ბიძინა ივანიშვილთან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა გამოიჩინეს თავი, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე კი, როგორც ჩანს, არც თავად არასამთავრობოებმა დააკლეს საკუთარი თავის წარმოჩენას მცდელობა. ივანიშვილი არ იყო კმაყოფილი შეხვედრით, სამაგიეროდ, მე ვიყავი კმაყოფილი ივანიშვილის სინანულით და იმ სქემაში გარკვევით, რითაც მილიარდელი პოლიტიკოსი იმ სახელმწიფოს მშენებლობას აპირებს, რომელმა სახელმწიფომაც თავისი დემოკრატიით მსოფლიო უნდა გააკვირვოს.
ძალიან მაინტერესებდა სახელმწიფოს მშენებლობისთვის საჭირო ერთ-ერთ ძირეულ რგოლთან შეხვედრაზე, რას იტყოდა სამოქალაქო საზოგადებასთან დაკავშირებით ახალი ლიდერი. როგორი იქნებოდა ეს შეხვედრა, პომპეზური, ანუ შეხვედრა შეხვედრისთვის, თუ მართლაც სერიოზულ თანამშრომლობას ჩაეყრებოდა საფუძველი. ეს საკითხები მაინტერესებდა იმიტომ, რომ თავად ივანიშვილის წარსულს, რომელიც სააკაშვილთან არის დაკავშირებული, ბევრი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვა ახლავს თან: რატომ არ აძლიერებდა ის არასამთავრობო სექტორს მაშინ, რას აკეთებდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის და რატომ გაწირა მე-9 არხი სააკაშვილის „რიდის“ გამო?
ასეთი განწყობით ვიყავი მისული და ნამდვილად გამაოცა იმ სიტყვებმა, რითაც მან შეხვედრაზე მისულ არასამთავრობოებს მიმართა და სხვათაშორის, იმაში დამარწმუნა, რომ ივანიშვილი აქტიურად ეცნობა მისი მისამართით გამოთქმულ განსხვავებულ აზრს. და რაც მთავარია, ცდილობს, ყველა მათგანს უპასუხოს.
ბიძინა ივანიშვილი: “მე, ისე როგორც საზოგადოების დიდმა ნაწილმა, დავუშვით ძალიან დიდი შეცდომა. მხედველობაში მაქვს ის, რომ სამოქლაქო საზოგადოების აქტიურ წევრად ყოფნის სურვილი გამიჩნდა მაშინაც, როდესაც მე-9 არხს, როგორც სათადარიგოს, თუ კანონის სადარაჯოზე მყოფ ტელევიზიად მივიჩნევდი, რომლის ჩამოყალიბებაში მე მქონდა წვლილი. იმ პერიოდში, მოგეხსენებათ, „რუსთავი 2“-ს ჰქონდა ძალიან კარგი პოზიცია და ძალიან კარგად ასრულებდა იმ მოვალეობას, რაც შეიძლებოდა მედიას ჰქონოდა და ჩვენ ვიყავით სადარაჯოზე, თუ საფრთხე დაემუქრებოდა ამ ტელევიზიის თავისუფლებას.
საუბედუროდ, რევოლუციისა და იმ აღტკინების პერიოდში ჩვენ დავუშვით... მე დავუშვი პირადად და ჩემმა გუნდმა, გამოუსწორებელი შეცდომა, ვეღარ ვიკადრეთ სადარაჯოზე დარჩენა. ვიფიქრეთ, მოვიდა ისეთი მთავრობა, რომელიც იყო ოცნება საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის. პრაქტიკულად გამოვეთიშე, ვეღარ მოვახერხე გარკვეულ პროცესში საზოგადოებასთან ერთად ზომიერი კონტროლი განგვეხორციელებინა მთავრობის ქმედებაზე.
