კავკასია და გეოპოლიტიკა (VIDEO)

კავკასია და გეოპოლიტიკა (VIDEO)

კავკასია ევროპისა და აზიის შესაყართან მდებარე გეოგრაფიული რეგიონია. მის საზღვრებად დასავლეთით შავი და აზოვის ზღვები, აღმოსავლეთით კასპიის ზღვა, ჩრდილოეთით კუმა-მანიჩის ღრმული, ხოლო სამხრეთით საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრები მოიაზრება. მთიანმა გეოგრაფიამ საშუალება მისცა რეგიონის მრავალრიცხოვან ხალხებს საუკუნეების მანძილზე შეენარჩუნებინათ საკუთარი იდენტობა.

დიდი კავკასიონის ქედი კავკასიას ორ - ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებად ყოფს. ჩრდილო კავკასია ე.წ. დიდი სტეპის განაპირა სასაზღრო ნაწილს წარმოადგენს (ევრაზიული სტეპები, დეშთ-ი-ყიფჩაღი), რომელიც მილიონობით კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული დუნაის შესართავიდან სირდარიის ქვემო წელამდე და ბალხაშის ტბამდე (რუკები: ფიზიკური ევრაზიის, ზედ ედება დეშთ-ი-ყიფჩაღი, ოქროს ურდო, რუსეთის იმპერია, სსრკ).

უძველესი დროიდან ამ ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ ირანული, თურქული, უნგრო-ფინური, სლავური და მონგოლური წარმომავლობის ხალხები, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ მეზობლებს. უკიდეგანო ტრამალი და მეურნეობის მომთაბარე ტიპი განაპირობებს პოლიტიკურ სურათსაც: მდინარეების გასწვრივ დროდადრო წარმოშობილი სახელმწიფოები მომთაბარეთა თარეშის გამო მდგრადობის დაბალი ხარისხით ხასიათდებიან.

პირველად მეტ-ნაკლებად მდგრადი სახელმწიფო მომთაბარეთა ეგიდით იქმნება.  ესაა ჩინგიზ-ხანის ოქროს ურდო. თემურ ლენგის მიერ ოქროს ურდოს დამარცხებისა და მისი ქალაქების ტოტალური განადგურების შემდეგ, ახალი ერის დასაწყისისთვის, ამ ტერიტორიების პოლიტიკური ცენტრი ჩრდილოეთით ინაცვლებს. თათარ-მონგოლთა ბატონობას მოსკოვის სახელმწიფო ცვლის.

სამხრეთ  კავკასია – ცალკე გეოპოლიტიკური რეგიონია. როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ბუნებრივი რგოლი, იგი წარმოადგენს უძველესი სავაჭრო არტერიების გზაჯვარედინს. პარალელურად იგი საუკუნეების განმავლობაში თამაშობდა ერთგვარი ბუფერის როლს ცივილიზებულ სამხრეთსა და დიდი სტეპის მოთაბარეებს შორის. სწორედ ეს ორი ფუნქცია ქმნიდა აქ წარმოშობილი სახელმწიფოების არსებობის გეოპოლიტიკურ საფუძველს და განაპირობებდა რეგიონისადმი მისი მეზობელი იმპერიების ინტერესს.

ახალი ერის დასაწყისისთვის რეგიონზე პრეტენზიას აცხადებენ სეფიანთა ირანი და ოსმალეთის იმპერია. ორ იმპერიას შორის არსებული წინააღმდეგობები XVI საუკუნის დასაწყისიდან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა. ომებმა სხვადასხვა ინტერვალებითა და ინტენსივობით საუკუნეზე მეტ ხანს გასტანა. საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა და მათში რეგიონის სახელმწიფოებიც იყვნენ ჩართული.

ამ პერიოდიდან, XVI საუკუნის 80-იან წლებიდან, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ რუკაზე შემოდის ახალი ძლიერი მოთამაშე, რომელიც მომვალში ძირეულად შეცვლის გეოპოლიტკურ გარემოს. ესაა ახალგაზრდა, მზარდი და ამბიციური მოსკოვის სახელმწიფო. მას საკუთარი სტრატეგიული ინტერესები გააჩნია, რომელთა იდეოლოგიური ბაზისი „მესამე რომის“ დოქტრინაშია ჩამოყალიბებული.

მოსკოვის სახელმწიფოს გააქტიურებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია პოლიტიკურ ძალთა ორიენტაციის თვალსაზრისით.

