სახალხო პარტია შვეიცარიის ნაციონალურ საბჭოში ადგილებს კარგავს

სახალხო პარტია შვეიცარიის ნაციონალურ საბჭოში ადგილებს კარგავს

შვეიცარიაში საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორულმა სახალხო პარტიამ 24 წლის განმავლობაში პირველად მიიღო ხმათა ნაკლები რაოდენობა, ვიდრე ჩვეულებრივ, თუმცა იგი მაინც უმსხვილეს პოლიტიკურ ძალად რჩება კონფედერაციის პარლამენტში. 

ამომრჩევევლები ფედერალური ასამბლეის ზედა და ქვედა პალატის, ნაციონალური საბჭოსა (Nationalrat) და კანტონების საბჭოს (Standerat) წევრებს ირჩევდნენ. ორივე პალატას თანაბარი უფლებამოსილება გააჩნია და პირდაპირი წესით, ოთხი წლის ვადით აირჩევა.

არჩევნების შედეგების მიხედვით, მოხდა ნაციონალური საბჭოს ახალი შემადგენობის ფორმირება 200 დეპუტატით. ადგილები ქვედა პალატაში გადანაწილდა კანტონების მიხედვით მათი მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. 20 კანტონში არჩევნები  პროპორციული სისტემით - პარტიული სიებით ჩატარდა, ექვს მცირე ზომის კანტონში კი, სისტემა მაჟორიტარულია.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კანტონების საბჭოში ირჩევა 46 დეპუტატი, 2-2 წარმომადგენელი ყველა კანტონიდან, გარდა იმ ექვსისა, რომლებიც ადრე ნახევრად-კანტონებად ითვლებოდა (Obwalden, Nidwalden, Basel-Stadt, Basel-Landschaft, Appenzell Ausserrhoden, Appenzell Innerrhoden), მათგან ზედა პალატაში თითო წარმომადგენელი ხვდება. ზედა პალატის ორი ახალი წევრის ვინაობა არჩევნებამდე გახდა  ცნობილი - ნიდვალდენში მოქმედი წევრი კანტონების საბჭოში აღმოჩნდა ერთადერთი კანდიდატი, ხოლო აპენცელ-ინეროდენის  წარმომადგენელი წინასწარ, კანტონების საერთო საკანონმდებლო კრებაზე აირჩა.

სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, შვეიცარიას აქვს აღმასრულებელი ორგანო, ფედერალური საბჭო, რომლის შვიდი წევრიც ოთხ წელიწადში ერთხელ, ფედერალური ასამბლეის ორივე პალატის მიერ ირჩევა.

სულ არჩევნებზე 3458-მა პირმა წარმოაყენა თავისი კანდიდატურა.  

საკმაოდ აქტუალური იყო მოსახლეობის აქტივობის საკითხი. არჩევნებამდე მთავრობის მიზანი იყო მინიმუმ 50%-იანი აქტივობის მიღწევა. მთავრობამ მოსახლეობაში საინფორმაციო ბროშურების გავრცელება გადაწყვიტა. მთლიანობაში, ამ კამპანიის ბიუჯეტმა 15-20 მილიონი ფრანკი შეადგინა. ამ რესურსებით მოხდა პარლამენტისა და ფედერალური სამინისტროების საიტებზე საინფორმაციო წყაროების მოდერნიზაციაც. ფედერალურმა კანცლერმა, კორინ კაზანოვმა განაცხადა: „1975 წლიდან კონფედერაციაში არჩევნებში მონაწილეობს ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები. შვეიცარიაში პირდაპირი დემოკრატიაა და ღირსების საქმეა მივაღწიოთ იმას, რომ არჩევნებზე ამომრჩევლთა ნახევარი მაინც მოვიდეს“. 

თუმცა, ექსპერტთა მოსაზრებით, სწორედ სახელგანთქმული შვეიცარული პირდაპირი დემოკრატიის სისტემა გვევლინება არჩევნების მიმართ ინტერესის შემცირების მიზეზად. „შვეიცარელებს მოუწოდებენ, გააკეთონ არჩევანი პრაქტიკულად ყოველ სამ თვეში ერთხელ - საერთო, კანტონების ან ფედერალურ არჩევნებსა თუ რეფერენდუმებზე. შესაძლებლობა იმისა, რომ ოპერატიულად გამოთქვან აზრი აქტუალურ საკითხებზე, შვეიცარელების თვალში ამცირებს რეგულარული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას მაშინ, რომდესაც სხვა ქვეყნებში ასეთი არჩევნები ფაქტობრივად არის ერთადერთი ინსტრუმენტი მოქალაქეების ხელში, გამოხატონ პოლიტიკური ნება“ - განაცხადა ბარბარა რაპიარდმა (Barbara Perriard), შვეიცარიის ფედერალური კანცელარიის პოლიტიკური უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. თუმცა, მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, აქტივობამ 50%-ს ვერ გადააჭარბა და დაახლოებით 5 მლნ. რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებზე  მხოლოდ 2,514,106 ადამიანი (48.6%) მივიდა.

