რატომ ისჯება „შავი ფულის“ გამოტანისთვის „ქართუ“ და არა „საქართველოს ბანკი“?!

რატომ ისჯება „შავი ფულის“ გამოტანისთვის „ქართუ“ და არა „საქართველოს ბანკი“?!

„ქართუ“ ბანკის ცეტრალურ ოფისსა და ფილიალებში ხალხის ნაკადი არ წყდება. გასულ კვირას ამ ბანკში ანაბრის გახსნის მსურველთა რაოდენობამ შვიდ ათასს მიაღწია. ძირითადად ასაკოვანი ადამიანები აქტიურობდნენ, რომლებმაც საკუთარ ანაბარზე პენსიიდან 1,5 ან 10 ლარს დადეს. თუმცა, ისეთებიც ვნახე, 100 დოლარი რომ შეიტანა. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ დიდი იმედი ჩაუსახა, ამ ფაქტს მსოფლიოში სოლიდარობის უპრეცედენტო შემთხვევად აღიქვამს. ასეთი მოსაზრებისაა თავად ბანკის გენერალური მენეჯერიც, ნოდარ ჯავახიშვილიც, რომელმაც ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეროვნული ფორუმი დატოვა.

 

მისი თქმით, გინესის რეკორდთან გვაქვს საქმე, როცა 4 დღეში ბანკში ანაბარს ხსნის 6 ათასზე მეტი ადამიანი. ეს არა მარტო ბანკისა და ბიძინა ივანიშვილისადმი გამოხატული მხარდაჭერაა, არამედ ქართული საზოგადოების ინერტულობის და ნიჰილიზმის სტერეოტიპის რღვევის დასაწყისი.

 

მასთან საუბარი, ბუნებრივია, იმ ინციდენტის შეფასებით დავიწყეთ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადების შემდგომ საქართველოს ბანკიდან თანხის გამოტანისას ჰქონდა ადგილი.

 

ხომ არ იყო ეს ხელისუფლების მხრიდან შიშის გამოვლინება?

- ეს არის პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სხვას ვერაფერს დაარქმევ. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა ბანკების ისტორიაში, როცა სახელმწიფო სტრუქტურები და სამართალდამცავი ორგანიზაციები აყაჩაღებენ. ქართველები მიჩვეულები ვართ, რომ ხელისუფლებას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მიუხედავად ამისა, ქართველებიც კი გაოცებულები არიან. რაც მთავარია, ძალიან მარტივი, ზედაპირული შეფასებითაც ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ ეს არის მოწყობილი დანაშაულებრივი ოპერაცია.

 

რა მოხდა კონკრეტულად საქარველოს ბანკში და რატომ დააკავეს მხოლოდ თქვენი თანამშრომლები, თუ იმ ბანკში შავი ფული მართლაც არსებობდა?

- სწორედ აქედან ჩანს, რომ ეს მათი მხრიდან პოლიტიკური მოტივით მირებული გადაწყვეტილებაა, თუმცა, ამბობენ, რომ მე ვახდენ ამ თემის პოლიტიზირებას. შევახსენებ მკითხველებს - ჩვენ რომ გაგვიჩნდა ნაღდი უცხოური ვალუტის საჭიროება, მითუმეტეს გვქონდა ინფორმაცია, რომ კლიენტებზე ხდება ზეწოლა და სერიოზულ მენააბრეებს, კლიენტებს გადაჰქონდათ ანგარიშები და ანაბრები სხვა ბანკებში, გადავწყვიტეთ მომზადებული დავხვედროდით ამ პროცესებს. ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი და მერე კიდეც დადასტურდა, რომ ეროვნული ბანკი შექმნიდა ყველანაირ სიტუაციას, რათა ჩვენ დაგვერღვია რომელიმე ნორმატივი, ან კლიენტისთვის უარი გვეთქვა კანონიერ მომსახურებაზე და ამ დროს დაეყენებინათ დროებითი ადმინისტრაციის საკითხი. ვინაიდან „საქართველოს ბანკს“ ყოველთვის აქვს ჭარბი ვალუტა. არ არის მომგებიანი ნაღდი ფულის გაჩერება, ამიტომ მივმართეთ მას და სიხარულით დაგვთანხმდნენ.

