თუკი ხელისუფლებისთვის სასურველი ადამიანი პუტინს, ან კრემლის რომელიმე მაღალჩინოსანს ელაპარაკება, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავდადებული პატრიოტია და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს. მაგრამ, თუკი რუსეთთან რაიმე კავშირი აქვს იმას, ვინც ხელისუფლებას არ მოსწონს, რა თქმა უნდა, მოღალატე და რუსეთის აგენტია.
სწორედ ასეთი შეფასებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სესიაზე მას შემდეგ, რაც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ მთავრობის წევრების ის სურათები ააფრიალა, სადაც ისინი, მისივე თქმით, „პუტინსა და ლავროვს თვალებში შესციცინებენ“.
ბაღათურიას მიერ პარლამენტის სესიაზე მიტანილ სურათებზე კახა ბენდუქიძეა გადაღებული პუტინთან და ლავროვთან შეხვედრის დროს. ამასთან, მან ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადება წარუდგინა.
„კახა ბენდუქიძე ისე შესციცინებს თვალებში პუტინს, როგორც - მიხეილ სააკაშვილს“, - აღნიშნა ბაღათურიამ.
ამის შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ უკვე ბენდუქიძისა და ლავროვის სურათი აჩვენა კოლეგებს და იგივე სიტყვები გაიმეორა.
ფოტომასალის წარმოდგენის შემდეგ ბაღათურიამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მინისტრი რუსეთის აგრესიას აგვისტოს მოვლენებს უწოდებს.
მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოკა გაბაშვილს მიმართა, რომელმაც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ გასულ კვირას იმ ფაქტისთვის გააკრიტიკა, რომ მათ ეძნელებათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს რუსეთის აგრესია დაარქვან და მოვლენებს მხოლოდ ტრაგიკულს უწოდებენ.
ჯონდი ბაღათურიას განცხადებით კი, „დიმიტრი შაშკინი რუსეთის აგრესიას ტრაგიკულსაც კი ვერ უწოდებს და მას მხოლოდ აგვისტოს მოვლენებად აფასებს“.
დეპუტატის თქმით, სასწრაფოდ უნდა აღიძრეს საქმე ამ მიმართულებით. ბაღათურიამ შაშკინის სიტყვების დასადასტურებლად წაიკითხა მინისტრის მიერ მარტვილის რაიონის რესურსცენტრის დირექტორისადმი მიწერილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული გმირის სახელობის სკოლა უნდა დაიხუროს.
„ბატონო გოკა, ახლა ვიცი, რომ პასუხისთვის ემზადებით. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი სტანდარტებით მოღალატე არის ის, ვინც გაიქცა წითელ ხიდზე ომის დროს და ტელევიზორი და მაცივარი გაიტანა სასომხეთში, ასევე - ვინც მიატოვა საკუთარი ხალხი განსაცდელში და გამდიდრდა და ხალხის ხარჯზე დააგროვა ქონება“, - დასძინა ჯონდი ბაღათურიამ და მართალიც აღმოჩნდა.
მისი გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო კარგად დაიცავდა ბენდუქიძეს. მაგრამ, შაშკინის დაცვა არც არავის გახსენებია და მთელი აქცენტი ბენდუქიძის პატრიოტიზმზე გაკეთდა.
ცხადია, ბაღათურიას გაბაშვილისადმი მიმართვას პასუხი მოჰყვა და გოკა გაბაშვილმა ბენდუქიძის დაცვა იმით სცადა, რომ ოპოზიციას მოუწოდა დაფიქრებისკენ, მაშინ როდესაც ორ პოლიტიკოსს ადარებენ ერთმანეთს. მისი თქმით, „დიდი განსხვავებაა ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთი საქართველოში ჩამოდის რუსული კაპიტალით და მეორე, საქართველოში ჩამოდის და რეფორმებს ახორციელებს“.
გაბაშვილმა ოპოზიციონერებს მოუწოდა ნახონ განსხვავება, იმ ადამიანებს შორის, რომელთაგან ერთი რუსეთის მიერ ემბარგოში საქართველოს ადანაშაულებს და იმ ადამიანს შორის, რომელმაც ამ ემბარგოს შედეგებზე ქართული პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიცირებაზე იმუშავა.
„ის, რომ ჩვენი ექსპორტი დღეს უფრო მეტია, ვიდრე ემბარგომდე, ამ ადამიანმა მას მიაღწია“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა კახა ბენდუქიძეზე და დასძინა, რომ ამ განსხვავებების აღმოჩენას იგი ოპოზიციას ანდობს, თუმცა განაცხადა, რომ მათი საკმარისი ინტელექტუალური შესაძლებლობების იმედი არ აქვს.
გაბაშვილს ასევე მიაჩნია, რომ ჯონდი ბაღათურია უბრალოდ აჟიტირებულია ახალი რუსული ცენტრის შექმნით და ცდილობს დაიკავოს ადგილი დოლარების მომლოდინეებს შორის.