2011 წლის არჩევნები გამოირჩეოდა საკმაოდ საინტერესო სიახლით - პირველად უცხოეთში მცხოვრებ ამომრჩეველთა ნაწილს საშუალება მიეცა გაეკეთებინათ არჩევანი ინტერნეტის საშუალებით, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით.

შვეიცარიაში არჩევნების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ისიც, რომ მონაწილეთა უმრავლესობა არჩევს, ხმა მისცეს წინასწარ - ფოსტით, ვიდრე კვირა დღე დაუთმოს საარჩევნო უბანზე ვიზიტს. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ამომრჩევლები ფოსტით იღებენ მასალას ხმის მიცემისთვის, მათ შორის, ბიულეტენებსაც. ამის შემდეგ მათ მხოლოდ არჩევანის გაკეთება და დოკუმენტების მითითებულ მისამართზე გაგზავნა ევალებათ. შვეიცარიის ტელეფრაფიის სააგენტოს ცნობით, შვეიცარელთა უმრავლესობა სწორედ ამ გზას ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, გასულ ოთხშაბათს ციურიხში ამომრჩეველთა უკვე 35.5%-ს ჰქონდა არჩევანი გაკეთებული, ხოლო ბაზელ-შტადტის კანტონში - 42%-ს.

დამკვირვებელთა მოსაზრებით, ამჯერად წინასაარჩევნო კამპანია უღიმღამო და ნაკლებად საინტერესო გამოდგა, განსაკუთრებული ვნებათაღელვა ან რაიმე ინტრიგა მის განმავლობაში არ ყოფილა.

დებატების ძირითადი თემა გახდა ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა. ამ თემაზე მსჯელობა გააქტიურდა იაპონურ ატომურ ელექტრო სადგურზე, ფუკუსიმაზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, თუმცა მსჯელობა მინელდა მას შემდეგ, რაც ძველი სადგურების გაუქმება ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ და ახლების აშენებაზე უარის თქმა გადაწყდა. ამჟამად დისკუსია მიდის იმ თემაზე, თუ სად უნდა მოხდეს ენერგიის ახალი წყაროების ძიება. 

დებატების კიდევ ერთი ძირითადი თემა გახდა ეკონომიკური კრიზისი. დოლარისა და ევროს კურსის ვარდნამ ნაციონალური ვალუტის, შვეიცარული ფრანკის მკვეთრი გამყარება გამოიწვია, რაც ნეგატიურად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე. თუმცა, შვეიცარიის ნაციონალური ბანკის ჩარევამ ამ დაძაბულობის დაწევას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, შვეიცარიაში ევროზონის ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ხოლო ცხოვრების დონე და სოციალური სისტემა კონფედერაციაში კვლავაც რჩება ბევრი ევროპული ქვეყნის მოსახლისთვის შურის საბაბად.

ყურადღების ცენტრში ასევე ტრადიციულად მოექცა იმიგრაციის თემა, თუმცა ამჯერად ეს საკითხი 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან შედარებით ნაკლებად აქტუალური იყო.

უღიმღამო წინასაარჩევნო ატმოსფერო გამოაცოცხლა რადიკალური მემარჯვენე შვეიცარული სახალხო პარტიის თილისმის - თხის, სახელად ცოტელის გატაცებამ. თხა, რომელიც პარტიაშითავისუფლების, დამოუკიდებლობისა და პრინციპულობის სიმბოლოდ  ითვლება, პატრონის ფერმიდან 15 ოქტომბრის ღამეს გაიტაცეს.

