31 ოქტომბერს ზუგდიდის № 4 საპყრობილეში მოკლული პატიმრის, 42 წლის მურმან კალანდიას ცხედარი ოჯახის წევრებმა დღეს იმ დაწესებულების წინ მიიტანეს, სადაც გარდაცვლილი სასჯელს იხდიდა. კალანდიას ნათესავები პროტესტის ამ ფორმით პატიმრის გარდაცვალების რეალური მიზეზის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღებას უშედეგოდ ცდილობდნენ. მოკლულის ოჯახი დაწესებულების ხელმძღვანელის, ამირან ჯანაშიასა და ციხის ექიმის დასჯასაც მოითხოვდა.
მედეა კალანდია ძმის გარდაცვალებას ცემის დროს მიყენებულ ტრამვებს უკავშირებს. „ჩემს ძმას წამების კვალი ეტყობა. მას სისხლჩაქცევები და მოტეხილობები მთელ სხეულზე აღენიშნება. ზურგის არეში სიგარეტის ნამწვავის კვალია. მოტეხილი აქვს ხელის თითები. არაადამიანურად არის ნაწამებია ჩემი ძმა და ციხის ადმინისტრაციას განმარტებების გაკეთებაც არ უნდა.
ძმის სამოსსაც ვერსად მივაკვლიეთ. ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან სრულიად შიშველი ადამიანი გამომაყოლეს. იქ ერთმა გამომძიებელმა მითხრა, რომ ტანსაცმელზე სისხლის კვალი იყო და ექსპერტიზიას გადავეციო. უცხო ადამიანებისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ჩემი ძმა ორი დღის განმავლობაში კარცერში ჰყავდათ. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“-აცხადებს მედეა კალანდია.
მურმან კალანდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ინფორმაციით პატიმარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურ ავტომანქანაში მაშინ გარდაიცვალა, როცა ის ქსნის დაწესებულებაში გადაჰყავდათ. მეორე ვერსიით პატიმარი ზუგდიდის ციხეში მოკლეს და ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ცხედარი სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიტანეს.
გარდაცვლილის ოჯახმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართა. ტუღუშის უწყების თანამშრომლებმა მომხდარზე ზუგდიდის ციხეში მოკვლევა უკვე განახორციელეს, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარი გამოძიების დასრულებამდე არ ისურვეს. „პრესაგე.ტვ“-ს ინფორმაციით კალანდიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია ციხის რამდენიმე თანამშრომელი.
მურმან კალანდია 3- წლიან სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა. სასჯელაღსრულების დაწესებულება მას 2012 წლის აპრილში უნდა დაეტოვებინა. კალანდია ზუგდიდში დღეს დაკრძალეს.