პარლამენტში ლეიბორისტების ინიციატივაზე მინიმალურ სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებზე ზღვრული ფასების დაწესებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ხალისობენ. საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნავენ, რომ ლეიბორისტებმა ეს ინიციატივა რამდენიმე ფურცლით შეიტანეს, რომელსაც არც კანონპროექტი მოყოლია და არც მომხსენებელი პარტიიდან. ლეიბორისტები კი უკვე რამდენიმე დღეა ბრინჯზე, შაქარზე, ყველზე, ხაჭოზე, მცენარეული ზეთსა და სხვა აუცილებელ პროდუქტებზე ზღვრული ფასების დაწესებას ითხოვენ.
ლეიბორისტები აღნიშნავენ, რომ მათი ინიციატივის მიზანია, აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე მთავრობის მხრიდან ზღვრული, არასპეკულაციური ფასების დადგენა და ასევე მონოპოლისტი სამეწარმეო სუბიექტების გაკონტროლება.
„სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს საკუთარი მოქალაქეებისთვის საარსებო გარემოს შექმნა მათი სოცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით“, - აცხადებენ ლეიბორისტები.
მათი გათვლებით, მთავრობა მინიმალურ სამომხმარებლო კალათაში შემავალი სასურსათო პროდუქციაზე ადგენს ზღვრულ ფასებს, რომლის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნილებისა და მეწარმე სუბიექტის მინიმალური მოგების გათვალისწინებით.
აღნიშნულ გაანგარიშებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ამტკიცებს მთავრობა დადგენილებით, რომლის შესრულებაც აუცილებელია სამეწარმეო სუბიექტებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულია მინიმალურ სამომხმარებლო კალათაში შემავალი საკვები პროდუექტების ნუსხა და ნორმატივები, როგორიცაა ხორბლის პური, ხორბლის ფქვილი, ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი, შაქარი, ყველი, ხაჭო, მცენარეული ზეთი და სხვა ნაწარმი, რომელთა მიღება აუცილებელია ადამიანის ფიზიოლოგიური არსებობისთვის.
„ეს ყველაფერი სამწუხაროდ ხელმიუწვდომელია საზოგადოების სოციალურად დაუცველი ნაწილისათვის, როგორიცაა პენსიონერები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები, უმუშევრები, მრავალშვილიანები და ა.შ.რომელთა შემოსავლები მკვეთრად ჩამოუვარდება საარსებო მინიმუმით განსაზღვრულ ოდენობას. ამ მდგომარეობას აუარესებს სამომხმარებლო ბაზარზე საკვებ პროდუქტებზე ფასის მკვეთრი ზრდა“, - აცხადებენ მთავარი მშრომელები.
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ლეიბორისტთა ინიციატივას, პარლამენტარები ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ. მათი განცხადებით, შემოსულია რამდენიმე ფურცელი, რომელსაც კანონპროექტის სახე არ აქვს, არ არის არანაირი გათვლები, შესაბამისად დასკვნების გაკეთება რთულია.
ექსპერტის ავთო სილაგაძის განცხადებით, პროდუქტებზე ზღვრული ფასების დაწესება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში არ ჯდება. იგი აღნიშნავს, რომ მონოპოლიური ბაზარი და ხელოვნურად წარმოქმნილი ფასები მართლაც სერიოზული პრობლემაა, რომელიც სახელმწიფომ სხვა ბერკეტების გამოყენებით უნდა გადაჭრას. კერძოდ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.
„ძალიან ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარება პრიორიტეტია, ამიტომ ამ ქვეყნების მთავრობები ცდილობენ წაახალისონ ადგილობრივი წარმოება და მათ ხელსაყრელი საგადასახადო თუ კონკურენტული გარემო შუქმნან. თუ სახელმწიფოს მხარდაჭერა იქნება სამომხმარებლო კალათაში შემავალი ბევრი პროდუქტის წარმოება შეგვიძლია“, - ამბობს ავთო სილაგაძე.
ექსპერტის ნოდარ ხადურის განცხადებით, დაბალი ფასების შენარჩუნება კონკურენციის გაზრდით არის შესაძლებელი, დადგენილი ფასები კი შავი ბაზარს გააჩენს; ანუ დაბრუნდება საბჭოთა კავშირის დროინდელი პრაქტიკა, როდესაც მაღაზიაში უხარისხო იაფფასიანი პროდუქტი იყიდებოდა, ხოლო ნორმალური პროდუქტის ყიდვა „დახლქვეშ“ იყო შესაძლებელი.
„ნებისმიერი დადგენილი ფასი შავი ბაზრის გაჩენას გამოიწვევს. ფასების შესანარჩუნებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს - ბაზარი გახდეს კონკურენტუნარიანი. ბაზარზე ისედაც არიან მონოპოლისტები, თუმცა თუ ზღვრულ ფასს დავადგენთ (მაგალითად, პური 50 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს), მაღაზიებში გაჩნდება დეფიციტი და ამასთანავე დაეცემა ხარისხიც. იმავდროულად შავ ბაზარზე ამ პურს 1 ლარად გაყიდიან; ანუ ეს პროცესი უკონტროლოა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არის კონკურენციის გაზრდა“, - ამბობს ხადური.
ლეიბორისტები კი ფარ-ხმალს არ ყრიან და პარლამენტში საკუთარი ინიციატივის განხილვას საშემოდგომოდ მოითხოვენ.