მე ვიქნები არასამთავრობო სექტორის სტრატეგიული პარტნიორი და მანამდე ვიქნები ხელისუფელბაში, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის და პოზიციების გამყარებისთვის იქნება საჭირო, მერე დავბრუნდები არასამთავრობო სექტორში“.
ბევრს გაახსენდება ის დრო, როცა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა. ივანიშვილი, მისგან განსხვავებით, გულწრფელად ნანობს საკუთარ შეცდომას, სააკაშვილი კი - ვიდრე გაპრეზიდენტდებოდა, მანამდე მხოლოდ მაშინდელი მმართველების ჩანაცვლებაზე საუბრობდა და ერთხელაც არ მახსოვს, შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ საკუთარ დანაშაულზე ესაუბროს.
მიუხედავად იმისა, თითქოს, ორივეს ქარიზმა ერთია, ორივეს ერთნაირად ენდობა და აღმერთებს ხალხი, (იმას - მაშინ, ამას - ახლა) მათი გულწრფელობის ხარისხი აშკარად სხვადასხვაა, შესაბამისად -კაცთმოყვარეობაც. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში, საზოგადოებამ ახლაც არ აკონტროლოს რამდენად გაამართლებს ივანიშვილი ამ ნდობას, როგორც ხელისუფლებაში მოსვლისას, ასევე არასამთავრობო სექტორში დაბრუნებისას.
ფაქტია, ივანიშვილს სამოქალაქო საზოგადოების პრობლემები ზუსტი რაკურსით აქვს დანახული და საზოგადოებასაც სწორ ქცევებს სთავაზობს. მაგალითად, მან თავად განაცხადა, ჩემგან მესიას ნუ შექმნით და გამაკრიტიკეთო. (სააკაშვილისგან ასეთი შეთავაზება ნამდვილად არ მახსოვს, უფრო ზენიტში ყოფნის ტკბობის პერიოდი მახსენდება). მაგრამ რამდენად არის თავად არასამთავრობო სექტორი მზად ივანიშვილთან სათანამშრომლოდ?
მილიარდერმა პოლიტიკოსმა შეხვედრის დასაწყისშვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არსებული სიტუაციის ღრმა ანალიზი მოესმინა. თუმცა, ორსაათიანი, დახურული შეხვედრიდან საინტერესო ინფორმაციები გამოდიოდა, ივანიშვილი კი არ ისმენდა არასამთავრობოების ანალიზს, არამედ მათ კითხვებს პასუხობდა, ანაც წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაციას „უგდებდა ყურს“, სადაც მას ამ პროექტების დაფინანსების მნიშვნელობაზეც მიუთითებდნენ...
შეხვედრიდან საკმაოდ აღელვებული გამოვიდა, საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის თავმჯდომარე კახი კახიშვილი: "იმას, რომ დაუშვებელია, პოლიტიკურმა პირმა არასამთვარობო ორგანიზაციები დააფინანსოს, ბიძინა ივანიშვილიც დაეთანხმა. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ ასეთი რამ, როცა ვარდების რევოლუციამდე იქმნებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შემდეგ ხელისუფლებაში აღმოჩდნენ. ეს აღარ უნდა განმეორდეს.
შეხვედრაზე რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენლის საუბრიდან ჩანდა ის, რომ პროექტების დაფინანსების სურვილი ჰქონდათ?
- ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის დღევანდელი გამოსვლებიდან დაფინანსების სურვილი ჩანდა", - ასე უპასუხა პრესაგე.ტვ-ის კითხვას კახიშვილმა.
"ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციისთვის ითქვა, რომ არ შეიძლება, პოლიტიკურმა პირმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფინანსოს. ამიტომ ასეთ არასამთავრობოებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. ივანიშვილის პოლიტიკურ მომხრეებსა და არსამთავრობო სექტორს შორის ზღვარი უნდა გაივლოს. ვისაც სურს, ივანიშვილს მხარი დაუჭიროს და მასთან ითანამშრომლოს, პოლიტიკაში უნდა გადაინაცვლოს, ხოლო ის სექტორი, ვინც მოწოდებულია ობიექტურობის შენარჩუნებისკენ, დაფინანსებას პოლიტიკური ძალისგან არ უნდა ელოდოს.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 2003 წლის შემდეგ ეს ტელევიზია, რომელიც იყო ბერკეტი არადემოკრატიულობის წინააღმდეგ, დახურა. მე მოვუწოდებ მას, თუ აწი ვინმეს კიდევ მოიყვანს ხელისუფლებაში, მას არანაირი ბერკეტი არ ჩააბაროს", - განაცხადა კახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
სხვათაშორის, შეხვედრიდან ასევე აღელვებული გამოვიდა „ქართული აკადემიის“ ხელმძღვანელი თემურ ნანეიშვილი.
ბატონო თემურ, რა გაირკვა ამ შეხვედრიდან, კვლავ გვემუქრება იმ სიტუაციაში დაბრუნება, როცა არასმთავრობო ორგანიზაციები სააკაშვილთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში?
- დღევანდელი შეხვედრიდან ვერავითარი დასკვნა ვერ გამოვიტანე. ამ შეხვედრამ ვერ შეასრულა ის მიზანი, რაც ორგანიზატორებმა შემოგვთავაზეს. მან პრესკონფერენციის ხასიათი მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესების დაკმაყოფილებების მიზნით. ცოტა თვითრეკლამის მომენტებიც იყო. ეს არ იყო ის შეხვედრა, რომელიც მოგვცემდა იმ კითხვაზე მსჯელობის საშუალებას, რაც თქვენ დამისვით.
როგორც შევიტყვე, ივანიშვილისთვის დასაფინანსებელი პროექტებიც წარუდგენიათ. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროექტზეც ყოფილა საუბარი...
-ამას ვამბობ!!! ივანიშვილმა პასუხი გასცა, დავინტერესდები, რა თქმა უნდაო. დაფინანსებაზე და სხვა რამეებზე იქ არ იყო საუბარი. გაეცნობა, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის სასურველი ამ პროექტების დაფინანსება დაიწყოს.
უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა და მე მგონი, შეხვედრის მიზანიც ეს იყო - გარკვეულიყო, როგორი ურთიერთობა ექნებოდა არასამთავრობო სექტორთან ივანიშვილს და როგორ გააქტიურდება ეს სექტორი იმისთვის, რათა ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების რაღაც ჩანასახი შეიქმნას. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩემი და ნუკრი ქანთარიას მცდელობისა, ამაზე ვერაფრით გადავიყვანეთ მსჯელობა. ყველა აქტუალური კითხვა იყო - მაგალითად, პატიმრების ბედი როგორ იქნება, როგორ იქნება გასხვისებული ქონების ბედი, სოფლის მეურნეობის საკითხები, მაგრამ ისეთი, ტიპიური პრესკონფერეცია გამოვიდა. ეს კითხვები უნდა დაესვათ იმ უწესო ჟურნალისტებს, თავი რომ მოიჭრეს და არ მისცეს ამ კაცს ლაპარაკის საშუალება.
შეხვედრა ბოლოს დაამთავრა იმით, რომ თქვა, არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ უფრო კონსტრუქციული მინდოდა, ყოფილიყოო. მიმაჩნია, რომ შემდეგი შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს. დიდ აუდიტორიასთან, ალბათ, არ იქნება ეფექტური, რაღაც ჯგუფებთან უნდა მოხდეს ეს, თუ გვინდა ქართული ოცნების აღსრულება. მე ვილაპარაკე იმაზეც, რომ ახლა არ შეიძლება არაკოორდინირებული მოქმედება და პირადი ინიციატივების გამოჩენა. ამან შეიძლება, დათვური სამსახური გაუწიოს საქმეს. საკოორდინაციო ცენტრი უნდა შეიქმნას და უნდა გადაწყდეს, რა როგორ წარიმართება.
შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ ბიძინა ივანიშვილის გვერდით მხოლოდ ფულისთვის აღმოჩნდეს ვინმე და არა - საქმის საკეთებლად?
- წესით, ეგეთი რამ არ უნდა მოხდეს. ვინ არის ამის გარანტი? ვინ და - თავად ივანიშვილი. ფულისა და დაფინანსების გულისათვის თუ მივლენ მასთან, საამისო უნარი აქვს, რომ მიხვდეს. მადლობა ღმერთს, პროცესები დაიწყო ისეთი, როცა მილიარდერს აფინანსებს ხალხი და ამან თუ იქით დააყენა რიგი და ფულები არიგა, არაფერი გამოვა. არა მგონია, ბატონი ბიძინა ამ გზით წავიდეს
ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მას არჩევნებში უნდა დაუდგნენ გვერდით. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თვითონ უნდა აიღოს ყველა ინიციატივა თავის თავზე, რადგან ასეთი ინიციატივები უკვე აქამდეც არსებობდა, მაგრამ ბევრი არ იზიარებდა. რა დასამალია, ჩვენც ვუჭერდით მხარს პოლიტიკურ „რვიანს“, პოლიტიკურ „ექვსიანს“, განა იმიტომ, რომ იქ ყველა მოგვწონდა? არა, მათ ვუყურებდით, როგორც პოლიტიკურ ალტერნატივას, ალტერნატიულ ცენტრს. დღეს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა შეაცვლევინა აზრი ბევრს ისეთს, რომელიც ადრე ამ გზას აძაგებდა და მათ შორის - ჩვენს ორგანიზაციასაც. ახლა, ყოველგვარი ბოდიშების გარეშე, მადლობა ღმერთს, შეიცვალეს ეს პოზიცია და დადგნენ ჯანსაღ პოზიციაზე. შიში კი, მაქვს იმის, რომ ასე ადვილად რომ იცვლის პოზიციას, მერე სულ სხვა პოზიციაზე არ აღმოჩნდეს.
ახლა დაუდგნენ გვერდზე, მაგრამ ბოლომდე პრინციპულები უნდა იყვნენ. ამას კი, ორგანიზებული სახე უნდა მიეცეს და ეს ივანიშვილმა უნდა გააკეთოს. ახლა არის პოლიტიკური ბრძოლა. ერთი შეხედვით, ისე გამოდის, თითქოს ხელისუფლებაა რადიკალურ ოპოზიციაში და ბატონი ბიძინა იქცევა - როგორც ხელისუფალი. სინამდვილეში ხელისუფლება - ხელისუფლებაა, და ის ჯერ გასაშვებია.
დღეს რომ არჩევნები იყოს, ისეთი ბუმია, მიშა წააგებდა. ივანიშვილმა, არასამთავრობო და პარტიულ ორგანიზაციებთან ერთად, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ცეცხლი არ ჩაქრეს.
ივანიშვილისთვის ახლა თითოეული მხარდამჭერი ძვირფასია. თუმცა, გამორიცხავთ იმას, რომ მას მანევრირება გაუჭირდეს ამბიციებთან შერკინების დროს - თუ მე არ ვიქნები პირველი, არ დავდგები შენს გვერდით, ანაც - თუ არ დამაფინანსებს, არ დავუჭერ მხარს...
