ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებები 2008 წლის აგვისტოს ომზე საყოველთაოდ ცნობილია. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ , ერიკ რუბინმა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
რუბინი აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიებაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს.
"უბრალოდ ვიტყოდი, რომ არ მინდა ჩავერიო საქართველოს შიდა პროცესებში. ჩვენი შეხედულებები აგვისტოს ომზე კარგად არის ცნობილი. ჩემი აზრით, ეს საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია",-განაცხადა ერიკ რუბინმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის პერიოდში პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა მასთან ერთად დაიკითხება ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს. მინისტრის ინფორმაციით, აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა.