საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბრიტანელ ხალხს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ პრემიერის პრეს-სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ვუსამძიმრებ ბრიტანელ ხალხს მე-20 საუკუნის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწის მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალებას. იგი იყო უდიდესი მასშტაბის პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თავისი ქვეყანა ფეხზე დააყენა და დიდ ბრიტანეთს ძველი ღირსება დაუბრუნა. მარგარეტ ტეტჩერმა თავისი გამჭრიახი პოლიტიკით და შეუპოვარი ბუნებით უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორიაზე – მან იმჟამინდელ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად შეძლო საბჭოთა იმპერიის დამარცხება და კომუნიზმის იდეოლოგიის დამსხვრევა. ბრიტანელმა ხალხმა სიცოცხლეშივე დაუდგა ძეგლი მარგარეტ ტეტჩერს და უკვდავყო მისი სახელი", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 87 წლის ასაკაში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი გარდაიცვალა.
ტეტჩერის წარმომადგენლის თქმით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
ტეტჩერი პრემიერ-მინისტრის პოსტს 1979-დან 1990 წლამდე იკავებდა, მან 1970 წლების ბოლოს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა შეძლო.
ერის წინაშე დამსახურებისთვის ელიზაბეტ მეორემ ტეტჩერს 1992 წელს ბარონესას ტიტული მიანიჭა.
მარგარეტ ტეტჩერს 17 აპრილს დაკრძალავენ.