ხვალ „ექსპო-ჯორჯიის“ მე-11-ე პავილიონში „რესპუბლიკური პარტიის“ მე-14 ყრილობა ელექტრონული არჩევნების სისტემით ჩატარდება. ყრილობა პარტიის ახალ მმართველ გუნდს აირჩევს. კერძოდ, ყრილობის დელეგატები 35-კაციან ახალ ეროვნულ კომიტეტსა და ხუთკაციან სარევიზიო კომისიას აირჩევენ.
სპეციალურად ამ ყრილობისთვის შეიქმნა ახალი კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც პირველად ქართულ პოლიტიკაში ელექტრონული არჩევნები ჩატარდება. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი დახვეწილი სისტემით უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ შიდაპარტიული, არამედ ნებისმიერი სახის არჩევნები. „რესპუბლიკური პარტიის“ 35 კაციან ეროვნულ კომიტეტში მოსახვედრად 61 კანდიდატი, ხოლო ხუთკაციან სარევიზიო კომისიაში მოსახვედრად ათი კანდიდატი იყრის კენჭს.
დავით უსუფაშვილის თქმით, „რესპუბლიკურ პარტიის“ ყრილობას წინასწარ დარეგისტრირებული 832 დელეგატი ეყოლება მთელი საქართველოდან და არც იმას გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, იგი აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან ურთერთობას, იგი აცხადებს, რომ უთანხმოების საფუძველი ივანიშვილთან არ აქვს. „შეშფოთებული“ ვარ იმით, რომ უთანხმოების საფუძველი ივანიშვილთან არ გვაქვს,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა იუმორით. ამასთან, მან არ დაადასტურა, თითქოს ივანიშვილი გაერთიანებას აპირებდეს ნინო ბურჯანაძესთან.
„პოლიტიკური ცხოვრებიდან არავის განდევნა არაა პრიორიტეტული საქმე. ყველასთან შეხვედრა არ ნიშნავს მასთან პოლიტიკურ გაერთიანებას. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ისეთი დონის ინტეგრაცია, როგორც „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ აქვს, არავისთან ექნება. ივანიშვილის არც საჯარო, არც კერძო საუბრებიდან არ შემქმნია საფუძველი, თითქოს, იგი ნინო ბურჯანაძესთან პოლიტიკურ თანამშრომლობას აპირებდეს. ივანიშვილის გეგმები სრულიად ნათელია და მასთან კორექტირების შეტანის საფუძველი არ გვაქვს. მინიშნებითაც არ უთქვამს ასეთი რამ ჩვენთვის,“ - აცხადებს უსუფაშვილი.
ამასთან პოლიტიკოსი აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკას რესპუბლიკელები ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ. ბოლოს კი გამოირკვა, რომ მასთან სინქრონული გეგმები ექნებოდათ.
Presage.tv ესაუბრა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს:
პარლამენტის ქუთაისში გადატანას როგორ შეაფასებთ და ხომ არ აპირებს ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნას?
- პარლამენტის ქუთაისში გადატანა, - ეს გახლავთ სააკაშვილის ახირება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ სხვაგვარად მოგვარდება. საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს თბილისში, უბრალოდ, ვერაფერს ვუზამთ იმას, რომ სააკაშვილი ამჯერადაც საქართველოს ბიუჯეტის თანხებს ხარჯავს ყოვლად უაზროდ და უმიზნოდ. დარწმუნებული ვარ, ქუთაისში ამ შენობას მოეძებნება სათანადო დატვირთვა სამომავლოდ. სანამ სააკაშვილის ხელშია ასეთი საკითხების გადაწყვეტა, არაერთხელ ჩაიდენს მსგავს ქმედებას.
რაც შეეხება უშუალოდ 26 მაისს პარლამენტის სხდომის ჩატარებას, მოგეხსენებათ, სააკაშვილი ცნობილია ამ ტიპის ბავშვური გართობებოთ. მას უყვარს სიმბოლოები, თარიღები, ის არ დაგიდევთ იმას, თუ რეალურად რა სჭირდება მშენებლობის დასრულებასა და ტექნოლოგიურ პროცესს. ვისურვებდი, რომ 26 მაისისთვის უბრალოდ არ ჩამოინგრეს ეს შენობა, რადგან მშენებლებისა და ექსპერტებისგანაც ვიცი, რომ ეს უბრალოდ, არარეალისტური ვადებია. ისევე, როგორც თბილისის აეროპორტის, ბათუმის თეატრისა და ბევრ სხვა შემთხვევაში.
რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას?
- რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ამით მიხეილ სააკაშვილი, თითქოს, ვითარებას ამზადებს იმისთვის, რომ ადრეული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის მანევრი თუ დასჭირდა, ამისთვის თადარიგი დაჭერილი ჰქონდეს. არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ საპარალამენტო არჩევნების გაზაფხულზე გადმოტანა, მაგრამ ნამდვილად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ამ საკითხს განიხილავენ, როგორც შესაძლო ტაქტიკურ მანევრს. თუ ჩათვლიან, რომ, რაც მეტი დრო გავა, მით უფრო ცუდად წავა მათთვის საქმე. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მზად უნდა ვიყოთ ამ ტიპის პოლიტიკური მანევრისთვის.
არის იმის რეალური ნიშნები, რომ სააკაშვილი არჩევნებისთვის ემზადება? ამასთან, აქვს ივანიშვილს იმის მზაობა, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, სასურველ შედეგს მიაღწიოს? იგი 60 ათასი დამკვირვებლის გადამზადებაზეც საუბრობდა.
- როდესაც პოლიტიკური თამაშის წესები დადგენელია და ერთ რომელიმე პოლიტიკურ მოთამაშეს, ამ შემთხვევაში, ნაციონალურ მოძრაობას, შეუძლია, თავისი ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, შეცვალოს კონსტიტუცია, შეცვალოს არჩევნების თარიღი, საარჩევნო კოდექსი, ბუნებრივია, ეს სერიოზულ არასტაბილურობას იწვევს პოლიტიკურ პროცესებში. დიდი ხანია, ასეთ ვითარებაში გვიწევს პოლიტიკური საქმიანობა. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სააკაშვილს არცერთი არჩევნები არ ჩაუტარებია მანამდე დათქმულ ვადებში. ყველა არჩევნები გადაწია და გადმოწია. ამიტომ, თითქმის, ჩვევად აქვს მას, რომ ამ მანევრით მისთვის ხელსაყრელ დროს ჩაატაროს არჩევნები. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ბიძინა ივანიშვილიც აცნობიერებს ამ ამბავს და თვლის, რომ ბოლო წუთს მზად უნდა ვიყოთ ამ ტიპის მზაკვრული მანევრისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა ჯერ არ დაუბრუნებიათ, ვის უფრო აწყობს არჩევნები?
- იმის გათვლა, ვის უფრო აწყობს ადრეული არჩევნები... ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის მოუგვარებლობამდე თუ ჩატარდა არჩევნები, არა მგონია, რომ ეს რაიმეს სერიოზულად შეცვლის, რადგან მან, ერთი მხრივ, გამოაცხადა ის პოლიტიკური პარტიები, ვისთანაც თანამშრომლობას აპირებს. შესაბამისად, ყველა ფორმალობები, შესაძლოა, მოგვარდეს ამ პოლიტიკური პარტიების, როგორც სრულუფლებიანი პოლიტიკური სუბიექტების მიერ. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს მომავალ არჩევნებში წარმატებისთვის, ამას ნამდვილად ვერ განსაზღვავს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება. რადგან არც საქართველოს მოსახლეობამ, არც საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაიზიარა სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება და ყველანი ბიძინა ივანიშვილს უყურებენ, როგორც სრულფასოვან პოლიტიკურ ფიგურას. ამიტომ, პოლიტიკური დატვირთვა და ამომრჩევლის ნების ჩამოყალიბებაზე გავლენა ზუსტად იგივე ექნება, როგორც იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქე იქნება. თავისთავად, ეს ფაქტორი ნაკლებად მნიშვნელოვანია.
60 ათასი დამკვირვებლის გადამზადება მნიშვნელოვანია?
- ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი საარჩევნო წარმატებისთვის. მთავარი შემადგენელი კი საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაა. ჩვენ, რესპუბლიკელებიც და სხვებიც, ვინც საარჩევნო პროცესში ვიყავით ჩართული ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვამბობდით, რომ მილიონი მოქალაქის მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია, მაგრამ ამ ადამიანების გადაწყვეტილების სათანადოდ ასახვას, რა თქმა უნდა, სხვა ინფრასტრუქტურა სჭირდება. ამის მუდმივი მზაობა გვაქვს, ბიძინა ივანიშვილის გუნდის ზრდისა და ფორმირების კვალობაზე, რა თქმა უნდა, ეს რესურსი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ასე რომ, 60 ათასი კონკრეტული ადამიანი ხვალ სერთიფიცირებული გვეყოლება საარჩევნო დამკვირვებლად, თუ მათი ნაწილი არ იქნება სერთიფიცირებული, მათ ექნებათ მანამდე დაგროვილი მზაობა ამ საქმის შესასრულებლად, ეს სურათს ვერ შეცვლის. ჩვენ ვამბობთ და ბიძინა ივანიშვილი და „თავისუფალი დემოკრატებიც“ ამბობენ, რომ სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები გვსურს. ჩვენ არ გვინდა არჩევნები, რომელიც გლადიატორების ბრძოლას დაემსგავსება.
ექსპერტების მიერ ასეთი სქემაც დასახელდა - ალასანია პრეზიდენტად, ივანიშვილი -პრემიერად. ხალხი მოიწონებს ძალების ასეთ გადანაწილებას და რამდენად რეალურია ექსპერტების ასეთი მოსაზრება?
- ექსპერტის მოსაზრება იმიტომაა ექსპერტის მოსაზრება, რომ ეს არის მოსაზრება. მოსაზრებები განსხვავებულია.
სავარაუდოდ, დასავლეთსაც უნდა მოსწონდეს ასეთი ფორმულირება.
- ეს ცოტა ისეთი თემაა. თავისთავად, რომელი გვარის ადამიანი რა თანამდებობაზე აღმოჩნდება, მე მგონი, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. მთავარია, ჩვენ მოვახერხოთ იმ ტიპის პოლიტიკური ძალის ფორმირება, რომელიც შემძლე იქნება ქვეყნის უკეთესად მართვისთის. ვინ, სად, რა პოზიციაზე, როდის უკეთ გამოდგება, ეს უკვე მომავლის თემაა. ვარაუდები, პროგნოზები, გარდაუვალი ამბავია პოლიტიკაში, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკა ცნობილია თავისი დინამიურობით, არაპროგნოზირობადობით. ფაქტი ისაა, რომ იმ პოლიტიკური ძალის კონტურები, რაც ისახება, ერთი სერიოზული შტრიხით გამოირჩევა, რომ აქ იყრის თავს ბევრი კომპეტენტური პოლიტიკური გამოცდილებისა და წონის ადამიანი. ამ თვალსაზრისით, საკადრო პრობლემები, მე მგოინი, ამ ძალას არ უნდა ჰქონდეს.
თქვენს პარტიაში ძალიან ბევრი ინტელექტუალია. აქედან გამომდინარე, რა იყო თქვენი შეუცვლელობის გარანტი, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეობისას?
- ის, რომ ამ პარტიაში ეს არის ტრადიცია, პარტიის ყოფილი თავმჯდომარეები დღესაც ჩვენს პარტიაში არიან, მეზობელ ოთახში მოღვაწეობენ, მეც ადრე თუ გვიან, მომიწევს იმ ოთახიდან სხვა ოთახში გადასვლა. ეს არანაირი პრობლემა არაა. ყველა პარტიაში არიან სათანადო ინტექლექტუალური მომზადებისა და გამოცდილების ადამიანები. უბრალოდ, ჩვენ შესაძლოა, გვაქვს ერთი თავისებურება, რომ, სამწუხაროდ, ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავმჯდომარეს რომ შეცვლის, ამისგან პარტია არ ინგრევა ან მისი თავმჯდომარე კი არ გიჟდება და ყოფილი თავმჯდომარე სადმე სხვა პარტიას კი არ აფუძნებს, არამედ ეს ნორმალური პროცესია. ამ ნორმალურ პროცესს გამრავლება სჭირდება, ისევე, როგორც, სახელმწიფო ცხოვრებაში. იმიტომაა, რომ რომელიღაც სკამზე მოკალათებული ადამიანები აღარ უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, ხვალ აღარ იყოს ვინმე პარლამენტის თავმჯდომარე ან პრეზიდენტი. ასეთი რამ ადამიანებს თუ არ აქვთ გავლილი პარტიულ ცხოვრებაში, მაშინ ყოველთვის დიდ რისკზე მივდივართ ხოლმე მათი ძალაუფლებაში მოსვლის დროს.