 

გავაგზავნეთ ჯგუფი და დაიწყო საბუთების გამზადება. მაგრამ მოულოდნელად მოვიდა ბრძანება, რომ შეჩერდეს ნაღდი ფულის გაცემა. ჩვენ გავიკვირვეთ, მაგრამ ჯგუფს ვუთხარით დაბრუნებულიყო ბანკში. საბუთების გამოსატანად რომ მივიდნენ, უთხრეს, რომ გაძლევთო. გარკვეული დროის შემდეგ ისევ უარი უთხრეს. წამოსვლა რომ დააპირებს, ისევ დააბრუნეს უკან.

 

ანუ, რამდენჯერმე შეცვალეს პოზიცია?

- ძალიან მარტივი შეფასებაა: პირველად - გააჩერეს იმიტომ, რომ არ იცოდნენ რა ექნათ და მოილაპარაკეს რაღაცაზე. მეორედ - გააჩერეს პროცესის დროში გაწელვის მიზნით, სანამ სპეცრაზმი მოემზადებოდა, რომ მაშინ დაეჭირათ ფული ჩვენი რომ გახდებოდა. სწორედ იმ დროს მოხდა თავდასხმა, როცა შენობიდან ბოლომდე არ იყო გამოტანილი ფული. ძალიან სამწუხაროა ამის აღიარება, მაგრამ ყველაფერი მოხდა ეროვნული ბანკის, „საქართველოს ბანკის“ და სამართალდამცავების (ნუ დავარქმევთ დანაშაულებრივს) ამორალური ქმედების გამო. სასაცილოა, როცა ამას ეძლევა კვალიფიკაცია, რომ ეს იყო “შავი ფული”, მითუმეტეს, როცა ნაღდ ფულზეა ლაპარაკი. ფულის სტატუსი მისი ფერით კი არა, წარმომავლობით ფასდება. ჩვენ მოგვქონდა მწვანე დოლარები. თუ ეს “შავი” იყო, მან აგვირჩია, ჩვენ ხომ არ გვითხოვია, მაინცდამაინც ეს მოგვეციო?! მათ საცავში ბევრი აქვთ ასეთი ფული. „საქართველოს ბანკზე“ ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომ იქ ნაკლები ეჭვი გვაქვსო. რატომ აქვთ ნაკლები ეჭვი? მე რომ სოსისი მოგყიდო და მოგწამლოს, რომელი ვართ დამნაშავე?

 

თუ ეჭვი გაუჩნდათ, რომ „საქართველოს ბანკში“ მართლაც არის შავი ფული, ჯერ ეს უნდა დაეზუსტებინათ, ხოლო თუ დამტკიცდებოდა, რომ ჩვენ დანაშაულებრივად ვიყავით შეკრული და ვიცოდით, რომ შავი იყო... მაგრამ შავს რატომ წამოვიღებდით?! საერთოდ, სისულელეა ამაზე რომ ვსჯელობთ. მაგრამ ეს არის პოლიტიკური აქტი და ბანკებს შორი განსხვავება ის არის, რომ „ქართუ“-ს დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. ეს არის პოლიტიკური აქტი და ჩვენ გვაკრიტიკებენ თემის პოლიტიზირებაში.

 

გადარიცხვებში რომ ყოფილიყო ეჭვი, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ვინ გააკეთა ეს გადარიცხვები? ნიუ-იორკის „ტრანს კომპანიმ“ ჩვენი ანგარიშიდან გადარიცხა „სითი ბანკის“ ანგარიშზე „საქართველოს ბანკში“. თუ შავი ფული მუშაობს ეს ორი ბანკია პასუხისმგებელი.

 

ამაზე არ არის ეჭვები?

