სააკაშვილმა დიდი ჰესები შეუკვეთა

სააკაშვილმა დიდი ჰესები შეუკვეთა



პრეზიდენტი მოსახლეობას დიდი ეკონომიკური პროექტებს ჰპირდება. დიდი პროექტებს კი საქართველოში ბოლომდე დასრულება არ უწერია, თანაც როგორც წესი მოსახლეობის მხრიდან დიდ მსხვერპლსაც მოითხვოს ხოლმე.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2012 წელი დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი იქნება. ასეთი ომახიანი განცხადება მან ავლაბრის რეზიდენციაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.

“როდესაც ჩვენ ეკონიმიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს ჩვენ განვითარების ახალი პროექტები - ახალი ქალაქები, ახალი კურორტები, ახალი, რევოლუციური სატრანსპორტო კომუნიკაციები გვექნება. მომავალი წელი დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი იქნება. კერძოდ, დაიწყება ნესკრას, ხუდონის, ალბათ, ნამახვანის და სხვა ჰესების მშენებლობა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, სააკაშვილი დანარჩენ ეკონომიკურ პროექტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ახალი, დიდი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების წელიწადი დაიწყება.

“ჩვენ ფრანგებთან ერთად ახალ კურორტს ვაშენებთ სვანეთში, თეთნულდზე. საუბარია დაახლოებით 70 მილიონ ლარზე. მომავალი წლისთვის კახეთისთვის დიდი პროექტები გვაქვს. ეს იქნება ყველაზე გრანდიოზული პროექტი, რომელიც არცერთ რეგიონში არ გვქონია. არა იმიტომ, რომ მე კახეთში დავფუძნდი, არამედ იმიტომ, რომ ეს ობიექტურად საჭიროა კახეთისთვის. ამასთან, უნდა მივხედოთ ბორჯომს, რომლისთვისაც ჩვენ სერიოზული პროექტები გვაქვს.  

ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩვენი ხალხისთვის ის იქნება, რაც მომავალი წლისთვის ახალციხეში განვითარდება. ამასთან, საბოლოო ეტაპზე გადავა სტეფანწმინდა-ყაზბეგის გვირაბის დაგეგმარება. ასევე სერიოზულად ვგეგმავთ სვანეთისა და სხვა რეგიონების მიმართულებით გზებისა და გვირაბების მშენებლობას, სადაც არავის არ წარმოედგინა, რომ ეს შეიძლებოდა, განხორციელებულიყო”, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოში დიდი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას და დიდი ჰესების მშენებლობას დიდი მსხვერპლი მოსდევს. უკვე ცნობილია, რომ “ხუდონისა” და “ნამახვანის” ელექტროსადგურების მშენებლობას რამდენიმე სოფელი შეეწირება. ხუდონის შემთხვევაში მთლიანად დაიტბორება საკმაოდ ცნობილი სოფელი ხაიში, ხოლო რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესის მშენებლობას, შესაძლოა, “ლეჩხუმის კლდედაღმართში” არსებული 14 სოფელი შეეწიროს. ასევე, წყალქვეშ აღმოჩნდება 17 არქიტექტორული და 23 არქეოლოგიური ძეგლი.
ნამახვანის ჰესის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ ჟონეთის, საკირისა და მამაწმინდის ოჯახების ნაწილს წყალტუბოში აფხაზეთიდან დევნილებისთვის განკუთვნილ კორპუსებში ჩაასახლებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, გარდა იმისა, რომ მოსახლეობა კარ-მიდამოს დაკარგავს, განადგურდება დიდი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ხვამლის მღვიმეები, შეიცვლება ეკოსისტემა და გააქტიურდება მეწყერები. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” თავმჯდომარის მანანა ქოჩლაძის ინფორმაციით, “ნამახვანის” კასკადის მშენებლობით 14 სოფელი დაზარალდება, დაახლოებით, 800 ადამიანს გაასახლებენ. დაიტბორება 924 ჰექტარი მიწა (10 კვ_კმ), აქედან 654 heqtari სასოფლო-სამეურნეო მიწებია, რომლებიც აქტიურად მუშავდება. 270 ჰექტარი კი ტყეებია.

“ასევე ზიანი მიადგება ხვამლის ნაკრძალს, რომელიც ტვიშის რეზერვუარიდან 100 მეტრშია. აქ ისეთი მღვიმეებია, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი კულტურული დატვირთვა აქვს. რეზერვუარები შეიქმნება რიონის გასწვრივ 27 კილომეტრზე, ეს ნიშნავს, რომ მდინარის ეკოსისტემა სრულიად შეიცვლება. ასევე შეიცვლება კლიმატი, გააქტიურდება ქარები”, - ამბობს მანანა ქოჩლაძე.

სპეციალისტების განცხადებით, ნებისმიერი ჰესის მშენებლობა, მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა ზარალის მასშტაბები დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებსაც მთავრობამ ეს პროექტები მიანდო. ნებისმიერი ჰესის მშენებლობისას არსებობს გარემოზე ზემოქმედების საშიშროება, თუმცა მასშტაბები განისაზღვრება იმის მიხედვით თუ ვინ აშენებს ამ ჰესს. ქართველი სპეციალისტები, რომლებმაც თავის დროზე აღნიშნული ელექტროსადგურები დააპროექტეს, აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მშენებლობას ჩამოაშორა, შესაბამისად, თურქი ან ინდოელი ინვესტორისთვის (ხუდონჰესს ინდოელები აშენებენ, ხოლო ნამახვანის კასკადს - თურქები) მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ვერ იმოქმედებს.