- არა მგონია, ამ არასამთავრობოებმა ამ პირობით დაიწყონ ურთიერთობა (ამის იმედი მაქვს) - მე თუ არ დამაფინანსებ, თქვენ გვერდით არ დავდგები. ასე საკითხი არ დამდგარა. უბრალოდ, შეხვედრას გაცნობითი სახე ქონდა და კარგი გაგებით, მათაც თავის თავი შესთავაზეს, ამიტომ მოიტანეს ეს პროექტები და არა იმისთვის, გინდა თუ არა დამაფინანსეო. მე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
არც ისეთი სიტუაცია უნდა მივიღოთ, რომ ივანიშვილის გარშემო მორჩილი გარემო შეიქმნას. ყველას აქვს თავისი პრინციპები. მაგალითად, ჩვენ, „ქართულ აკადემია“, სიმართლეს არ გადაუხვევთ. რაც სწორი იქნება, შევაფასებთ სწორ ნაბიჯად , რაც არ იქნება სწორი - შევაფასებთ, როგორც არასწორს. თვითონაც მოითხოვა, დღეს მე თქვენგან კრიტიკული შენიშვნები მჭირდებაო. ხომ გეუბნებით, უკმაყოფილო ვარ იმით რომ ამ მიმართულებით არ წავიდა ეს შეხვედრა და პრესკონფერენციის სახე მიიღო. ამ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობაზეც იყო შეკითხვები, განათლებაზეც, განა მე ვამბობ, რომ არ არის აქტუალური საკითხები, მაგრამ გააჩნია, სად დასვამ ამ შეკითხვას. ჩემი აზრით, ეს კითხვები დღეს დასასმელი არ იყო. თუმცა, ვერც გაამტყუნებ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ვერ დაკმაყოფილდნენ იმ პრესკონფერენციით და კითხვები მაინც დარჩა. ეტყობა, საჭირო იყო ასეთი ღონისძიების ჩატარება და შემდეგ, ალბათ, გაითვალისწინებენ იმას, რომ იყოს კონკრეტულად იმ ფორმების შემუშავებაზე საუბარი, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო სექტორის გააქტიურება. სწორი ფორმები უნდა მოიძებნოს, რათა არ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, აი, მე ასე ვფიქრობ და რასაც ვიტყვი, ის უნდა გაკეთდესო.
პირველობის პრობლემა ჩვენ საერთოდ გვაქვს და ესეც გასათვალისწინებელია. მერაბ კოსტავამ თქვა, - ეროვნულ მოძრაობაში საკუთარი თავი კი არ უნდა გიყვარდეს, პირველ რიგში, ეროვნული მოძრაობა უნდა გიყვარდეს საკუთარ თავშიო.
ივანიშვილის ახალ არასამთავრობო ორგანიზაციაზე თუ იყო საუბარი ამ შეხვედრაზე?
- რამდენიმეჯერ გამოვედი გარეთ, მაგრამ ვიდრე იქ ვიყავი, მაგაზე, სამწუხაროდ, კითხვა არავის არ დაუსვამს. სწორედ ეს უნდა ეკითხათ, მოქმედების ორგანიზაციის კუთხით. უკმაყოფილო წამოვედი. ის კაცი მოვიდა სხვა რამეზე სასაუბროდ და დაამთავრა სხვა რამით. პირდაპირ თქვა, სხვა რამეს მოველოდიო, ნაწილმა შეძლო, ნაწილმა - ვერაო. თვითონ ძალიან სხარტი აზროვნების კაცია და პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა შეკითხვას. ყველანაირად ცდილობდა ამომწურავი პასუხი გაეცა.
ერთი სიტყვით, ცალკე ჟურნალისტებმა ისახელეს თავი, ცალკე - არასამთავრობოებმა...
-არა,
იმას ვერ შევადარებ. უბრალოდ, გამოვიდა ისეთი პრესკონფერენცია, რომელზეც კითხვებს პროფესიონალი
ჟურნალისტებისვამენ. შეიძლება ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროფესიონალები
არიან თავის საქმის, მათ შეფასებას ვერ დავიწყებ, მაგრამ იქ იყვნენ ისეთებიც, საითაც
ქარი დაუბერავს, იქითკენ რომ იხრებიან, ისეთებიც - თავგამოდებულები რომ იბრძვიან, მაგრამ
მადლობა ღმერთს, დღეს ნიავი ერთი მხრიდან უბერავდა და ადამიანის ბუნებაც ასეთა - ყოველთვის
ძალის გვერდით უნდა დგომა“.