უახლოეს დღეებში ვიწყებთ აგვისტოს ომში წარმოებული საბრძოლო მოქმედებების შეფასებას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გადაცემა "მთავარ კითხვაში" სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ეს არ იქნება პოლიტიკური შეფასება. მისი თქმით, მოხდება კვლევა, თუ როგორ იმუშავა რეზერვმა, რატომ ვერ მოხერხდა სოფლების ევაკუაცია.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, დიდ კითხვის ნიშანს ბადებს ასევე ის, თუ როგორ მოხმარდა რვა მილიარდი ქართულ არმიას და რამ განაპირობა სამხედრო წარუმატებლობა.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება საკითხი, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.
"საქართველოს, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთმა აგრესიული საომარი კამპანია დაიწყო და ოკუპაცია გაუკეთა. ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებდა, მომავალშიც არავინ დააყენებს. ფაქტობრივი მასალა არის ისეთი, რომ ამას წყალი არ გაუვა. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ეთანხმება ომით შეცვლილ საზღვრებს. მაგრამ ჩვენ მართლაც გვაინტერესებს, რატომ ვერ დაიცვა საქართველომ თავი, რომ მომავალში გვქონდეს რეალური დოქტრინა, რომ აღარ განმეორდეს იგივე", - განაცხადა ალასანიამ.