როგორ უნდა იმუშაოს ამომრჩეველთა სიების დამდგენმა კომისიამ, რა უფლებები ექნება და რა პასუხისმგებლობა, რა დაჯდება მათი მუშაობა და რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას მათი მუშაობის პროცესში? ეს არის ის მთავარი კითხვები, რაც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით და რაზეც პასუხი არავინ იცის, მაგრამ კომისია მაინც იქმნება.
ხელისუფლების განცხადებით, ეს კომისია კვირის ბოლომდე შეიქმნება. მაგრამ ამას ხელს ის უშლის, რომ ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორიდან ჯერ ვერავინ მოძებნა, ვინც იმ სამი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ადგილს დაიკავებს, რომლებმაც უარი თქვეს კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე.
ესენი არიან „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. სამივე მათგანმა უარი ამ კომისიაში მონაწილეობაზე იმიტომ თქვა, რომ ეს კომისია სიების გადამოწმებას ვერ შეძლებს და, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა შეიქმნას.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა სიის დამდგენი კომისიის შექმნის საკითხი ერთ-ერთია იმ საკითხთაგან, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის ზაფხულში შეთანხმდა.
ამასთან, შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიას დასკვნისთვის მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს გაეგზავნა. პროექტში ასახულია ის საკითხებიც, რაც ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებულია, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმირება, პარტიათა დაფინანსების საკითხი, საარჩევნო დავების თემა და ა.შ. ასევე ის საკითხები, რაც ამ ოპოზიციასთან შეთანხმებული არ ყოფილა, მათ შორის, გუბერნატორებისთვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მიცემა, მარკირების და საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის გაუქმება, სახლმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისთვის საარჩევნო დაფინანსების უფლების მიცემა და ა.შ.
ვენეციის კომისიის დელეგაციამ კი პირველადი შენიშვნები თითქმის ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა, მაგრამ საბოლოო დასკვნა, ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ტომას მარკერტის თქმით, 16-17 დეკემბერს გამოქვეყნდება.
ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პროექტში არ არის მოხვედრილი სამი კომისიის, - ამომრჩეველთა სიების დამდგენი, უწყებათაშორისი, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგს განახორციელებს და მედიამონიტორინგის შექმნის საკითხი.
საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და მედიამონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით სექტემბრის პირველ რიცხვებში ითქვა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართებოდა შეხვედრა, ერთის მხრივ, უშიშროების საბჭოში, რათა უწყებათაშორისი კომისიის ფუნქციებზე მომხდარიყო შეთანხმება და, მეორე მხრივ, ცესკოში – მედიამონიტორინგის კომიისის საკითხებთან დაკავშირებით.
ორი თვის შემდეგაც კი, არც ერთი შეხვედრა არ გამართულა და საერთოდ უცნობია, ამ კომისიებს რა ფუნქციები ექნებათ. ხელისუფლება ამას იმით ხსნის, რომ „საჩქარო არაფერია, რადგან ამ კომისიებმა ფუნქციონირება 2012 წლის ივლისში და აგვისტოში უნდა დაიწყონ“.
რაც შეეხება ამომრჩეველთა სიების დამდგენ კომისიას, მიუხედავად იმისა, რომ სათანადო საკანონმდებლო ცვლილება საჩქაროდ იქნა მიღებული იმ მოტივით, რომ კომისიას დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, კომისია დღემდე არ შექმნილა.
უკვე მიღებული ცვლილების თანახმად კი, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით, კომისია პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნება და მის შემადგენლობაში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შევლენ ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 21-ზე ნაკლები. ასევე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობაში პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებას საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავს.
კომისია ორგანიზაციულ-ტექნიკურ საქმიანობას და საინფორმაციო უზრუნველყოფას აპარატის მეშვეობით განახორციელებს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს კომისია თავის შემადგენლობიდან აირჩევს. კომისიის თავმჯდომარე კი, აუცილებლად ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი წევრი უნდა იყოს. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაამტკიცებს. კომისიის სხდომებზე გადაწყვეტილებები დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით მიიღება, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო შემადგენლობის მესამედისა.
კომისიამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიის დაზუსტება სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის კარდაკარ გადამოწმების პრინციპით. ამასთან, სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი იქნებიან, რომ კომისიასთან ითანამშრომლონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დასაზუსტებლად. კომისიის საქმიანობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. კოდექსში ასევე ჩაიწერა, რომ კომისიამ ამომრჩეველთა სიების დაზუსტება 2012 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყოს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს. ეს სია კი, უკვე ამომრჩეველთა ერთიანი სია იქნება.
მაგრამ საინტერესო ის არის, რომ არასამთავრობო სექტორი ამ კომისიის შექმნას სკეპტიკურად უყურებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს კომისია სიების გადამოწმებას ვერ შეძლებს და, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა შეიქმნას.
ამ არგუმენტით ცოტა ხნის წინ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საია-მ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განაცხადეს, რომ ისინი ამ კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვებიან. მათ არგუმენტად რამდენიმე ფაქტორი დაასახელეს.
როგორც საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, არ არის განსაზღვრული, თუ ვინ არის სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელი და ასეთი დამოკიდებულება აჩენს უნდობლობას. ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად საარჩევნო სიები უფრო მეტად აირიოს, ვიდრე დღეს არის. ამასთან, მიიჩნევს, რომ სიების გადამოწმება უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო რეესტრმა და ცესკომ, რომელსაც ამის ყველანაირი რესურსი გააჩნია და შემდეგ კომისიამ უნდა გადაამოწმოს.
კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით მოსალოდნელი პრობლემების შექმნაზე ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ, რომლებმაც კომისიის წევრობაზე თანხმობა უკვე განაცხადეს.
„კომისია, კანონის თანახმად, 2012 წლის 1 ივლისამდე იმუშავებს და ამომრჩეველთა სია უნდა დადოს 2012 წლის 1 ივლისს. კონსტიტუციით არჩევნები ტარდება 2012 წლის ოქტომბერში. ივლისიდან ოქტომბრამდე არის სამი თვე და გაურკვეველია, ამ სამ თვეში ეს სია რა დეფორმაციას განიცდის და ამაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი. ამიტომ მიმაჩნია, რომ თუ სია კომისიამ უნდა შეადგინოს, ბოლომდე უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ სიაზეც და მის ფორმირებაზეც. ამ სამი თვის განმავლობაში ამ სიაში რა ცვლილება შევა და საბოლოოდ ამ კომისის მუშაობას ექნება თუ არა აზრი, ძნელი სათქმელია. ამიტომაც აუცილებელია, რომ ეს კომისია ამ საკითხზე ბოლომდე იყოს პასუხისმგებელი“, - აცხადებს ორგანიზაცია „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახი კახიშვილი.
მიუხედავად ამისა, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მისთვის ამ არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილება კომისიაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით გაუგებარია.
„მე არ ვიცი, ამ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უარი რატომ თქვა, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ყველა არჩევნებზე პრობლემას წარმოადგენდა სიები. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოქმედება სჯობს უმოქმედებას და ბოლოს და ბოლოს კომისიაში ჩართულობა მეტი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მისცემდათ. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ ამ კომისიის წევრმა გაკეთო სერიოზული განცხადება, თუ ნახე, რომ რაიმე დარღვევას აქვს ადგილი, ამაში ხელს არავინ გიშლის და, თუ სახლში იჯექი და არ გექნება ინფორმაცია, რა მონაცემებით დგინდება ერთიანი სია, სათანადო ინფორმაციასაც ვერ მიიღებ. ამიტომაც არ მგონია, რომ მხოლოდ იგივე საჯარო რეესტრმა მოახერხოს სიის ფორმირება, რადგან აქამდე სწორედ საჯარო რეესტრი ადგენდა სიებს და ამის კმაყოფილი არავინ იყო“, - ამბობს კახი კახიშვილი.
რაც შეეხება უშუალოდ კომისიის ფორმირებას, იმის გამო, რომ კანონით არ შეიძლება, კომისიაში 21 წევრზე ნაკლები შევიდეს, ხელისუფლება იძულებულია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაანაცვლოს. მაგრამ, როგორც ხელისუფლება ამბობს, ჯერჯერობით. ამ სამი ორგანიზაციის ვინაობა გარკვეული არ არის და იმედოვნებენ, რომ კვირის ბოლომდე გაარკვევენ.
ის სამი არასამთავრობო ორგანიზაცია კი მზად არის, რომ კომისიასთან ითანამშრომლოს, თუ კი მათი რესურსი დასჭირდებათ.
„ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს საარჩევნო სიების მონიტორინგს და, შესაბამისად, თვლიან, რომ ამ შემთხვევაში, მათთვის ინტერესთა კონფლიქტს აქვს ადგილი. ეს ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ კომისიის წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს, მაგრამ აქვე მივიღეთ თანხმობა, რომ ისინი კომისიის მუშაობაში სრულად იქნებიან ჩართულნი და მუშაობაში ექსპერტული წინადადებებით დაგვეხმარებიან. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ რესურსს გამოვიყენებთ“, - აცხადებს პარლამეტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი, პავლე კუბლაშვილი.
რაც შეეხება კომისიის დებულებას, თუ რა წესით უნდა იმუშაოს ამ კომისიამ, ჯერჯერობით, არ არის განსაზღვრული და მისი შემუშავება მხოლოდ კომისიის ფორმირების შემდეგ მოხდება ისევე, როგორც ამ კომისიის ბიუჯეტის განსაზღვრა.
„კანონმდებლობაში მხოლოდ ის სწერია, რომ ძირითადი ფინანსური გასავლები მოხდება ბიუჯეტიდან, მაგრამ ეს რა დოზით იქნება, რა ინტენსივობით, ნაერთი ბიუჯეტი რამდენი იქნება და ასე შემდეგ, ეს უნდა გაკეთდეს მას შემდგ, რაც კომისია გადაწყვეტს, როგორ უნდა იმუშაოს. უნდა მოხდეს დათვლა და შემდეგ გაკეთდება განაცხადი, თუ რამდენია საჭირო. იქამდე კი, ვიდრე ეს კომისია არ ჩამოყალიბდება და არ განისაზღვრება, რა წესით იმუშავებს და არ განსაზღვრავს, რა და როგორ აქვს გასაკეთებელი, დაფინანსებაზე ლაპარაკი ზედმეტია. კომისია, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის შეიქმნება და პირველივე შეკრებაზე ეს საკითხები გადაწყდება“, - ამბობს „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი, სარედაქციო ჯგუფის წევრი, მამუკა კაციტაძე.