კავკასია, რომელიც ეთნიკურად და პოლიტიკურად უაღრესად ჭრელ კონგლომერატს წარმოადგენდა, კიდევ უფრო დაიხლიჩა. ცალკეულ სახელმწიფოებს და მათ შიგნით არსებულ პოლიტიკურ დასებს გაუჩნდათ განსხვავებული საგარეო ორიენტაცია. ყოველივე ამან კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა რეგიონის პოლიტიკურ-დიპლომატიური სპექტრი.

მთაგორიანი რელიეფი და იმპერიული ცენტრებიდან გეოგრაფიული დაშორება განაპირობებს იმ გარემოებას, რომ რომელიმე ერთ სახელმწიფოს უჭირს აქ დომინირება და ძალაუფლების ადგილობრივი წყაროების მოსპობა.

ერთის მხრივ, ძალის ცენტრების: რუსეთის იმპერიის, ბრწყინვალე პორტასა და ირანის ურთიერთდაპირისპირება და ბრძოლა რეგიონზე კონტროლის დამყარებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი ელიტების სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ განსაზღვრავენ პოლიტიკურ გარემოს და იმ უნიკალურ გეოპოლიტიკურ სურათს, რომელიც აქ ჩამოყალიბდა.

ჩვეულებრივ, ანალოგიურ შემთხვევებში, დიდ სახელმწიფოებს შორის ყალიბდება მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ბუფერული ზონა, სადაც, როგორც წესი, საზღვრიდან დაცილების კვალდაკვალ შესაბამისად კლებულობს ერთი ქვეყნის გავლენა და მატულობს მეორესი. სულ სხვა სურათია კავკასიაში. აქ ყოველი ზესახელმწიფო უშუალოდ ესაზღვრება არა საკუთარ, არამედ თავისი მოწინააღმდეგის გავლენის სფეროს, და მხოლოდ გეოგრაფიულად ამ სფეროს მიღმა ავრცელებს საკუთარ გავლენას. ასე მაგალითად, რუსეთის გავლენის არეალს, საქართველო და სომხეთი - და საკუთრივ რუსეთის სახელმწიფოს შორის მდებარეობს ტერიტორია, რომელზეც ოსმალური და ირანული გავლენა პრევალირებს. აზერბაიჯანული სახანოები გაცილებით მეტ სწრაფვას ამჟღავნებენ ოსმალეთისკენ, ვიდრე ერთმორწმუნე შიიტური ირანისკენ.

რეგიონულ ზესახელმწიფოებს რუსეთს, ოსმალეთსა და ირანს შორის არსებული წინააღმდეგობები XVIII-XIX საუკუნეებში ირან-თურქეთის, რუსეთ-სპარსეთისა და რუსეთ-თურქეთის მრავალრიცხოვან ომებში გადაიზარდა, რომელთა დროს სამხედრო მოქმედებები სამხრეთ კავკასიაშიც მიმდინარეობდა.

თითქმის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პარალელურად მიმდინარეობს კავკასიის დიდი ომი – რუსეთის იმპერიის საბრძოლო მოქმედებები კავკასიის მთიელ ხალხთა წინააღმდეგ, რომელიც ზოგიერთი მათგანისთვის ეროვნული კატასტროფით დასრულდა.

ომებს მოყვა ხალხთა დიდი მიგრაცია, რამაც კიდევ უფრო შეცვალა დემოგრაფიული სურათი რეგიონში და დაძაბულობის ახალი ფაქტორები გააჩინა.

საბოლოო ჯამში გამარჯვება დარჩა რუსეთის იმპერიას, რომელიც XX საუკუნის დასაწყისისთვის და, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირად მოდერნიზების შემდეგ რეგიონში ერთადერთ ჰეგემონად მოგვევლინა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

რუსეთი რეგიონში „დაყავი და იბატონე“-ს პოლიტიკას ატარებს და ყველანაირად უწყობს ხელს აქ წარმოშობილი წინააღმდეგობების გაღრმავებას. 1905-06 წლების სომეხთ-თათართა (მაშინ ასე უწოდებდნენ აზერბაიჯანლებს) ხოცვა-ჟლეტა ამის საუკეთესო მაგალითია. სწორედ რუსეთის იმპერიის მიერ გაღვივებული წინააღმდეგობები გახდა ერთ-ერთი მიზეზი XX საუკუნის 10 წლების ბოლოს რუსული რევოლუციის შედეგად სამხრეთ კავკასიაში წარმოშობილი სახელმწიფოების მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვისა.

განმარტება:

ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“