიერი შეყვანა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ამ მომენტის შემდგომ განხორციელდა, არ შეიძლება შეფასდეს როგორც წინმსწრები შეტევა, რაც საქართველოს მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებას, როგორც თავდაცვათ ღონისძიებას, დაასაბუთებდა“.
ეს დასკვნაც ადასტურებს, რომ 7–ში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი სააკაშვილს არ გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ იგი ვერც საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა, რადგან შეზღუდული იყო სოჭის და მისგან გამომდინარე სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რაც კონფლიქტის ზონაში საქართველოს მიერ ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღებას საგანგებო მდგომარეობის, ან მით უმეტეს, „კონსტიტუციური წესრიგის“ აღდეგნის თაობაზე, სრულიად გამორიცხავდა.
ამრიგად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტის მიერ არმიის გამოყენების შესახებ 7 აგვისტოს ღამით მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მას არც ნორმატიული სამართლებრივი საფუძველი არ შექმნია, რაც კონსტიტუციის განსაკუთრებით უხეშ დარღვევას წარმოადგენს. პრეზიდენტის მიერ სამხედრო ძალის კონსტიტუციის ასეთი უხეში დარღვევით გამოყენებამ გამოიწვია განსაკუთრებით სავალალო შედეგი – ქვეყნის სამხედრო–პოლიტიკური მარცხი, რაც ნამდვილად ქმნის საკმარის სამართლებრივ საფუძველს, რომ პარლამენტმა მისი იმპიჩმენტის საკითხი დასვას, ხოლო უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილს სახელმწიფო ღალატის ბრალდება წაუყენოს.
+++
კონსტიტუცია და კანონმდებლობა სწორედ იმიტომ არსებობს, რომ პირველ ყოვლისა, უმაღლესმა მთავარსარდალმა და განსაკუთრებით კი კრიზისულ ვითარებაში, მათ დაუჯეროს და საკუთარ გულისთქმას არ აჰყვეს. სააკაშვილს რომ კანონიერად, კონსტიტუციის ფარგლებში ემოქმედა, ამ ომს და მის სავალალო შედეგებს თავიდან ავიცილებდით.
ნათქვამია – ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. ხელისუფლების მოვალეობა, მისი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ უკანონო გზაზე არ გადაუხვიოს და ურემი არ გადააბრუნოს. სააკშვილს აგვისტოს კრიზისის განსამუხტად და რუსებისაგან წაქეზებული სეპარატისტების პროვაკაციებზე პასუხის გასაცემად იმთავითვე კანონიერი გზა უნდა აერჩია. კონსტიტუციისა და სამართლის მიხედვით მისი მოქმედება ზოგადად დაახლოებით ასეთი თანმიმდევრობის უნდა ყოფილიყო:
1) აგვისტოს დასაწყისშივე, როცა ვითარება კონფლიქტის ზონაში უკიდურესად დაიძაბა და კრიტიკული გახდა, ადექვატურად უნდა შეფასებულიყო არსებული საფრთხე; წინასწარ გათვლილი უნდა ყოფილიყო მოქმედების რამდენიმე სცენარი, მათ შორის – სამხედრო ძალის გამოყენების და შესაბამისი თავდაცვითი (და არა ცხინვალზე შეტევის)სამხედრო ოპერაციის აუცილებლობის შემთხვევაც;
2) თუ მოსახლეობის უსაფრთხოება, მათი სიცოცხლისა და საკუთრების დაცვის აუცილებლობა მოითხოვდა თავდაცვითი სამხედრო ოპერაციის განხორციელებას, იგი კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ზედმიწევნით დაცვით უნდა დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო;
3) კულახმეტოვის მოხსენების შემდგომ, რომელშიც აღიარებულია, რომ სოჭის ხელშკრულებით განსაზღვრული სამშვიდობო ფორმატი და მისი მექანიზმები ვეღარ მუშაობს (ეს ფაქტი ტალიავინის კომისიის დასკვნაშიც ხაზგასმულია), ყველა საერთაშორისო დიპლომატიური არხით, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით, მთელი სიმწვავით უნდა დასმულიყო საკითხი რუსეთის სამშვიდობო მანდატის გაუქმებისა და ახალი ფორმატის განსაზღვრის აუცილებლობის მოთხოვნით;
