საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ "სამშობლოს დამოუკიდებლობა ჩვენთვის ისეთივე ძვირფასია, როგორც 1989 წლის 9 აპრილს".
"24 წლის წინათ რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედია ქართველი ერისთვის დღემდე ერთიანობის და რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის მიმართ დაუმორჩილებლობის მნიშვნელოვან სიმბოლოდ რჩება. ამ ღამით ყველაზე კარგად გამოჩნდა ქართველი ერის შეუპოვრობა, სიმამაცე და თავისუფლების სიყვარული. ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ თავისუფლების იდეა ჩვენთვის კვლავაც ყველაზე მძლავრი იდეაა და ის ყოველთვის გაიმარჯვებს, ქართველი ერი არასდროს აღარ იცხოვრებს მონობაში და აღარ იქნება სხვისი მსახური. ვაფასებთ მათ თავგანწირვას, ვინც რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის ღამეს იდგა და კარგად ვიცით, რას ნიშნავს ქვეყნის განვითარებისა და წარმატების უწყვეტი ციკლი. ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ გამოწვევისა და საფრთხის წინაშე ჩვენი ხალხი თავს არასდროს დახრის. დღეს საქართველო სხვა გამოწვევის წინაშე დგას. იმედი მაქვს, სამშობლოს დამოუკიდებლობა ჩვენთვის ისეთივე ძვირფასია, როგორც მაშინ და ქართველის ერი ისეთივე ერთიანი, მტკიცე და შეუვალი იქნება დღეს არსებული გამოწვევების წინაშე, როგორც 1989 წლის აპრილის დღეებში იყო", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.