რამაზ საყვარელიძე -

რამაზ საყვარელიძე - "უდიდესი ძვრები გველის წინ, ამას საზოგადოება შეიძლება ბოლომდე ვერც კი აცნობიერებს... სააკაშვილის ხელისუფლება ბოლომდე იბრძოლებს"



"პრეზიდენტი ჯიუტად არ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს. შევეცდები, ვარაუდი გამოვთქვა: სააკაშვილს არც ემოციურად და არც რაციონალურად არ აქვს ჩამოყალიბებული ივანიშვილთან დაპირისპირების სტრატეგია, არ იცის, უკიდურესი აგრესია გამოხატოს თუ გაწონასწორებული ოპონირება გაუწიოს. უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ეს სტრატეგია თითქოს შემუშავებული აქვს და განცხადებებსაც აკეთებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილს უჭირს ივანიშვილზე ლაპარაკი... ან შეიძლება ისეთი რამ ადგას ენაზე, რაც ხმამაღლა არ ითქმის. ამ თემაზე ლაპარაკს იმიტომაც არიდებს თავს, უფრო წამგებიან პოზიციაში რომ არ აღმოჩნდეს", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ქვეყნის კრიმინალიზაციის საფრთხეს ვხედავ" / "წინ გველის ძალიან სერიოზული ბრძოლა, რომელშიც `ნაცმოძრაობის~ დამარცხება მხოლოდ დამარცხება არ იქნება".

"კვირის პალიტრაში~ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძესთან დიალოგის შესაძლებლობა დაუშვა და არ გამორიცხა მასთან თანამშრომლობაც გარკვეულ კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ - ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებს რომ გადავავლე თვალი, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ყველაზე დიდი რია-რია. ჩემი აზრით, აქ გასაკვირი არაფერია, როგორც ხედავთ, ივანიშვილს სურს, ოპოზიციური სპექტრი სტრატეგიულად მაინც გააერთიანოს. ცდილობს, გაეცნოს მათ შესაძლებლობებს, დაინახოს მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ამის შემდგომ გამოიტანოს დასკვნა. სიმტკიცე მართებს ივანიშვილს - უნდა მოახერხოს და საზოგადოება ერთი პოლიტიკური ვითარებიდან მეორეში ისე გადაიყვანოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს დანაკარგი. უდიდესი ძვრები გველის წინ, ამას საზოგადოება შეიძლება ბოლომდე ვერც კი აცნობიერებს. როდესაც სადღაც ნიღბიანი ხალხი სროლაში ვარჯიშობს, პარალელურად კი პოლიტიკური პროცესები მიდის, არსებობს საფრთხე, რომ ამ ორი პროცესის გადაკვეთა მოხდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე. 

"ხელისუფლებამ ეს "რუსული პროექტის" თემა რატომღაც ამოიჩემა. ის კი არ ესმით, რომ თუ ეს ასეა, მაშინ გაცილებით მეტი კითხვა ჩნდება მათი მისამართით, მაგალითად: რატომ აფინანსებდა პუტინი ივანიშვილის ხელით "ნაციონალურ მოძრაობას"? რატომ ააშენა პუტინმა სამება, რატომ გადაარჩინა უამრავი ქართული ძეგლი, უამრავი ქართველი მეცნიერი და ხელოვანი და ა.შ. მაშინ ამ კითხვებს უპასუხონ. მათი არგუმენტები შემოიფარგლება ბურჯანაძის თემით და ივანიშვილის განცხადებით, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო. ეს ხომ არგუმენტები არ არის. ისე, ბურჯანაძესთან გაცილებით ახლო და ხანგრძლივი ურთიერთობა თვითონ სააკაშვილს ჰქონდა. რაც შეეხება ომის თემას, ივანიშვილმა ამას შესანიშნავად გასცა პასუხი", - განაგრძობს პოლიტოლოგი.

"დავაკვირდეთ, როგორ პიარს აწარმოებს ივანიშვილი - მაქსიმალურად ცდილობს, არ აგინოს "ნაცმოძრაობას". ის უმთავრესად პასუხისმგებლობას აკისრებს ერთ ადამიანს, მაგრამ იმასაც არ ლანძღავს. ივანიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკაში აგრესია საერთოდ არ ჩანს, რითაც მოგებიან პოზიციაშია. ხელისუფლება რაც უფრო აგრესიული იქნება, მით უფრო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება. ივანიშვილს, როგორც ჩანს, ინტუიცია კარნახობს, რომ ამგვარ დაპირისპირებაში ცალმხრივი აგრესია წარმოშობს საზოგადოების აგრესიას თვითონ აგრესორის მისამართით. ამისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა საზოგადოების მხარდაჭერაა, რაც, აშკარაა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ აქვს" - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

"რამდენიმე წყაროსგან შევიტყვე, რომ ძალადობის საფრთხე არსებობს. ამბობენ, სამეგრელოს სოფლებში აგროვებენ ხალხსო, რაც მაფიქრებინებს, რომ სამიზნე შეიძლება იყოს დედაქალაქი. ეს კი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. გვახსოვს 1990-იანი წლები და ის განუკითხაობა, რაც ქვეყანაში იყო. დღეს საქართველოში სწორედ ამგვარი კრიმინალიზაციის საფრთხეს ვხედავ. შესაძლოა, ხელისუფლებამ, რომელიც დეკრიმინალიზაციით ძალიან იწონებს თავს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად სწორედ კრიმინოგენური ვითარების დაძაბვა გამოიყენოს და მოსახლეობას წაუყენოს პირობა, თუ გინდათ სიტუაციის მოწესრიგება, ისევ მე უნდა ამირჩიოთო. ვფიქრობ, ივანიშვილი ძალიან უნდა გაფრთხილდეს ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისასაც, რადგან შეიძლება იქ აღმოჩნდნენ გარკვეული სუბიექტები სწორედ ხელისუფლების დავალებით, რომლებიც ხელისუფლების ხელის ერთი დაქნევით შექმნიან პრობლემებს", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე შეიძლება მისი უფროსი ვაჟი უტაც ვიხილოთ, როგორ ფიქრობთ, ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლება შეეცდება უტა ივანიშვილსაც შეუქმნას პრობლემები, თუნდაც მოქალაქეობის თვალსაზრისით?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, შეეცდება, ოღონდ ძნელი სათქმელია, "მენიუში" რა ხრიკები აქვთ. ივანიშვილის განცხადებიდანაც ჩანს, რომ შვილის გაპოლიტიკოსების მომხრე არ არის, ეს მხოლოდ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად მიაჩნია. გიმეორებთ, ჩვენ წინ გველის ძალიან სერიოზული ბრძოლა, რომელშიც "ნაცმოძრაობის" დამარცხება მხოლოდ დამარცხება არ იქნება. მუბარაქის მაგალითს გაგახსენებთ, ეს ძლევამოსილი მმართველი ამას წინათ სასამართლოზე საწოლით მიიყვანეს. ეს ელის ყველა ხელისუფალს, რომლის დანაშაულიც შეიძლება ამოტივტივდეს, ამიტომ სააკაშვილის ხელისუფლება ბოლომდე იბრძოლებს".