- არა, როგორ გეკადრებათ? ვის გაუბედავენ ამის თქმას? ევროში გადარიცხვები განხორციელდა „კომერცბანკის“ მიერ. მიმართონ მათაც. მისი წარმომადგენელი იყო ჩემთან და ვკითხე, რატომ მათ არავინ მოსთხოვა პასუხი, თუ ჩვენ შავი ფულით ვაწარმოებდით ოპერაციებს-მეთქი. მან მხრები აიჩეჩა და მწარედ გაიღიმა. მაგრამ ეს ხომ მათი პრესტიჟის საქმეცაა. ფული წაიღეს და 18 ოქტომბრის მერე ხმას არავინ არ იღებს. ეს არის ოპერაცია... არც კი ვიცი, როგორ დავარქვა.

 

შავი ფული!..

- ჰო, ეს არის ყაჩაღური თავდასხმა ბანკზე, აქედან გამომდინარე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე. ამას გარდა, როგორც იცით, დაძალებით მსხვილ ორგანიზაციებს, რომლებშიც წილში თვითონ ხელისუფლება იყო, თუ მართავდა,  გადაატანინეს 45 მილიონი. მაგრამ გატანები შეჩერდა. რამდენიმე დღეში მიხვდნენ, რომ ფინანსურად ჩვენ ვერ დაგვაზარალებდნენ, დამფუძნებელმა ორ კვირაში 20 მილიონი გადმორიცხა. საჭიროება რომ ყოფილიყო, უფრო მეტს გადმორიცხავდა.

 

ანუ, დამფუძნებელში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ...

- რა თქმა უნდა. ჩვენ სხვა დამფუძნებელი არ გვყავს.

 

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე ძალიან ბევრმა პარალელები გაავლო ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლებზე. გადმორიცხვებთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი რაიმე პროვოკაცია?

- გადმორიცხვებზე ვერაინაირი პრობლემები ვერ იქნება. მაშინ ისინი უნდა დაუპირისპირდნენ მსოფლიო საბანკო სისტემას.

 

არ ელოდით იმას, რაცსაქართველოს ბანკშიმოხდა, თუ რატომ თავიდანვე არ მიმართეთ გადმორიცხვების ოპერაციას?

- ჩვენ მაინც მოვითხოვდით ამას და, ბოლოს და ბოლოს, ეროვნული ბანკიდან წამოვიღებდით ამ თანხას. უარს თუ გვეტყოდნენ, სასამართლოში წავიდოდით. არაერთგზის ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს, მინიმუმ, გააკეთოს განცხადება, რომ ეს არ არის “შავი ფული” და მოუწოდოს სამართალდამცავებს, აღადგინონ სამართლიანობა.

 

ქადაგიძის პოზიციამ ბევრი პოლიტიკოსი აღაშფოთა და მასიდიოტიცუწოდეს. თქვენ როგორ შეაფასებდით მის საქციელს?

- მე ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკისთვის ეს არის რბილად რომ ვთქვათ, უპრეცენდენტოდ სასირცხვილო ქმედება. თუმცა, უარყოფითი შეფასების საფუძველი გაცილებით შორს მიდის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქადაგიძის მოფიქრებული არ არის და ქვეყანაში ეროვნული ბანკი რომ ამ დონეზე მართვადია, ის ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს წევრად არ უნდა ითვლებოდეს, ეროვული ბანკის, როგორც ბანკთაბანკის, უშუალო მოვალეობაა საბანკო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა, ის კი საკუთარ შვილებს დაერია.

 

ინტერვიუს მეორე ნაწილში ნოდარ ჯავახიშვილი ასევე ბევრ საინტერესო დეტალზე საუბრობს, მათ შორის - როგორია საერთაშორისო საბანკო ორგანიზაციების პოზიცია და დიპლომატიური კორპუსის გამოხმაურება, რა შანსები აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და რა ახალი კანონი შედის ორშაბათიდან ძალაში, რომელიც ასევე ბანკების შევიწროვებას გამოიწვევს. თუმცა, „ქართუ ბანკისპრეზიდენტს სხვა ბანკების სიჩუმე აფიქრებინებს, რომ ეს სანქციებიც მხოლოდ ქართუ ბანკის წინააღმდეგ არის მიმართული.