მოგვიანებითმ გატაცება თავის თავზე აიღეს რადიკალურმა მემარცხენე ჯგუფებმა. მათ ინტერნეტში განათავსეს განცხადება, რომელშიც დაადანაშაულეს „ფაშისტი თხა ცოტელი“ „რასიზმისა და პროლეტარიატის მიმართ შეუწყნარებლობის გაჩაღებაში“ და დადეს პირობა, რომ გაასამართლებდნენ მას. რამდენიმე დღის შემდეგ, ხეზე მიბმული ცოტელი ციურიხის გარეუბანში იპოვეს. გამტაცებლებს მისთვის ზიანი არ მიუყენებიათ, უბრალოდ, თეთრი ფერის თხა შავი საღებავით შეღებეს. ამით მემარცხენეები, ერთგვარად, დაუპირისპირდნენ სახალხო პარტიის ანტიიმიგრაციულ პოლიტიკას. 

უკანასკნელი წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, რომელიც კვლევითი ცენტრის, Gfs.bern-ის მიერ ჩატარდა, 29.3%-იანი მხარდაჭერით გამარჯვებას კვლავ შვეიცარული სახალხო პარტიას უწნინასწარმეტყველებდნენ, თუმცა პარტიამ მოსალოდნელთან შედარებით უარესი შედეგი აჩვენა. ამჯერად ტორი ბრუნერის (Tori Brunner) პარტიის მიზანი იყო ხმათა 30%-ის მოპოვება, თუმცა პირველად ოცი წლის მანძილზე მათ ვერ შეძლეს არჩევნებზე გაეუმჯობესებინათ საკუთარი შედეგები და ხმათა მხოლოდ 26.6%-ს დაჯერდნენ. პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატაში 8 მანდატი დაკარგა, თუმცა შეინარჩუნა პირველობა ნაციონალურ საბჭოში 54 მანდატით.  

მეორე ადგილი დაიკავა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 18.7%-ით (46 მანდატი), რითაც გააუმჯობესა წინა არჩევნების შედეგი და მოიპოვა დამატებით სამი მანდატი. ლიბერალებმა და ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიებმა მიიღეს 15 და 12%  და შესაბამისად ნაციონალურ საბჭოში 30 და 28 ადგილით წარსდგებიან.

არჩევნები წარუმატებელი გამოდგა მწვანეებისთვის, მათ ხმათა 8.4%  (15 მანდატი) მიიღეს, რაც ხუთ მანდატს დააკარგვინებს პარტიას პარლამენტის ქვედა პალატაში.

შედარებით წარმატებული გამოდგა არჩევნები ლიბერალური მწვანეთა და სახალხო დემოკრატიული პარტიებისათვის. ლიბერალებმა ნაცვლად 2007 წელს მოპოვებული 3 მანდატის ნაცვლად მიიღეს 12, ხოლო სახალხო დემოკრატები ცხრა წარმომადგენლით პირველად მოხვდნენ ნაციონალური საბჭოს შემადგენლობაში.

დეკემბერში ახალი პარლამენტი ფედერალური საბჭოს, შვეიცარიის მთავრობის შვიდ წევრს აირჩევს. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ძალთა გადანაწილება მკვეთრად არ შეცვლილა, ფედერალური მრჩევლების არჩევა, სავარაუდოდ, უბრალო ფორმალობა გახდება და მთავრობის მოქმედი წევრები საკუთარ ადგილებს შეინარჩუნებენ. გამონაკლისად გვევლინება პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაური მიშლინ კალმი-რეი, რომელმაც განაცხადა, რომ წლის ბოლოს გადადგომას აპირებს.

შვეიცარიის საარჩევნოო კანონმდებლობის თავისებურებებით ისარგებლეს ქალაქ ვოლერაუს ამომრჩევლებმა და მათ თავიანთ დეპუტატად ცნობილი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი აირჩიეს, რომელსაც თავად აზრდაც არ მოსვლია კენჭისყრაში მონაწილეობა.

საქმე ის არის, რომ კანტონ შვიცის კანონმდებლობით თუ ამომრჩეველი გადახაზავს საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილ კანდიდატს და ბიულეტენზე მიუთითებს თავის სასურველ კანდიდატს, მაშინ ხმის მიცემა ნამდვილად ითვლება. ამდაგვარად ფედერერმა, თავის მშობლიურ ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 7 ათასს არ აჭარბებს,  132 ხმა მიიღო, რაც საკმარისია მის დეპუტატად ასარჩევად.

რა არჩევანს გააკეთებს თავად ფედერერი - წავა თუ არა პოლიტიკაში, ამას მომავალი გვაჩვენებს.