„ის ცდილობს, იდაყვებით სხვები ჩააჩოჩოს და ადგილი დაიკავოს“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მიუხედავად, ევროპისკენ მიდის, ბაღათურია და მისი მეგობრები კი თვალებს აცეცებენ, რომ როგორმე რუსეთი არ გააბრაზონ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი კი ბიძინა ივანიშვილისა და კახა ბენდუქიძის „ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებულ მსოფლმხედველობაზე“ საუბრობს.
მისი განცხადებით, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ იცის ბენდუქიძის პიროვნების შესახებ და იმის შესახებ, რომ ის საქართველოში ქართული საქმის და ქართული რეფორმების გასატარებლად ჩამოვიდა.
ცისკარიშვილის თქმით, სწორედ ბენდუქიძის ძალისხმევის შედეგი იყო, რომ საქართველოს ორციფრიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ისტორიაში არნახული დერეგულაცია მიიღო ბიუროკრატიული სფეროსი, გადასახადები გამარტივდა და ბიზნეს გარემო გაუმჯობესდა.
„ეს კაცი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ქვეყნის აღმავლობას და საგარეო ორიენტირი ჰქონდა ევროპაზე, ნატო-ზე, აშშ-ზე. არ უხსენებია, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა და აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ „ოპოზიცია ასეთ ადამიანს ადარებს იმ კაცს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ბრალია რუსეთის აგრესია, რომ რუსეთმა დაიწყო ემბარგო და იმავდროულად გულგახეთქილი და შეშინებულია, რომ რამე არ აწყენინოს თავის დიდ ხელმძღვანელობას, კრემლსა და მოსკოვში“.
მისი თქმით, ოპოზიცია 90-იან წლებშია ჩარჩენილი და რუსეთის აგენტები და შპიონები ელანდება. როგორც ცისკარიშვილი განმარტავს, აქ საუბარი არ არის აგენტობაზე და შპიონობაზე, კერძოდ მეილებით ინფორმაციის მიწოდებაზე სამხედრო ბაზებზე და ა.შ. არამედ საუბარია მსოფლმხედველობაზე, საგარეო პრიორიტეტებზე, ქვეყნის პატრონობის სურვილზე, ქართული მომავლის დანახვაზე და ა.შ.
„ამ მსოფლმხედველობაზეა საუბარი და ეს ორი ადამიანი დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან - ბენდუქიძე და თქვენი ფავორიტი ივანიშვილი, კაცი რომელიც ემსახურება ქართულ საქმეს და კაცი, რომელიც გამოაგზავეს მოსკოვიდან, რომ ამ ოცნებამ თუ იმედმა, რომელიც დიდი ფულის ტომრით იქნა გამოგზავნილი, როგორმე საქართველოში სიტუაცია შეცვალოს, ქართული ხედვები და საერთაშორისო პრიორიტეტები ჩრდილოეთისკენ შეაბრუნოს“, - დასძინა პეტრე ცისკარიშვილმა.
უმრავლესობის წევრმა რატი სამყურაშვილმა კი ბაღათურია „თავზეხელაღებულ და უპასუხისმგებლო“ განცხადებებში დაადანაშაულა.
მან აღნიშნა, რომ ბაღათურიას მიერ წარმოდგენილი ფოტოები იმ წლებშია გადაღებული, როცა საქართველო მეზობელ სახელმწიფოსთან ღია თანამშრომლობის რეჟიმში იყო. მისი თქმით, პუტინთან, რუსეთის ხელისუფლებასთან, რუსეთის სახელმწიფოსთან სათანამშრომლოდ, ქართული სახელმწიფო ყოველთვის მზად იყო და ამის სურვილიც ჰქონდა მანამ, სანამ რუსეთი საქართველოს ღია აგრესიას გამოუცხადებდა და ქართული სოფლების დაბომბვას დაიწყებდა.
„მარტო ბენდუქიძე კი არა, სააკაშვილი და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები რუსეთთან სათანამშრომლოდ მზაობას მუდმივად აცხადებდნენ და ამისთვის ხელი გვქონდა გაწვდილი. მაგრამ სამარცხივო და სათაკილო ეს კი არ არის, არამედ ის, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობის შეთავაზება და უპასუხისმგებლო აღლუმების მიღება რუსეთის სახელმწიფოში სწორედ ამ მოვლენების შემდეგ ხდება“, - განაცხადა რატი სამყურაშვილმა და დასძინა, რომ ბაღათურიას მიერ წარმოდგენილი სურათები 2005 თუ 2006 წელს არის გადაღებული, მაშინ, როდესაც საქართველო მეზობელ სახელმწიფოსთან ღიად თანამშრომლობდა და მისთვის გაუგებარია, ოპოზიცია ხელისუფლებას რას ედავება.