4) საქართველოს ღიად უნდა განეცხადებინა, რომ კრიტიკულ სიტუაციის შემდგომი გამწვავებისას იგი იძულებული გახდებოდა ცალმხრივად შეეწყვიტა რუსი სამშვიდობოების, რომლებიც თავიანთივე აღიარებით, ვეღარ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, მანდატი და მოეხდინა სოჭის ხელშეკრულების, აგრეთვე მისგან გამომდინარე ყველა საერთაშორისო შეთანხმების დეზავუირება;
5) საქართველოს უნდა განეხორციელებინა დიპლომატიური დემარში რუსეთის წინააღმდეგ – დამუქრებოდა მას დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტით და ყველა საერთაშორისო დიპლომატიური არხით დაჟინებით მოეთხოვა რუსეთის ფედერაციისაგან საერთაშორისო ვალდებულებების და სამართლის დაცვა;
6) თუ ეს დემარში და წინმსწრები დიპლომატიური ნაბიჯები შედეგს არ გამოიღებდა და სეპარატისტების პროვოკაციული მოქმედებები არ ჩაცხრებოდა, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის წინაშე უნდა დაესვა კონფლიქტის ზონის სტატუსთან დაკავშირებული ყველა მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულების დეზავუირების საკითხი, შემდგომ ამისა – გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა ცხინვალის რეგიონში და მხოლოდ სრული სამართლებრივი დასაბუთებისა და ნორმატიული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიეღო გადაწყვეტილება თავდაცვითი სამხედრო ოპერაციის და მოსახლეობის სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთი კანონიერი ნაბიჯების თანმიმდევრული გადადგმის შემთხვევაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების, მით უმეტეს ცხინვალზე შეტევის განხორციელების, აუცილებლობა საერთოდ არც წარმოიშვებოდა.
ამის მაგივრად სააკაშვილმა უკანონობის გზა აირჩია, რასაც სამხედრო–პოლიტიკური კრახი მოჰყვა შედეგად. ამისათვის მან პასუხი უნდა აგოს.
+++
სააკაშვილის დადანაშაულება სამხედრო–პოლიტიკურ ავანტურასა და სულ ცოტა, კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, არამც და არამც არ ნიშნავს რუსეთის გამართლებას.
მარტივი პროპაგანდისტული ტრუკი, რომ სააკაშვილის ბრალი პუტინის გამართლებაა, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ვეღარ მუშაობს. სააკაშვილი და მისი გუნდი პასუხისმგებლობას ვერსად დაემალება. რუსეთმა მოახერხა და მრავალგზის მცდელობის შემდგომ ბოლოს მაინც წარმატებით განახორციელა სააკაშვილის პროვოცირება, ხოლო საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის შედეგად რამდენიმე მოკლევადიან პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია: აღიარა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა, რითაც დე-ფაქტო მოახდინა საქართველოს ამ ტერიტორიების ანექსია. რაც მთავარია, გარკვეული ვადით შეაჩერა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი. ხანგრძლივ პერსპექტივაში ამ პოლიტიკას წარმატება ვერ ექნება. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ფაქტობრივად როგორც სამხრეთ–ოსეთი, ასევე აფხაზეთიც არა მხოლოდ მარიონეტულ, არამედ რუსეთის ფედერაციაზე სრულად დამოკიდებულ პოლიტიკურ წარმონაქმნებს წარმოადგენენ. ეს მძიმე ტვირთია თავად რუსეთისათვისაც, რომელსაც სურს ცივილიზებულ სამყაროში ადგილი დაიმკვიდროს.
რუსეთისაგან ჩვენი უფლებების პატივისცემა რომ მოვითხოვოთ, პირველ რიგში ჩვენვე უნდა აღვასრულოთ სამართალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირს, რომელიც ჯიუტად ებღაუჭება ძალაუფლებას და მთელი თავის მოღვაწეობით უარყოფს და ფეხს ქვეშ თელავს კონსტიტუციასა და სამართალს, პრეზიდენტის სავარძლის მაგივრად თავისი კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ.